გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის ხუთი წელი
გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის ხუთი წელი
ფოტო:გიორგი მარგველაშვილი
მოკლედ, ასე თუ ისე, სამკვდრო-სასიცოცხლო, გადარჩენა-არგადარჩენის და დიდი ბრძოლების შემდეგ ავირჩიეთ ახალი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ინაუგურაცია მალე იქნება და ზურაბიშვილიც შემდეგ შეუდგება საქმიანობას. მარგველაშვილს დღეებიღა დარჩა თანამდებობაზე ყოფნის და ორი სიტყვით შეგვიძლია მიმოვიხილოთ მისი პრეზიდენტობა. მართალია, ჯერ ადრეა მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასება, დროის გასვლის შემდეგ უკეთესად დავინახავ მოვლენებს, მაგრამ წარმოდგენა მეტ-ნაკლებად ყველას აქვს შექმნილი და ვცადოთ მაინც.

საერთოდაც ცნობადი სახეების, საჯარო პიროვნებების შეფასება ყოველთვის სპეკულაციურია, ძალიან ხშირად უმნიშვნელოა რეალური მოვლენები,
უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ხალხი რა ფანტაზიებს და წარმოდგენებს აშენებს იმ პიროვნების საჯარო იმიჯზე.


პირველი, რაც თვალში საცემი და აღნიშვნის ღირსია, მარგველაშვილის პრეზიდენტობის მშვიდობიანი ხანაა. მართალია, პრეზიდენტს ისედაც
არ ჰქონდა ძალიან ბევრი რამის უფლება, მაგრამ მარგველაშვილი კონფლიქტებისკენ მიდრეკილი არასოდეს ყოფილა, ლოკალურ გაუგებრობებს თუ არ ჩავთვლით. ფაქტობრივად, ჯერჯერობით ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც თავისი ვადის გასვლის შემდეგ მიდის მშვიდად, დიდი სკანდალების გარეშე, მასზე არც საქმე აღიძვრება (ალბათ) და სავარაუდოდ, შემდეგაც ქუჩაში დაცვის გარეშეც ივლის და გააგრძელებს კარიერას აკადემიურ სივრცეში (როგორც თვითონ ამბობს). ეს სიმშვიდე შეიძლება დასავლეთში არავის უკვირს, მაგრამ ჩვენ ამას მონატრებულები ნამდვილად ვართ.

დავიწყოთ თავიდან, მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილი დიდი ხანი იყო ჩართული პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში და ებრძოდა სააკაშვილის ხელისუფლებას, 2012 წლის შემდეგ ერთი წელი განათლების მინისტრადაც იმუშავა, მაინც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას პრეზიდენტის პოსტი "დაეცა". არ ელოდა და ყველაფერი რაღაცნაირად მოულოდნელად მოხდა. ზუსტად თანმიმდევრობა არავინც იცის, მაგრამ, ვფიქრობ, მარგველაშვილი თავიდანვე გუნდში პრეზიდენტად არ განიხილებოდა, შესაძლოა ივანიშვილი - ალასანიას კონფლიქტის მერე გადაწყდა ეს ამბები. მოკლედ მოხდა რაც მოხდა, ხალხმა ის აირჩია საკმაოდ დიდი პროცენტით, რაშიც, რასაკვირველია, გადამწყვეტი მნიშვნელობა "ოცნების" მხარდაჭერას ჰქონდა. მერე მოხდა ის ცნობილი დაპირისპირება ვანო მაჭავარიანის დანიშვნა-არ დანიშვნასთან დაკავშირებით, პლუს პრეზიდენტის სასახლის თემატიკა და საბოლოოდ გაიყარა მარგველაშვილისა და ივანიშვილის, შესაბამისად, მისი და "ოცნების" გზები.
ბიძინა ივანიშვილი და გიორგი მარგველაშვილი
მიუხედავად იმისა, რომ ამბობდა საპრეზიდენტო სასახლეში არ შევალო, მაინც შევიდა, ეს კი ასე ახსნა: პრეზიდენტს ვიღაცეები არ უნდა უთითებდნენ თავის ადგილსო. პრეზიდენტობის პირველ ხანებში ძირითადად "ცალკარას" თამაში მიდიოდა, პრეზიდენტის გინებაზე "ხსნილი" იყო და ვისაც არ ეზარებოდა უმრავლესობიდან დიდიან-პატარიანად ყველა აკრიტიკებდა. მარგველაშვილი კი იყო ჩუმად, დიპლომატიურად და კონფლიქტში არ ერთვებოდა, თითქოს რაღაცნაირ ვალდებულებას გრძნობდა იმ გუნდის მიმართ, ვინც ის პრეზიდენტი გახადა. ადამიანი რაც მეტ დროს ითმენს ბრაზს, მისი გამომჟღავნების შემდეგ ორმაგად ამოაფრქვევს ხოლმე. მის შემთხვევაშიც ასე მოხდა, ითმინა, ითმინა და ვეღარ მოითმინა. საბოლოოდ მანაც "გახსნა ცეცხლი". ოღონდ ბრძოლის არსენალი მარგველაშვილს დიდი არ ჰქონდა. ვეტო, ეს ის "სუპერძალაა", რომელიც პრეზიდენტს მოქმედი კონსტიტუციით გააჩნია. ვინ მოთვლის რამდენჯერ გამოიყენა ვეტოს უფლება. ამ ვეტოს გამოყენებასაც ფორმალური ხასიათი ქონდა, საკონსტიტუციო უმრავლესობას შეუძლია ვეტოს დაძლევა და ესეც რამდენჯერაც დაადებდა კანონპროექტს ვეტოს, პარლამენტიც იმდენჯერ სძლევდა მას. საბოლოოდ ეს ყველაფერი უინტერესო პინგპონგის თამაშში გადაიზარდა, სადაც წინასწარ იცი მოვლენების თანმიმდევრობა.

