მეორე წრეზე - კვირის პალიტრა

მეორე წრეზე

31-ე ბატალიონი ქუთაისიდან ავღანეთში უკვე მეორედ მიემგზავრება

ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში, 749 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით მორიგი ქართული ბატალიონი გაიგზავნა. მან უნდა ჩაანაცვლოს მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონი, რომელიც ავღანეთში ა/წლის აპრილიდან იმყოფება.

თავის დროზე, 2011 წლის აპრილში, 33-ე ბატალიონმა 32-ე ბატალიონი ჩაანაცვლა, რომელიც ავღანეთში 2010 წლის ნოემბერში გაიგზავნა და იქ 2010 წლის აპრილიდან მყოფი 31-ე ბატალიონი შეცვალა.

ამ დღეებში ავღანეთში ისევ სწორედ 31-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა გაიგზავნა - როტაციის მეორე წრე დაიწყო. კარგია, თუ ამ ბატალიონის წევრთა უმრავლესობა ავღანეთში ნამყოფია - მათ იქაურ პრობლემებთან გამკლავება გაუადვილდებათ; თუკი ავღანეთში ქართველ სამხედროთა დაჭრისა თუ დაღუპვის შემთხვევებს გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს ფაქტები, ძირითადად, მათი  ჩასვლისთანავე ხდებოდა. პირველი გარდაცვლილი სწორედ 31-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობიდან იყო. იყვნენ დაჭრილებიც.

ავღანეთში მეორედ გამგზავრების წინ ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ვაზიანსა  და კრწანისის სასწავლო ცენტრში სპეციალური მომზადება გაიარა, რის შემდეგ გერმანიის ქალაქ ჰოპენფელსში გაემგზავრა. იქ ქართული ბატალიონები, ამერიკელი სამხედროები და ავღანეთში გასაგზავნი ISAF-ის წევრი ქვეყნების დანაყოფები სპეციალურ მომზადებას გადიან აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში.

31-ე ბატალიონს მომზადება არ აკლია და ავღანური გამოცდილებაც აქვს (თუკი პირველი ავღანური ეპოპეის შემდეგ ბატალიონის პირადი შემადგენლობა დიდად არ შეიცვალა), ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ამჯერად ისინი სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდებიან.

ისე, რაც მალე დამთავრდება ავღანური მივლინებები, მით ნაკლები სანერვიულო გვექნება, თუმცა, როგორც ჩანს, სანერვიულო ჯერ კიდევ წინაა, რადგან საქართველოს ხელისუფლება 2012 წლის დასაწყისისათვის ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის რიცხოვნობის თითქმის 2 ათასამდე გაზრდას ვარაუდობს...