რა მოგვიტანა 7 აგვისტოს ზალპურმა ცეცხლმა... - კვირის პალიტრა

რა მოგვიტანა 7 აგვისტოს ზალპურმა ცეცხლმა...

ბევრს ეხსომება 2008 წლის 7 აგვისტოს ღამის საარტილერიო ზალპი, რომელიც "რუსთავი-2"-მა პირდაპირ ეთერში აჩვენა...

სწორედ ეს ღამეული ზალპი იქცა მთავარ რუსულ ბრალდებად - ქართველებმა მძინარე მშვიდობიან ცხინვალს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნესო და ამის დასამტკიცებლად ისევ ქართული ტელევიზიების გავრცელებული კადრები გამოიყენეს.

როგორც თავის მემუარებში აშშ-ის ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი იხსენებს, 8 აგვისტოს პეკინში, ოლიმპიადის გახსნაზე ყოფნისას, ის ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს და აღელვებული მედვედევი, თურმე, ყურმილში  ჩასძახოდა - ქართველებმა მძინარე ცხინვალს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს და 1500-მდე მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპაო...

რა მოგვიტანა 7 აგვისტოს ღამეს გახსნილმა საარტილერიო ცეცხლმა?

პირველ ყოვლისა - წავაგეთ საინფორმაციო ომი საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველივე წუთებში.

ამ სტატიის ავტორი მაშინ გორთან იმყოფებოდა და თავისი თვალით ნახა, როგორ გაანათა ღამის ცა უამრავმა რაკეტამ, რომლებიც ჩრდილოეთით, ცხინვალის მიმართულებით გაფრინდა. მაშინ ჩემი პირველივე რეაქცია (წინა ომებში მიღებული გამოცდილებით გამოწვეული) იყო, რომ დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი, რაც კარგს არაფერს გვიქადდა, თუმცა იქვე მყოფმა პროსახელმწიფო ტელევიზიების ჟურნალისტებმა ჩემს ნათქვამზე მხოლოდ ჩაიცინეს - თქვენ აფხაზეთის ომით შეშინებულები ხართ, ნახეთ, რასაც ვუზამთო(!).

მართალია, ომი იმ საარტილერიო ზალპს არ დაუწყია, რადგან მანამდე ოსური მხარე ინტენსიურად  ბომბავდა ქართულ სოფლებს (მათ შორის - მსხვილკალიბრიანი საარტილერიო დანადგარებიდანაც), მაგრამ მათთვის უმართავი რაკეტების ზალპით პასუხის გაცემა და თანაც ყოველივეს ტელევიზიით ჩვენება უზარმაზარი პოლიტიკური და ამასთანავე, სამხედრო შეცდომაც გახლდათ.

ომამდე "კვირის პალიტრასა" და "არსენალში" არაერთხელ დაგვიწერია, რომ ქართული სოფლებისთვის რაც უნდა ინტენსიური ცეცხლი გაეხსნათ, საპასუხოდ  ცხინვალის დაბომბვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, რადგან იქ ჩასაფრებული რუსული ტელევიზიები მსოფლიოს მოსდებდნენ, როგორ ბომბავდა ქართული მხარე მშვიდობიან ქალაქს, ეს კი საინფორმაციო ომში ჩვენს დამარცხებას გამოიწვევდა. სამწუხაროდ, ასეც მოხდა, რასაც დაემატა ქართული ტელევიზიების მიერ გავრცელებული ღამის საარტილერიო ზალპის კადრები, რომლებიც რუსულმა და მსოფლიო მასმედიამ აიტაცა.

ზალპური ცეცხლის გახსნა სამხედრო თვალსაზრისითაც ნაკლებეფექტური იყო, რადგან Град-ის, RM-70-ისა თუ Lar-160-ის უმართავი რაკეტები დიდი სიზუსტით  არ გამოირჩევა  და მათი ზალპით ძნელი იქნებოდა ცხინვალში განთავსებული იმ საცეცხლე წერტილების ჩახშობა, საიდანაც ქართულ  სოფლებს ესროდნენ.

7 აგვისტოს საარტილერიო ზალპმა და ტელევიზიებით მისმა ჩვენებამ ქართულ მხარეს სამხედრო უპირატესობა ვერ მოუტანა,  მოსკოვმა კი მნიშვნელოვანი საინფორმაციო დარტყმა მოგვაყენა - კრემლმა საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან რამდენიმე საათში მთელ მსოფლიოს მოსდო, რომ ქართული არტილერიის ცეცხლს ცხინვალში 1500-მდე მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა (რაც, რა თქმა უნდა, სრული სიცრუე იყო), რამაც დასავლელ პოლიტიკოსებს და შეიძლება, პრეზიდენტ ბუშსაც აღარ მისცა საშუალება, მოსკოვისთვის უფრო მკაცრად  მოეთხოვა, შეეჩერებინა საქართველოში როკის გვირაბით ჯავშანკოლონების შემოყვანა...