პრეზიდენტს მალევე დაეძაბა ურთიერთობა უმრავლესობასთან, ოპოზიციის მცდელობების მიუხედავად, მაინც ბოლომდე შეინარჩუნა ნეიტრალურობის სახე და დარჩა, ფაქტობრივად, მარტო. მარტო რა, ერთადერთი მოკავშირე უფლებაწართმეულ პრეზიდენტს არასამთავრობო სექტორი დარჩა, რომელთანაც მთელი ხუთი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, არასოდეს გაფუჭებია ურთიერთობა. ნელ-ნელა ირწმუნა საკუთრი თავის, ბოლოს და ბოლოს იგრძნო, რომ პრეზიდენტია, მარტივად ვერავინ დაჩაგრავს და შეპასუხებებზეც გადავიდა. ვალდებულებებიც ჩამოიცილა მმართველი გუნდიდან და მათ აშკარა კრიტიკასაც აღარ ერიდებოდა, მოკლედ, "ხასიათი გამოავლინა", თუმცა აჯანყების პერიოდიც დიდხანს არ გაგრძელებულა, ვეტოებსაც ბოლო წლის განმავლობაში შეეშვა და იყო მისთვის, წყნარად, დუშეთში საოჯახო საქმეებით დაკავებული.

შეიძლება ითქვას, რომ მარგველაშვილი თავისი ხუთ წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში უმეტესად გაქრობისა და ოდნავ გამოჩენის ზღვარზე იყო. შეიძლება გავიხსენოთ რამდენიმე მომენტი, როდესაც აშკარად დააფიქსირა თავისი აზრი და მხარი დაუჭირა განსაცდელში მყოფ ადამიანებს. მაგალითად, ერთ-ერთი შემთხვევა ფარული ჩანაწერების სკანდალი იყო, როდესაც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდნენ კადრების გასაჯაროებით, გამოვიდა და თქვა რომ მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება აქვს და რომ აქ არაფერია დასაძრახი (რასაკვირველია, მორალური მხარდაჭერის კონტექსტში). რამდენიმე ამბის გახსენება კიდევ შეიძლება ალბათ, რომელიც უმეტესად მთავრობასთან და პარლამენტთან საქმეების "გარჩევას" უკავშირდება.

საბოლოოდ კი რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მას ეს ხუთი წელი არ ეყო ბოლომდე გაეაზრებინა, რომ მიუხედავად შეზღუდული უფლებებისა, პრეზიდენტს მაინც ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. დიდი დრო მოახმარა ნეიტრალურობის დაცვას, ხშირად იცავდა პრეზიდენტის ინსტიტუტს.

ვფიქრობ, შესაძლებელია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის ტრიბუნის უფრო ეფექტიანად გამოყენება. პრეზიდენტი ზედმეტად უფრთხოდა დაპირისპირებას და მთელი აქცენტი ბალანსის შენარჩუნებაზე ჰქონდა გაკეთებული. ხუთი წლის განმავლობაში ბევრმა ვერ დაინახა მისი მკაფიო, ჩამოყალიბებული პოზიცია ამა თუ იმ საკითხისადმი, მისი პოლიტიკური გემოვნება. მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა კონკრეტულ საკითხებში, მემარჯვენეობა იქნება ეს, მემარცხენეობა თუ რამე სხვა. პრეზიდენტს შეეძლო ჰქონოდა მკაცრად ჩამოყალიბებული აზრი კონკრეტულ საკითხებთან და ბოლომდე დაეცვა და მისი პოპულარიზაცია მოეხდინა. მიუხედავად იმისა, რომ აღსრულებაში მაქსიმალურად იყო შეზღუდული, პრეზიდენტის ტრიბუნა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შეეძლო მისი ჩამოყალიბებული იდეა ეფექტიანად დაეცვა "კბილებით". აი ეს "კბილები" კი ვერ დავინახეთ და ეს ძალაუფლებაც ძირითადად ინსტიტუციების პატივისცემა, გამყარების პატარ-პატარა ბრძოლებს შეეწირა.

