უნდა აიკრძალოს თუ არა რუსული ესტრადა საქართველოში? - კვირის პალიტრა

უნდა აიკრძალოს თუ არა რუსული ესტრადა საქართველოში?

ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. ადრეც ვაპირებდი ამ თემაზე დაწერას, მაგრამ ვთვლიდი, რომ ზედმეტად მარტივ ჭეშმარიტებასთან მქონდა საქმე და წესით, უინტერესო გამოვიდოდა, მაგრამ...

მოკლედ, ცოტა ხნის წინ "ფეისბუკზე" გამოჩნდა პეტიცია, სახელწოდებით: "აიკრძალოს რუსული ესტრადის ჩართვა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ კვების ობიექტებში", რომელსაც ამ ეტაპზე 1 100 ზე მეტი ხელმომწერი ყავს. განვიხილოთ თვითონ პეტიციის ტექსტის რამდენიმე მონაკვეთი. მაგალითად:

"მაშინ, როდესაც საქრთველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოში ყვავის ტურიზმი ამავე ოკუპანტი ქვეყნიდან" - და რა, ტურიზმი თუ ყვავის, ცუდია? რამე თუ ყვავის, რაც საქართველოს მოქალაქეს ეკონომიკურ გამდიდრებაში ეხმარება, ცუდია? თუნდაც რუსების ხარჯზე, რომლებიც ჩამოდიან და აქ ფულს ტოვებენ? ირინა ალეგროვა და გიორგი ლეპსი

"ამის პასუხად ქართველი მეწარმეები, ვინც ვერ ან არ ხვდება სიტუაციის სიმძაფრეს, ცდილობენ ამ კონკრეტული ტურისტებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას", - ვინმეს აკვირვებს ის, რომ ბიზნესმენი, მცირეც და დიდიც, ტურისტისთვის კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული, რამე აქ ახალია? ეს არის უბრალოდ ბაზრის პრინციპი. მაშინ რა ვქნათ, შემოვუშვათ რუსი ტურისტი და არ შევუქმნათ კომფორტი? შემოვუშვათ და დავსტრესოთ? სადმე ერთად შევკრიბოთ, დავაჩოქოთ და ძალით ტერიტორიული მთლიანობა ვაღიარებინოთ? ლოგიკა სადაა? კარგი, შემდეგი: "თბილისის ცენტრალურ, რუსთაველის გამზირზეც კი ჩაუვლით რესტორანებს, საიდანაც ბოლო ხმაზე ისმის რუსული სიმღერები." - ცენტრალურ უბნებშიც კი, წარმოგიდგენიათ? აი გლდანში, ან ვარკეთილში რომ იყოს კიდევ ჰო, მაგრამ ცენტრალურ უბნებში? ეს უკვე წარმოუდგენელი თავხედობაა... საბოლოოდ პეტიცია სრულდება ტექსტით: "ვითხოვთ საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში მოქმედ რესტორნებსა და კაფეებში აიკრძალოს რუსული ესტრადა".

გადავიდეთ ზოგად იდეაზე, რამდენად სწორია მსგავსი რამის მოთხოვნა, უფრო სწორად, რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება. გვახსოვს კარგად ალბათ, წინა ხელისუფლების დროს დაახლოებით მსგავსი პრაქტიკა, ისიც მცირე ხნით. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ოფიციალური აკრძალვა იმ დროს არ არსებობდა, გავცრცელდა ჭორი (და რთული მისახვედრი არაა ამას ვინ ავრცელებდა), რომ რესტორნები დაჯარიმდებოდნენ თუ რუსულ ესტრადას ჩართავდნენ, თუ არ ვცდები, იგივე ეხებოდა ე. წ. მარშუტკებსაც. ამბობდნენ კიდეც ვიღაცეები ამისთვის დააჯარიმეს ხალხიო, მოკლედ, ბუნდოვანი პროცესები მიდიოდა, რომელსაც დემოკრატიასთან საერთო არაფერი ჰქონდა, უბრალოდ იყო დაშინება. დღესაც არის საზოგადოების მცირე ნაწილის მხრიდან სურვილი მსგავსი რამ უკვე ოფიციალურად დაუშვან.  ддт - ს სოლისტი იური შევჩუკი

სულ რომ შევთანხმდეთ ყველა, რომ იდეა სწორია, მისი განხორციელების გზა როგორია, არავინ იცის, და არც უნდა იცოდეს, რადგან უბრალოდ არ არსებობს. რამდენიმე პეტიციის ხელმომწერ მეგობარს ვკითხე აკრძალვა ყველა რუსულ სიმღერას ეხებოდა თუ არა. პასუხი იყო, რომ უნდა აიკრძალოს მხოლოდ პაპსამუსიკა, აი, მაგალითად ддт - მ შეიძლება "გაიაროს კონტროლი". აქ კიდევ უფრო ლოგიკური კითხვა ისმის, ვინ უნდა განსაზღვროს რა არის პაპსა და რა - არა? მაგალითად, ддт - ს სოლისტმა უცებ ფილიპ კირკოროვთან დუეტი რომ ჩაწეროს, მაშინ უნდა ავკრძალოთ? ვალერი ლეონტიევმა ჩაიკოვსკის კომპოზიციების დაკვრა დაიწყოს, მაშინ "გავამწვანოთ"?

ან სადმე არსებობს ზუსტი განსაზღვრება გემოვნებიანი და უგემოვნო მუსიკის? თუ საერთოდ რუსულ ენაზე არსებული ყველა სიმღერა აიკრძალოს? წარმოიდგინეთ საზოგადოება, სადაც "რებელობის" პიკია ხმამაღლა შუფუტინსკის მოსმენა, ირინა ალეგროვათი რომ გამოხატავ სისტემისადმი დაუმორჩილებლობას. ვთქვათ ავკრძალეთ რუსული "პაპსა", ახლა ვის უნდა ჩავაბაროთ ამის კონტროლი? განათლების სამინისტროში უნდა შეიქმნას სსიპი ცალკე? ბიუჯეტიდან ამაზე ფული დაიხარჯოს? ან რა ხალხი უნდა დასაქმდეს მანდ? თუ ასე რთულადაც არ გვინდა და რამდენიმე "აზრზე მოსული კაი ტიპს" მივანდოთ ეგ საქმე? და ვინ არიან ეს კარგი ტიპები?

მოკლედ, ხვდებით ალბათ, კითხვებს რომ გაყვე, ვერ ამოწურავ, არასდროს დაილევა და უფრო და უფრო დიდ მარაზმს მივადგებით.

დაბოლოს, მიუხედავად ამ ბლოგის სარკაზმული ტონისა, მე პირადად პეტიციის ხელმომწერი ხალხის პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარება და არც მათი შეურაცხყოფაა თვითმიზანი. უბრალოდ, ადამიანებს ხშირად ანთებულ გულზე, შესაძლოა გულწრფელადაც, სისულელეების გაკეთება გვჩვევია, ვფიქრობ, ეს პეტიცია და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც მსგავსი სცენარიდანაა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს