"გირჩი" და სანახაობა
"გირჩი" და სანახაობა
ფოტო:სოსო დოლიძე
წინასაარჩევნო ვიდეო რგოლებს გადავავლე თვალი, არაფერი ახალი და განსხვავებული, წინასაარჩევნოდ ლოყებღაჟღაჟა კანდიდატები ხვდებოდნენ სადღაც სოფლად გაჭირვებულ დამშეულ ხალხს და ჰპირდებოდნენ აყვავებას, გასხივოსნებას. სახელმწიფოზე დადარდიანებული პოლიტიკოსები ზოგი პენსიის მომატებას გვპირდებოდა, ზოგი უკეთეს განათლებას, მაგარ ახალგაზრდობას, უდარდელ სიბერეს, ნარკო კარტელებისგან თავისუფალ საქართველოს, და ა. შ. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პატრიოტობაში და ოპონენტებს მოღალატეებად მოიხსენიებდნენ.

ამ ყველაფრის ფონზე, აშკარად გამოირჩეოდა "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის წინასაარჩევნო რეკლამა, რომელშიც ვან დამის "ვოლვოს" რეკლამის რიმეიქი აქვს გაკეთებული,
ორ ტრაილერზე დგას, სატვირთო მანქანები ერთმანეთს ნელ-ნელა შორდება და ჯაფარიძეც შპაგატში ჯდება, მოკლედ, როგორც არის მიხვდით ალბათ. ამ ვიდეორგოლისთვის ინტერნეტში აქამდეც მომიკრავს თვალი, მაგრამ ტელევიზორში პირველად ვნახე. ნამდვილად სახალისო და ორიგინალური იყო. ჯაფარიძე ჩვენი პოლიტიკური მეინსტრიმისგან განსხვავებით ცდილობს, ის გულწრფელობის ნიშა დაიკავოს, რაც, უმეტეს შემთხვევაში
აკლია ჩვენს პოლიტიკურ სივრცეს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უამრავი სერიოზული და "სერიოზული" წინასაარჩევნო დაპირებები და ვიდეორგოლები გვინახავს, რომელთა ძირითადი პასაჟი სამშობლოს დიდი სიყვარული, პატრიოტობა, ოჯახის კაცობაა. აქ გასაკვირიც არაფერია, უბრალოდ, ამ წლების განმავლობაში მრავალი პოლიტიკოსისგან "გადაგდებულმა" საზოგადოებამ ნელ-ნელა იმუნიტეტის გამომუშავება დაიწყო და ხშირად ეს შინაარსისგან დაცლილი წინასაარჩევნო ორომტრიალი არანაირ ემოციურ კავშირს არ აჩენს ადამიანებში. ამ ყველაფრის ფონზე კი ჯაფარიძის ასეთი ექსტრაორდინალურობა, თვითირონია და პირდაპირობა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სრულიად ახალი ხილია. ჯაფარიძე და მთლიანად "გირჩი" ცდილობს ხშირად უსარგებლო, ურაპატრიოტულ და რელიგიურ თემებზე მაღლა დადგეს და დაარწმუნოს ამომრჩეველი თავის სიმართლეში.
'გირჩის' ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კანაფის დათესვის აქციაზე
ეს ყველაფერი, რასაკვირველია, დასაფასებელია, უბრალოდ, ხშირად ამის უკან რაც დგას, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ვერ ამჩნევს ანაც არ იცის. ამას არც ჯაფარიძე მალავს, პირიქით, პატიოსნად ამბობს და იცავს მის პოლიტიკურ იდეოლოგიას, თავისუფალი ბაზრის ანარქიას.

დეტალურად ამ პოლიტიკური იდეოლოგიის განხილვა შორს წაგვიყვანს და ბუნებრივია აქ გამოქვეყნებულ მოსაზრებებს აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე არ აქვს პრეტენზია. ეს იდეოლოგია, უფრო სწორად იდეოლოგიის "გირჩისეული" გაგება, უხეშად რომ ვთქვათ, გულისხმობს მაქსიმალურ დერეგულაციებს, მინიმალურ სახელმწიფოს, ფაქტობრივად, ყველაფრის, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების, პრივატიზაციას. როგორც ჯაფარიძე ამბობს, სახელმწიფო ერთადერთი რაშიც უნდა ჩაერიოს არის ის, რომ არ დაუშვას და აღკვეთოს ძალადობა, თუმცა სამომავლოდ პოლიციის საქმიანობის კერძო სექტორში გადასვლის იდეას უჭერს მხარს. გირჩის წინასაარჩევნო პროგრამაში, ფაქტობრივად, ერთადერთი რამ, რაც ამ იდეოლოგიასთან თანხვედრაში არ მოდის, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდაა. როგორც ამბობენ, ამ ეტაპზე, გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს სჭირდება ბიუჯეტიდან იმაზე მეტადაც კი დაფინანსდეს თავდაცვა, ვიდრე ეს დღეს ხდება. "გირჩს" "ალერგია" აქვს ისეთ ცნებებზე როგორებიცაა დასაქმებულთა უფლებები (მხოლოდ დამსაქმებლის და დასაქმებულის პირადი საქმეა ეს), სოციალური პროგრამები (მაქსიმალურად შემცირება), რეგულაციები და ანტიმონოპოლიური სამსახურები, განათლების და ჯანდაცვის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ანუ ესენი არ არის სახელმწიფოს საქმე.