მის სასიკეთოდ შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, არაფერი დაუშავებია, რაც შეიძლება დიდი დემოკრატიის გამოცდილების ქვეყნის ლიდერისთვის არ იყოს დიდი კომპლიმენტი, მაგრამ ჩვენს რეალობაში არც ესაა პატარა საქმე. აუცილებლად გასათვალისწინებელია ჩვენი განწყობები ამ ინსტიტუტის მიმართ. საზოგადოება ამ პოსტზე, ფაქტობრივად, ყოველთვის ერთპიროვნულ ლიდერებს და გადაწყვეტილებებს არის მიჩვეული (სააკაშვილი, შევარდნაძე, გამსახურდია), ახლა კი, ასეთი შეზღუდული უფლებების მიუხედავად, ვინც არ უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი ალბათ ისედაც ძალიან გაუჭირდებოდა.

როგორც აღვნიშნე, დიდი აქტიურობით მარგველაშვილი ისედაც არ გამოირჩეოდა და ბოლო წელს კი, ფაქტობრივად, გაქრა. დიდ ხანს ანერვიულა მთავრობა იმაზე, დააყენებდა თუ არა მეორე ვადაზე მის კანდიდატურას და საბოლოოდ არ მოისურვა მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის ბრძოლა, რაც ალბათ სწორი გააკეთა. ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუსას ინგა გრიგოლიამ უთხრა, აუცილებლად უნდა გეყარათ კენჭი და ამ პოლარიზებული კამპანიის ფონზე დიდი შანსი გექნებოდათ გამარჯვებისო, - მარგველაშვილიც არ დაიბნა, - ვიცი, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებდიო. რეალურად კი, ვფიქრობ, კენჭი რომც ეყარა, ძირითად ხმებს მაინც "ოცნება" და "ნაციონალები" წაიღებდნენ და მარგველაშვილი მესამე ადგილს დასჯერდებოდა, წაგებას კი პრეზიდენტად წასვლა სჯობია. მეორე მხრივ კი ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დაიღალა და უბრალოდ დასვენება უნდა. აკადემიურ საქმიანობას ვუბრუნდებიო თქვა.

მოკლედ "დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან", ეს მართლა ხუმრობით, ისე კი ყველამ კარგად ვიცით, რომ მარგველაშვილი არ დაიკარგება, აწი მითუმეტეს, როგორც პრეზიდენტის, ისე ყოფილი პრეზიდენტის სტატუსიც არაა ხელწამოსაკრავი. კიდევ ის, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც თითქოს პოლიტიკოსებად დაიბადნენ, მარგველაშვილი ფორმალურ პოლიტიკამდეც ძალიან წარმატებული მეცნიერი იყო და პოლიტიკური პროცესების მიმოხილვის დროსაც საკმაოდ ძლიერ ფიგურას წარმოადგენდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების კუთხით.

საბოლოოდ წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტს მის მომავალ საქმიანობაში. რთულად წარმომიდგენია ის ისევ მთავრობაში, მაგალითად, მინისტრად, ან მომავალში ისევ პრეზიდენტად, ან ოპოზიციაში, პოლიტიკური პარტიის ლიდერად. იმედი დავიტოვოთ, რომ ბოლომდე არ ჩამოშორდება საჯარო სივრცეს და ისეთივე აქტიურად იქნება პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, როგორც ამას გაპრეზიდენტებამდე აკეთებდა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


07 დეკემბერი 2018 09:41
ნუგზარ ზოიძე. კიდე კარგად იმუშავა მგლებთან ამ პატიოსანმა და განათლებულმა კაცმა.ის არამარტო განათლებული, კარგ ოჯახში გაზრდილი კაცია მისი გზები სადაც არ უნდა იმუშაოს მუდამ ავტორიტეტიანი ფიგურა იქნება დანარჩენ რბოს წინაშე.
maia
05 დეკემბერი 2018 13:11
არუთინოვი და მისნაირები მარგველასთან ერთად... ჭიტაააა დაგინახე....ყიდი რაცხას?
ნათია
04 დეკემბერი 2018 20:39
ერთად-ერთი პატიოსანი კაცი დღევანდელ მთავრობაში, ღმერთმა სიკეთე ნუ მოგაკლოს პატიოსანო ადამიანო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები