ივანიშვილი - წინდახედული პილოტი - კვირის პალიტრა

ივანიშვილი - წინდახედული პილოტი

ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა უსაფრთხოების ულტრათანამედროვე აპარატურა დაამონტაჟა საკუთარ შვეულმფრენებზე, რომლებსაც თავადვე მართავს...

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ულტრათანამედროვე ანტისაზენიტო  სისტემებით აღჭურვილი შვეულმფრენები: ფრანგული ЕС-145  სოლოლაკის რეზიდენციის შვეულდრომზე (ზემოთ) და რუსული МИ-171

ამ სტატიის დაწერა სამიოდე წლის წინაც შეგვეძლო, როდესაც ქართულ ცაში პირველად გამოჩნდა ისეთი ულტრათანამედროვე დამცავი აპარატურით აღჭურვილი შვეულმფრენები, როგორიც დღემდე ბევრი წამყვანი ქვეყნის პრეზიდენტის შვეულმფრენებსაც კი არ უყენია.

თუმცა მაშინ თავი შევიკავეთ, რადგან მანამდე ორ სტატიაში იდუმალებით მოცული ქართველი ბიზნესმენის - ბიძინა ივანიშვილის სახელის გაკვრით ხსენების გამო (თუ როგორ ეხმარებოდა იგი ქართულ არმიას) დიდი უსიამოვნება შეგვხვდა, როგორც "ქართუ ჯგუფის", ასევე იმდროინდელი თავდაცვის მინისტრისაგან... ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, მისი სახელი აღარ გვეხსენებინა - არც დადებით და არც უარყოფით კონტექსტში, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ბატონმა ბიძინამ ინტერვიუში განაცხადა: "მათგან ყველაფერია მოსალოდნელი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მესროლონ. ამას ვაცნობიერებ და ფრთხილად ვარ." ცხადია, ბიზნესმენი ილუზიებით არ ცხოვრობს და უსაფრთხოების ზომებს იღებს. ქვემოთ სწორედ ამ საკითხზე გვინდა ვისაუბროთ.

ჯერ კიდევ სამი წლის წინ ყველა დაინტერესებული და საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედული ადამიანი შენიშნავდა, რომ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მართლაც სერიოზულად ფიქრობს საკუთარ უსაფრთხოებაზე - მან თავის ორ შვეულმფრენზე იმ დროისთვის ულტრათანამედროვე ელექტროოპტიკური მოწყობილებები დააყენა, რომლებსაც შვეულმფრენისკენ გაშვებული "მიწა-ჰაერი" კლასის საზენიტო რაკეტების სტარტის აღმოჩენა და კონტრზომების მიღება შეუძლია (როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს აქვს შვეულმფრენის მართვის სპეციალური სერტიფიკატი და საფრენ აპარატებს თავად მართავს).

KvirisPalitra.Geივანიშვილის საშვეულმფრენო "ესკადრილიაში" სამი შვეულმფრენი ირიცხებოდა - "ევროკოპტერის" EC-145, EC-350 და МИ-171 ტიპის "სალონი".

გასული წლის ზაფხულში შეწამვლითი სამუშაოების დროს პატარაEC-350-მა დასავლეთ საქართველოში ავარია განიცადა. რაც შეეხება EC-145-სა  და МИ-171-ს, მათი სალონები ძალიან კომფორტულია, განსაკუთრებით - МИ-171-ის. თავის დროზე ალექსეევკაში მომუშავე ავიაციის სპეციალისტები იმაზეც კი დაობდნენ, რომელი შვეულმფრენის სალონი იყო უფრო კომფორტული - ბადრი პატარკაციშვილის ვბ-8ვნ-ის თუ ბიძინა ივანიშვილის МИ-171-ის.

ბიზნესმენმა ივანიშვილმა EC-145-სა და МИ-171-ზე დაამონტაჟა სპეციალური აპარატურა, რომელიც აფიქსირებს "სტრელას", "იგლასა" თუ "სტინგერის" სტარტს მათი სარაკეტო ძრავებიდან გამოტყორცნილი მაღალი ტემპერატურის აირებით. პილოტი ხელსაწყოს დაფაზე ხედავს გაშვებული რაკეტის აზიმუტსა და მანძილს, რის შემდეგაც შვეულმფრენებზე დაყენებული მოწყობილობებიდან გამოიტყორცნება პატარა რაკეტები, რომლებიც დიდი სიმხურვალის გამოყოფით იწვის და თავისკენ იზიდავს საზენიტო რაკეტის სითბური დამიზნების სისტემას. ასეთი თანამედროვე ანტისაზენიტო საშუალებები ძირითადად მხოლოდ წამყვანი ქვეყნების პირველი პირების შვეულმფრენებსა და თვითმფრინავებზეა დამონტაჟებული.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა, როცა თავის ორ შვეულმფრენზე ანტისარაკეტო სისტემების დამონტაჟება გადაწყვიტა, ოთხი კომპლექტი შეიძინა (ეს სისტემა, სავარაუდოდ, ისრაელის წარმოებისაა და როგორც ამბობენ, ერთი კომპლექტის დამონტაჟების ფასი მილიონ დოლარს აღწევს): ორი თავისთვის, ორიც - საქართველოს პრეზიდენტის შვეულმფრენებისთვის. ამის გადამოწმება სპეციალისტებისთვის არც ისე ძნელია, რადგან სატელევიზიო კადრებში საპრეზიდენტო შვეულმფრენზე (როგორც ფრანგულ ЕС-155В-ზე, ისე რუსულ Ми-8МТВ-ზე) კარგად ჩანს ამ სისტემის ელემენტები.

ბიძინა ივანიშვილი თავად აცხადებს, რომ მშობლიური ჭორვილიდან ბოლო წლებში იშვიათად გადიოდა. მართლაც, მისი შვეულმფრენები, რომელთაც ხშირად თავად მართავს, ძირითადად ჭორვილა-თბილისი, ჭორვილა-ურეკის მიმართულებით დაფრინავდა.

შვეულმფრენებზე ძვირად ღირებული თავდაცვის საშუალებების სამი წლის წინ დამონტაჟება ცხადყოფს, რომ ბიზნესმენი მაშინვე აცნობიერებდა იმ  საფრთხეს, რაც მას ხელისუფლებისგან ადრე თუ გვიან დაემუქრებოდა.