მოკლედ რომ ვთქვათ, მხარს უჭერენ ადამიანის ბოლომდე მარტო დატოვებას ველური კაპიტალიზმის პირისპირ. (ოთხი შვილის მარტოხელა დედა ხარ და დამსაქმებელი 450 ლარად კვირაში 7 დღეს გამუშავებს დღეში ათი საათი? არ მოგწონს? წადი სხვაგან იმუშავე, თავისუფალი ვაჭრობაა, ბაზარი დაარეგულირებს, გავმდიდრდებით და ბევრი არჩევანი გექნება, არ ინერვიულო).

ამ შემთხვევაში ყველაზე განხილვადი, მარტივი და უტრირებული მაგალითი მოვიყვანე, მშრომელთა უფლებები ამ პრობლემის მხოლოდ ერთი პატარა წახნაგია.

ბუნებრივია, არ ვცდილობ "გირჩის" დემონიზაციას, ეს არგუმენტები არ გამორიცხავს იმას, რომ არსებობენ ამ პარტიის გულწრფელი მომხრეები, რომელთაც თავიანთი არგუმენტები და მოსაზრებები აქვთ. უბრალოდ, ვფიქრობ, მხარდამჭერთა დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის ან ნაკლები გაეგება ამ იდეოლოგიის შესახებ და ჯაფარიძის მხარდაჭერას სულ სხვა ფაქტორები განაპირობებს. ბევრისთვის "გირჩი" მხოლოდ "პლანისთვის" არ დაჭერასთან, ჯარიდან თავის დახსნასთან და მაქსიმალურ თავისუფლებასთან ასოცირდება. როგორც ამბობენ თვალი ჭამს და თვალი სვამს. აქ პოლიტიკურ უმეცრების თემას მივადექით, რაც არ არის "გირჩის" პრობლემა.
'გირჩის' ე.წ. უკანალების აქცია საოკუპაციო ხაზთან
დაბოლოს, ბევრი ამბობს, რომ ჯაფარიძე, ფაქტობრივად, გმირია, რადგან თავისი სიმართლის დასამტკიცებლად უარს ამბობს პოპულიზმზე, პატრიოტიზმის და რელიგიის გაცვეთილ თემებზე და მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იცის უმრავლესობის აზრი, თავის საქმეს გულწრფელად აკეთებს, ანუ კედელს თავით ეჯახება. რეალურად კი კარგად გათვლილი პიარსვლაა, რომელიც სრულიადაც არ გამორიცხავს გულწრფელობას.

"სერიოზული" კანდიდატები და პარტიები ისედაც თავზე საყრელად გვყავს, ამ მიმართულებით, მითუმეტეს დიდი ფინანსური სახსრების გარეშე, რთულია რაიმე წარმატების მიღწევა, რადგან მთლიანად პოლიტიკაა ჩვენთან დისკრედიტირებული. ვინ, ვინ და პირველ რიგში "გირჩში" ყველაზე კარგად იცოდნენ, რომ ჯაფარიძე ამ არჩევნებს ვერ მოიგებდა (თუმცა მეტ პროცენტის მიღებას ალბათ გეგმავდნენ), სამაგიეროდ, ეს იქნება ძალიან კარგი პლაცდარმი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, სადაც მინიმალური ზღვარი დაწეულია სამ პროცენტამდე.

იმის გამო, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა, მცირე გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად, ვერ პასუხობს მოსახლეობის რეალურ ინტერესებს, აბსტრაქტულ, ნაივურ თავისუფლებაზე დახარბებული ანაც უბრალოდ გადაღლილი ხალხის ნაწილი ხმას მათ მისცემს და "გირჩიც" დიდი ზარ-ზეიმით, ალბათ არც თუ ისე დიდი პროცენტით, მაგრამ მაინც, პარლამენტში შევა. აი, უკვე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პერფორმანსების მოწყობა და ანარქია (ამ სიტყვის, იდეოლოგიურისგან განსხვავებით, უკვე კარგი გაგებით) მერე ნახეთ. მოკლედ, ასეა თუ ისეა, წინ ყველა ვარიანტში საინტერესო ამბები გველის. პურის რა მოგახსენოთ, მაგრამ სანახაობა გარანტირებულია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თვის კითხვადი სტატიები