უცნობი თბილისი - კვირის პალიტრა

უცნობი თბილისი

"ტვპირველზე" გია გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობი" იყო სტუმრად. ბევრ პოლიტიკურ თემას შეეხო, მთავარი ალბათ ის ინიციატივაა, რომლის მიხედვითაც თანამოაზრეებთან ერთად ახალი პოლიტიკური ცენტრის თუ ძალის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. ახალი ხალხი არ ჩანს პოლიტიკაშიო, - დაიწუწუნა. კითხვაზე, თუ ვინ უნდა გამოჩნდეს, ერთ-ერთად დაასახელა ძმები: გვარად აბაშიძეები -  ირაკლი აბაშიძის შვილიშვილებიაო, - დააკონკრეტა. ინგა გრიგოლიამ მინისტრებზე ჰკითხა აზრი და ამან პარლამენტის თავმჯდომარეზე და პრემიერ-მინისტრზე "ნი რიბა ნი მიასა ხალხიაო", კალაძეზე კი თქვა, - უკეთესის მოლოდინი მქონდაო, რაზეც ნინო ჟიჟილაშვილმა ხუმრობით ჰკითხა, - რას ერჩით, ვერ "გაგიქაჩათ" თბილისელებსო? იმის ნაცვლად, რომ ხუმრობანარევ კითხვაზე ხუმრობითვე ეპასუხა, სერიოზულად უთხრა, მაგისთვის თბილისელებს არც არაფერი უთხოვიათ და რაც სთხოვეს, რამდენიმე პროექტი, ჩააგდოო.

ავად თუ კარგად თბილისის ირგვლივ იტრიალა. ინგა გრიგოლიამ ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის კითხვა დაუსვა, რომელსაც "ფეისბუკზე" სარკასტულად უკითხავს, - თქვენი ახალი გაერთიანება მხოლოდ თბილისელებისთვის ხომ არ იქნებაო. ამაზე კი გაჩეჩილაძე გაბრაზდა და დაადანაშაულა ხალხი, რომელთაც თბილისელების მიმართ კომპლექსები აქვთ და უჭირს ამ ფენომენის ახსნა. პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ იგრძნობოდა მისი გულისწყრომა, რომ დღეს მთავრობაში ნაკლებადაა თბილისელები და თბილისელებს ჭკუას ნაკლებად ეკითხებიან. მერე დააკონკრეტა, მე როდესაც ახალი ცენტრის ჩამოყალიბება მინდოდა, შოთიკო გლურჯიძესთან ერთად კახა მიქაიას დავურეკე, ეგ არაა თბილისელი, ანუ ყველას პატივს ვცემ, რამე არასწორად არ გაიგოთო.

მოკლედ, გაკვირვებია თუ თბილისელების კომპლექსი რატომ აქვს ხალხს. დიახ, აქვს ხალხს ეს კომპლექსი, უფრო სწორად პრივილეგირებული თბილისელების კომპლექსი აქვს. პათეტიკური კითხვაა, მაგრამ ვითომ უცნობმა არ იცის რა სოციალური უთანასწორობაა ქვეყანაში? განსაკუთრებით რეგიონებში ადამიანებს ხშირად მინიმალური საარსებო საშუალებაც ძლივს აქვთ, არის განვითარების ნაკლები პერსპექტივა, ადამიანებს არ აქვთ განცდა, რომ ცხოვრობენ ღირსეულად და ეს ასე გრძელდება ალბათ მინიმუმ 30 წელია. ეს ხალხი, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს, წლებია უყურებს ადამიანებს, რომელთა წინაპრებიც საბჭოთა კავშირის დროს გამდიდრებული  ხელოვნების წარჩინებული "მოღვაწეები" იყვნენ. მწერლები, პოეტები, მხატვრები, პროფესორები, აკადემიკოსები, რომელთა უმეტესობამაც თავის დროზე კარგად მოითბო ხელი სახელმწიფოს მხრიდან - დაურიგდათ ბინები თბილისის ცენტრალურ უბენბში, ასევე აგარაკები და ა.შ. ამ ხალხის შვილები და შვილიშვილები წარმოადგენენ დღეს გავლენიან ელიტას, რომელთა მამებმა და თავად ამ ხალხმა, უმეტესობამ, ნაცნობობით და მეგობრობით იშოვეს დიდი ფული და შესაბამისად, აქვთ გავლენაც. ეს ხალხი ყველა მთავრობას ერგება. ისეთ ადამიანს, რომელსაც სიმდიდრე დაბადებიდან თავზე "დაეცა" და პრეზიდენტთან და პრემიერთან პირადი კონტაქტებით აგვარებს საქმეებს, სულაც არ აინტერესებს საჯარო სამსახურში მუშაობა, თუნდაც მაღალ ანაზღაურებად სამსახურზე, იმიტომ რომ ეს მაღალი ანაზღაურებაც მისთვის კაპიკებია.

