მონაწილეობდა თუ არა გენერალი ლებედი 9 აპრილს მომიტინგეთა დარბევაში? - კვირის პალიტრა

მონაწილეობდა თუ არა გენერალი ლებედი 9 აპრილს მომიტინგეთა დარბევაში?

ბოლო დღეებში ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, როგორ აფინანსებდა ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი რუს გენერალ ალექსანდრე ლებედს. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სწორედ ლებედი ხელმძღვანელობდა 1989 წლის 9 აპრილის დილას თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე მშვიდობიანი მიტინგის დარბევას, რასაც 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თავიანთი ნათქვამის დასასაბუთებლად კი გენერალ ლებედის ავტობიოგრაფიული წიგნის "За державу обидно"-ს ერთ-ერთი თავი "Тбилисская смута" მოჰყავთ.

ეს წიგნი წაკითხული კი გვქონდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ყურადღებით გადავიკითხეთ თავი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს ეხება და საინტერესო რამ აღმოვაჩინეთ.

იმ პერიოდში პოლკოვნიკი ალექსანდრე ლებედი ქ. ტულაში დისლოცირებული 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მეთაური იყო. წიგნში იგი აღწერს, თუ როგორ მიიღო ბრძანება დივიზიის ძირითადი ნაწილისა და შეიარაღების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით ტულიდან თბილისში გაგზავნის შესახებ.

მისი მონათხრობით ირკვევა, რომ დივიზიაში განგაში 8 აპრილს გამოცხადდა და სამი პოლკი სატრანსპორტო თვითმფრინავებით თბილისის ერთ-ერთ აეროდრომზე გადაიყვანეს, საიდანაც ისინი მანქანებით თბილისისკენ დაიძრნენ; ამასთან, წიგნის ავტორი აზუსტებს, რომ ეს მოხდა 9-დან 10 აპრილის ღამეს...

თუ ლებედი არ ტყუის და მისი დივიზია თბილისში მართლა 9 აპრილის ღამეს შემოვიდა, ის რუსთაველზე 9 აპრილს გამთენიისას მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ გენერალი ამას არც დამალავდა, რადგან დაწვრილებით ჰყვება, რა როლი შეასრულა 1990 წლის იანვარში ბაქოში განვითარებულ მოვლენებსა და 1991 წლის აგვისტოს პუტჩში.

ჩვენ არც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატად გამოვდგებით და მით უმეტეს, არც გენერალ ლებედისა, თუმცა სიმართლის დადგენა, ჩვენი აზრით, უმთავრესია.

გენერალ-მაიორი ალექსანდრე ლებედი 1989 წლის 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციის მეთაური ვერ იქნებოდა, რადგან იგი იმ დროს გენერალ-მაიორიც კი არ იყო და მხოლოდ ერთ-ერთ დივიზიას მეთაურობდა, კრემლმა კი მაშინ თბილისში სამი საჰაერო-სადესანტო დივიზია გადმოისროლა...

P.S. წიგნის ამ თავში გენერალი ლებედი იმასაც იხსენებს, როგორ ჩამოფრინდა მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე თბილისში და როგორ იცავდნენ მისი მედესანტეები შევარდნაძის სახლს ვაკეში, მრგვალ ბაღთან.

სხვათა შორის, თუ ლებედს დავუჯერებთ, მრგვალი ბაღი მას გადაურჩენია განადგურებას, რადგან ქართველ პარტიულ მუშაკებსა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მაღალჩინოსნებს მისი მედესანტეებისთვის სანგრების ამოთხრა სწორედ მრგვალ ბაღში მოუთხოვიათ, რაზეც ლებედს სასტიკი უარი განუცხადებია.