ისრაელი ირანზე სარაკეტო დარტყმისთვის ემზადება? - კვირის პალიტრა

ისრაელი ირანზე სარაკეტო დარტყმისთვის ემზადება?

ბოლო დღეებში ისრაელის შესახებ სამი სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა, რომლებიც, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის, მაგრამ მათი ანალიზის შემდეგ ჩნდება აზრი, რომ ისრაელი ირანის ატომურ ობიექტებზე წერტილოვანი საჰაერო დარტყმებისთვის მზად არის.

ისრაელის რამდენიმე ქალაქში ჩატარდა სწავლებები, რომლებიც დასახლებულ პუნქტებში ქიმიური და ბიოლოგიური შეტევის შემდეგ მოსახლეობის სამედიცინო დახმარებასა და ევაკუაციას ითვალისწინებდა.

თელ-ავივმა ამ დღეებში გამოცადა "იერიქოს" ტიპის ბალისტიკური რაკეტის მორიგი მოდიფიკაცია. "იერიქო-2" ტიპის რაკეტას 1300 კმ სიშორეზე შეუძლია ფრენა და ისრაელის ტერიტორიიდან ირანის მხოლოდ დასავლეთ ნაწილამდე აღწევს, თეირანამდე კი 1500 კმ-ია. სამაგიეროდ, "იერიქოს" ახალგამოცდილი ბალისტიკური რაკეტა, სავარაუდოდ, "იერიქო-3", უკვე საკონტინენტთაშორისო მანძილზე მიფრინავს (სხვადასხვა მონაცემით - 5 ათასიდან 10 ათას კმ-მდე) და ირანის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილს მისწვდება. ისრაელის ხელისუფლება არ ადასტურებს, მაგრამ არც უარყოფს მის განკარგულებაში ბირთვული ქობინების არსებობას, თუმცა, დასავლელი სამხედრო ექსპერტების გათვლით, ისრაელს 80-დან 200-მდე სხვადასხვა ტიპის ბირთვული ბომბი და ქობინი შეიძლება ჰქონდეს.

მესამე ინფორმაციამ უშუალოდ ისრაელის ხელისუფლების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული სხდომიდან გამოჟონა. ადგილობრივი პრესის მტკიცებით, ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები ნელ-ნელა თანხმდებიან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ ირანის ატომური ობიექტების განადგურების გადადება აღარ შეიძლება.

თავის მხრივ, ამერიკული მასმედია საუბრობს აშშ-ის ხელისუფლების შეშფოთებაზე იმის გამო, რომ ისრაელმა შეიძლება მართლაც დაარტყას ირანს და ეს რომ არ მოხდეს, მთავრობის წევრები გაეროს უშიშროების საბჭოსგან ირანის მიმართ სანქციების გამკაცრებას მოითხოვენ.

ისრაელელ და ამერიკელ კოლეგებს არც ბრიტანული პრესა ჩამორჩა და გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცევა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში. მათი მტკიცებით, ლონდონი მზადაა, ირანის სიახლოვეს გადაისროლოს ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი წყალზედა და წყალქვეშა ხომალდები, ხოლო თავად ირანში სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები გადასხას.

სიტუაცია ირანის გარშემო არაერთხელ დაძაბულა, მაგრამ საბედნიეროდ, ომამდე საქმე არ მისულა, თუმცა ამჯერად ვითარება მართლაც უკიდურესად მძიმეა.

საქმე ის არის, რომ ირანმა მიწისქვეშა ბუნკერებში დაიწყო ცენტრიფუგების გადატანა. მათი საშუალებით ურანის შემცველი მადნიდან მიიღება ისე გამდიდრებული ურანი,M რომელიც ბირთვულ იარაღში გამოსაყენებლად ივარგებს.

მთის ქვეშ, დიდ სიღრმეში განთავსებულ ცენტრიფუგებს ამერიკული ბეტონმრღვევი რაკეტები და ბომბები (რომელთა შესყიდვას განაგრძობენ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები) ვეღარ დააზიანებს, ამიტომ ისრაელის ხელისუფლება ცაიტნოტში აღმოჩნდა - ან არაფერს მოიმოქმედებს და ირანი სამ-ხუთ წელში ნამდვილად შექმნის ბირთვულ მოწყობილობას, ან დაუყოვნებლივ განახორციელებს წერტილოვან საჰაერო დარტყმებს ირანის ატომურ ობიექტებზე. მაგრამ რა მოჰყვება ამას, არავინ იცის...

ირანს საკმაოდ აქვს ახლო და საშუალო სიშორის მოქმედების რაკეტები, რომლებიც მიაღწევენ როგორც რეგიონში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებამდე, ისე - თავად ისრაელის ტერიტორიამდე. ასეთი რაკეტების სროლის სიზუსტე მაღალი არ არის, მაგრამ თუკი ბალისტიკური რაკეტა, ბირთვული ქობინის გარეშეც კი მჭიდროდ დასახლებული ქალაქის კვარტალს დაეცა, მსხვერპლიც, ნგრევაც მნიშვნელოვანი იქნება და ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდება,A თუ რაკეტას ქიმიური ან ბიოლოგიური ქობინი ექნება.

ირანის ატომურ ობიექტებზე შესაძლო საჰაერო თავდასხმისადმი დიდ ყურადღებას იმიტომაც ვიჩენთ, რომ ირანის ჩრდილოეთ საზღვრიდან საქართველოს სამხრეთ საზღვრამდე სულ რაღაც 170 კმ-მდეა. თუკი ისრაელის ავიაცია მართლაც შეძლებს ირანის რომელიმე ატომური ობიექტის განადგურებას და ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერებები გამოიტყორცნება, გაჩნდება დიდი საფრთხე, რომ ქარმა ისინი სამხრეთ კავკასიისკენაც წამოიღოს...