კადაფი მკვდარია, გეშინოდეთ მისი "სტრელების"... - კვირის პალიტრა

კადაფი მკვდარია, გეშინოდეთ მისი "სტრელების"...

"მიუხედავად იმისა, რომ კადაფის რეჟიმს თავად NATO უპირისპირდებოდა, ლიბიელმა პოლკოვნიკმა ნახევარი წელი შეძლო ტრიპოლის შენარჩუნება, თუმცა მისი დაცემის შემდეგაც იგი, სავარაუდოდ, ფარ-ხმალს არ დაყრის და ბრძოლას მშობლიურ ქალაქ სირტში გააგრძელებს, თუ, რა თქმა უნდა, ფიზიკურად არ გაანადგურეს", - ეს არის ამონარიდი 29 აგვისტოს "კვირის პალიტრის" სტატიიდან "კადაფის დამხობამ  NATO-ს სახე შეუნარჩუნა". როგორც ხედავთ, ჩვენი ვარაუდი გამართლდა - ტრიპოლის დაცემის შემდეგ პოლკოვნიკი კადაფი საზღვარგარეთ არ გაქცეულა, მან მშობლიურ ქალაქ სირტში სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლა...

კადაფი მკვდარია, მისი რეჟიმი - დამხობილი! დასავლეთი ლიბიის ნავთობს ინაწილებს, თუმცა მთავარი საფრთხე კადაფის დანატოვრის სახით ჯერ კიდევ წინაა და მან შეიძლება ტრაგიკული შედეგი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მოიტანოს.

საქმე ის არის, რომ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ აჯანყებულებმა მისი სასახლეების გარდა ლიბიის არმიის საწყობებიც გაძარცვეს. ათიათასობით გატაცებული "კალაშნიკოვი" მართლაც საშიშია, თუმცა არც ისე, რადგან ცეცხლსასროლი იარაღი ისედაც არ აკლიათ ლიბიის მომთაბარე ტომებს.

ბევრად უფრო სახიფათოა ლიბიის არმიის საწყობებიდან დაკარგული ათასობით გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ძირითადად, საბჭოთა წარმოების Стрела-2М-ები.

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, იტალიელმა ადმირალმა ჯამპაოლო დი პაოლამ გერმანიაში, ბუნდესტაგის გასაიდუმლოებულ სხდომაზე არ დამალა, რომ ლიბიაში ომის დროს საწყობებიდან დატაცებული ათასობით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამგზავრო თვითმფრინავებს.

დასავლელი ექსპერტების დათვლით, პოლკოვნიკ კადაფის ოცი ათასამდე ასეთი კომპლექსი ჰქონდა, ძირითადად, საბჭოთა ან ბულგარული წარმოების "სტრელები".

სავარაუდოდ, ამ რაოდენობაში იგულისხმება არა მარტო გასაშვები მოწყობილობა, არამედ თავად რაკეტებიც. თითოეულ გასაშვებ მოწყობილობას ორი რაკეტა მოჰყვება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაზვერვა დღემდე ვერ პოულობს ათი ათასამდე ლიბიურ გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს და არცთუ უსაფუძვლო ეჭვი აქვს, რომ მათი დიდი ნაწილი უკვე ლიბიის საზღვრებს გარეთ არის გატანილი.  შესაძლოა, ისინი "ალ-ქაიდას" შეიარაღებაშიც კი მოხვდა.

ლიბიის ეროვნულ დროებით საბჭოს აშშ-მა უკვე გამოუყო 30 მლნ დოლარი გატაცებული საბჭოთა "სტრელების" მოსაძებნად და გასანადგურებლად. რამდენიმე დღის წინ ტრიპოლში ჩასული აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ლიბიელებს კიდევ 10 მლნ დოლარის დამატებას დაჰპირდა "სტრელების" მოსაძებნად.

საერთაშორისო საფრთხის სერიოზულობაზე ისიც მეტყველებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში თავად რუსეთმა შეიტანა რეზოლუციის პროექტი, რათა გატაცებული ლიბიური საზენიტო რაკეტები მსოფლიოში არ გავრცელდეს.

საბჭოთა წარმოების გადასატანი სითბური დამიზნების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი  Стрела-2М-ი გათვლილია 0,2-4,2კმ-ის სიშორესა და 2,8კმ-ის სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ჩამოსაგდებად. თავად კომპლექსი 15კგ-მდე იწონის, მისი სიგრძე მხოლოდ 1,5მ-ია, რაც მარტოხელა ტერორისტსაც კი აძლევს საშუალებას, საზენიტო რაკეტით დააზიანოს მსოფლიოს რომელიმე აეროპორტიდან აფრენილი (ან დასაჯდომად გამზადებული) სამგზავრო ლაინერი...