რუსული ტანკები ოკუპირებული აფხაზეთისთვის - კვირის პალიტრა

რუსული ტანკები ოკუპირებული აფხაზეთისთვის

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქი ახალ შეიარაღებას იღებს და ოკუპირებულ აფხაზეთში შედარებით თანამედროვე Т-90А ტიპის ტანკები შეჰყავს...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს არმიის გადაიარაღების პროგრამას და ახალი საბრძოლო ტექნიკა შეჰყავს სამხრეთ სამხედრო ოლქის ბაზებში.

ჩრდილო ოსეთსა და ვოლგოგრადის ოლქში მოტომსროლელმა ბრიგადებმა, ხოლო ჩეჩნეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში - სატანკო ბატალიონებმა შეიარაღებაში მიიღეს შედარებით თანამედროვე Т-90А ტიპის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები БМП-3 და ჯავშანტრანსპორტიორები БТР-82А.

ინტერნეტში (palitratv.ge) გამოჩნდა საკმაოდ საინტერესო ვიდეომასალა. ქ. სოჭის რკინიგზის მონაკვეთზე გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ მიემართება ოკუპირებული აფხაზეთისკენ სარკინიგზო ეშელონი, რომელსაც ყოველგვარი შენიღბვის გარეშე გადააქვს ახალი საბრძოლო ტექნიკა. სარკინიგზო ეშელონის ღია პლატფორმებზე დგას 21 ცალი Т-90А ტიპის ტანკი, ექვსი 152მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი 2Ц3 Акация, ერთი სამეთაურო-საშტაბო მანქანა Кушетка-Б (ჯავშანტრანსპორტიორ БТР-80 -ის ბაზაზე), საარტილერიო ცეცხლის მართვის სამი მსუბუქი ჯავშანტრანსპორტიორი МТЛБу, ოთხი სატვირთო "კამაზი" და ორი "ურალი" (მათგან ერთი ავტოცისტერნაა, მეორეზე კი საველე სასადილოა გამობმული).

ის ფაქტი, რომ სარკინიგზო ეშელონი რუსეთის ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დღისით და თანაც, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე შევიდა, ორ რამეზე მიუთითებს - კრემლი დემონსტრაციულად გზავნის საბრძოლო ტექნიკას მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რითაც ცდილობს, ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს  ოფიციალურ თბილისზე და რუსეთის ხელისუფლება არაფრად მიიჩნევს დასავლეთსა და "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ" ხელშეკრულებას...

შემოყვანილი საბრძოლო ტექნიკიდან ყველაზე მეტ ყურადღებას Т-90А ტიპის ტანკები იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მოძველებული Т-72 -ის მეჩვიდმეტე თუ მეცხრამეტე მოდიფიკაცია, აღჭურვილია Штора-2 ტიპის ოპტიკურ-ელექტრონული ჩახშობის სისტემით. ეს სისტემა მაღალსიხშირიანი ელექტრომაგნიტური ტალღების გამოსხივებით ახშობს კაბელების გარეშე მართვადი (მათ შორის - ლაზერული სხივით) ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების დამიზნების სისტემას და განკუთვნილია ამერიკული და ევროპული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების "თოუს", "ჰოტის", "მილანის", "მავერიკის", "ჰელფაიერის" და სხვების გასანეიტრალებლად.

რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ ქართულმა არმიამ უკრაინაში შეისყიდა Скиф-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსები, რომელთა რაკეტის დამიზნება სწორედ ლაზერის სხივით ხდება. თუ ეს მართლაც ასეა, ქართველმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატანილ რუსულ Т-90А ტიპის ტანკებზე ოპტიკურ-ელექტრონული ჩახშობის სისტემის Штора-2-ის არსებობის ფაქტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.