შავ-თეთრად არ მინდა დავხატო სიტუაცია, არ ვფიქრობ, რომ ყველა პრივილეგირებული ადამიანი უსამართლოდაა გამდიდრებული, ბუნებრივია, არც სახელმწიფოს მხრიდან ამ ადამიანების "გაკულაკებას" ვემხრობი, უბრალოდ, ზოგადი განწყობა ასეთია. თურმე "უცნობს" გაკვირვებია კომპლექსები, რომელიც თავად ერთი მინისტრის მეგობარია, მეორეს ნათესავი, მესამესთან ნათელ-მირონობა აკავშირებს და ძალიან გაუკვირდა, რომ მისი ნათესავის ბიზნესი მთავრობაში ვიღაცამ ჩაუგდო (შესაძლოა, სამართლიანადაც იყოს გაბრაზებული, აქ საქმე სხვა თემას ეხება).

"უცნობი" რომ ნიჭიერი კაცი და კარგი შოუმენია, ამაზე არავინ დაობს. ეს ბლოგ-პოსტიც არც მაინცდამაინც პერსონალურ კრიტიკას შეეხება. თუ ქართული პოლიტიკური ელიტის კრიტიკა გინდა, უცნობი ნამდვილად არაა ის ადამიანი, რომელიც პირველ რიგში გაგახსენდება. უფრო მეტიც, ის საჯარო იმიჯი, რაც მას აქვს, უფრო მეტად პრინციპული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, უბრალოდ, ამ ელიტურობაზე ცნობიერი თუ არაცნობიერი ხაზგასმა ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. თუ ოდნავ შორს შეუძლია გახედვა და პრობლემის გლობალური აღქმა, ნამდვილად არ უნდა უკვირდეს ეს კომპლექსები, მითუმეტეს ეს გასაკვირია იმ ადამიანისგან, ვისაც აქვს პრეტენზია, რომ ჩამოაყალიბოს ან ხელი შეუწყოს ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცენტრის შექმნას.

საერთოდაც ეს პრობლემა, ბევრად სცდება რომელიმე კონკრეტული ინდივიდის პოლიტიკურ აქტიურობას. წითელი ინტელიგენცია და მათი შთამომავალი "კარგი ოჯახის შვილები" ხშირად, სამწუხაროდ, ქვეყნის სოციო-ეკონომიკური განვითარების სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია. ყველგან არიან პრივილეგირებული ადამიანები სხვადასხვა დამსახურების გამო, უბრალოდ, პრივილეგირებულობა მხოლოდ კარგი ოჯახის შვილობის და ვიღაცის ძმაკაც-მეზობლობის გამო, დიდი პრობლემაა, მითუმეტეს, როდესაც ასეთ პარაზიტულ ტიპის ურთიერთობებს დიდი მასშტაბი გააჩნია. პრინციპი უმარტივესია, მთავრობებს სჭირდება ეს ხალხი ლეგიმიტაციისთვის და ამ ხალხსაც მთავრობა პრივილეგიების კიდევ უფრო გასამყარებლად, გამოსავალი კი თითქოს არ არსებობს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს