ირანი საჰაერო შეტევების მოსაგერიებლად ემზადება - კვირის პალიტრა

ირანი საჰაერო შეტევების მოსაგერიებლად ემზადება

ირანზე პრევენციული საჰაერო დარტყმების თემა აქტუალობას არ კარგავს.მიუხედავად იმისა, რომ გაერომ 2010 წლის ივნისში სპეციალური რეზოლუცია მიიღო ირანისთვის შემტევი შეიარაღების მიყიდვის აკრძალვაზე, რიგი სახელმწიფოები და მათ შორის -  რუსეთი, მაინც აგრძელებენ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას თეირანთან.

ბოლო ინფორმაციით, რუსეთმა ირანს მიჰყიდა რადიოელექტრონული ბრძოლის მობილური საშუალებები -

1Л222 Автобаза.

ის არც სარაკეტო დანადგარია და არც საარტილერიო, ამიტომაც არ ხვდება გაეროს რეზოლუციით აკრძალული შეიარაღების ნუსხაში, მაგრამ მისი სწორად და ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში ირანის საჰაერო სივრცის დაცვა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

სატვირთო "ურალზე" დამონტაჟებულ რადიოელექტრონული დაზვერვის სადგურს 150 კმ მანძილზე შეუძლია აღმოაჩინოს მოწინააღმდეგის საფრენი აპარატის რადიოელექტრონული გამოსხივება, მათ შორის, თვითმფრინავების გვერდითი ხედვის იმპულსური საბორტე რადიოლოკატორები, ასევე "ჰაერი-მიწა" კლასის რაკეტების მართვისა და დაბალ სიმაღლეზე ფრენის რადიოლოკატორების მუშაობა.

საბრძოლო თვითმფრინავისა თუ შვეულმფრენის რადიოსისტემები მუდმივად გამოასხივებს სხვადასხვა დიაპაზონის რადიოტალღებს, რომელთაც რუსული "ავტობაზა" ავტომატურ რეჟიმში დააფიქსირებს და მართვის პუნქტს გადასცემს საფრენი აპარატების კოორდინატებს.

თავად "ავტობაზა" პასიურ რეჟიმში მუშაობს, ანუ ის არ ასხივებს რადიოტალღებს, რაც ართულებს მის აღმოჩენასა და ანტისარადარო რაკეტით დაზიანებას (მაგალითად, ისე, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომში "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის რაკეტებით რუსულმა ავიაციამ რამდენიმე ქართული რადიოლოკატორი ააფეთქა).