ნულოვანი ბარიერი, ყველა პარლამენტში! - კვირის პალიტრა

ნულოვანი ბარიერი, ყველა პარლამენტში!

მართალია არავის დაკარგული თვალი ამად არ ღირს, მაგრამ მთავრობამ, რამდენიმე სერიოზული შეცდომის შემდეგ საპირისპირო ნაბიჯი გადადგა და ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ნულოვანი ბარიერით. ბევრი არ ელოდა ამ დათმობას, ყველა დაიბნა. ყველამ ვიცოდით აქამდე, რომ პროპორციული სისტემაზე 2024 წლიდან გადავიდოდით, რომელსაც ლოგიკური კითხვა მოსდევდა. რატომ 2024 წლიდან და არა 2020-დან. დიდი გამოცნობა არ სჭირდება იმას, რომ მაჟორიტარული სისტემა ყველა ხელისუფლებას აწყობს. ეს ავადსახსენებელი სისტემა ბუნებრივია არაა ქართული ნოუ ჰაუ, მაგრამ ფაქტი ფაქტია, რომ ქართულ რეალობაში ყველა ხელისუფლების დროს ეს სისტემა მხოლოდ და მხოლოდ მავნებლობა იყო და არაფერი კარგი არ მოუტანია ქვეყნისთვის. შესაბამისად, ალბათ ყველას გაუხარდა ეს ინიციატივა, აი ნულოვან ზღვარზე კი აზრი გაიყო. მიშა ჩაერთო ტრადიციულად და დაგმო ეს ნულოვანი ზღურბლი, აქეთ "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებიც შეეწინააღმდეგა, ასევე გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი. სხვადასხვა ექსპერტმა დაასკვნა, რომ ეს სისტემა ქაოსს გამოიწვევს.

არადა, ვფიქრობ, ნულოვანი ბარიერი ერთადერთი სწორი მიდგომაა. ჯერ ტექნიკური დეტალები გავარკვიოთ. ნულოვანი ბარიერი, რეალურად, რასაკვირველია მართლა ნულოვანს არ ნიშნავს. 150 კაციან პარლამენტში ბუნებრივი ბარიერი 0,67 პროცენტი გამოდის. ანუ, ერთი დეპუტატის მანდატის მოპოვებისათვის პარტიამ უნდა მოაგროვოს ხმების 0,67 პროცენტი, რომელიც ქართველი ამომრჩევლის რაოდენობის გათვალისწინებით, უხეშად 13 000 ხმაა. შესაბამისად, 13 000 ამომრჩეველი უდრის ერთ დეპუტატს. ამჟამინდელი ბარიერი, როგორც ვიცით და როგორც კონსტიტუციაში გაიწერა, რომ 2020 წელს იქნებოდა, არის 3%.

ერთ-ერთი არგუმენტი რაც მოვისმინე, არის ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შევა პარლამენტში, მერე კი დიდი პარტიები იყიდიან მათ და მოიპოვებენ დიდ უმრავლესობას. ამ შემთხვევაში ბუნებრივი ბარიერი 0,67 პროცენტია, ამჟამინდელი ბარიერი კი სამი პროცენტი. და რა, ვინმეს თუ რომელიმე პარტიის ან დეპუტატის ყიდვა მოუნდა, ისე ვერ იყიდის? სამ პროცენტიანი პარტია არ გაიყიდება და 0,67 პროცენტიანი კი? უბრალოდ სამ პროცენტიანი სამჯერ მეტი ეღირება, ესაა და ეს.

ასევე იყო საუბარი, რომ ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში უფრო მეტი პრორუსი შევა პარლამენტში. თუ ძალიან გინდა შექმენი პროევროპული პარტია, მოაწონე ხალხს თავი და შენ იქნები მეტი. ან ვის უსაზღვრავ ვინ უნდა აირჩიოს ხალხმა? თუ დემოკრატია გვინდა ესაა, უნდა ხალხს პრორუსული პარტია? უნდა და აირჩევენ კიდეც.

ყველაზე ბუნდოვანი და ამავე დროს ყველაზე სუსტი არგუმენტი კი ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში "შავბნელი" ძალების მოხვედრის საფრთხეა. ჯერ კარგად უნდა ჩამოვაყალიბოთ რას ნიშნავს "შავბნელი?", ვიცით ამ სიტყვის რეალური განმარტება? სადმე თაროზე დევს აბსოლუტური ჭეშმარიტება და რაც მას ეწინააღმდეგება ის შავბნელია? ვინ მისცა რომელიმე ადამიანს გადაუწყვიტოს სხვას, რა არის შავბნელი? კი ბატონო, რჩევით ურჩიე, დაარწმუნე შეძლებისდაგვარად, მაგრამ რატომ უკრძალავ სხვას გადაწყვიტოს რა არის სიბნელე და სინათლე? ერთმა რაღაც ჯგუფმა დაადგინა ჭეშმარიტება და მორჩა?

0,67 პროცენტი, 13 000 ამომრჩეველი ცოტაა ერთი მანდატისთვის? და თუ ეს ცოტაა ვინ იცის ზუსტად რამდენია საკმარისი? რატომ არის ამჟამად 3 პროცენტი და არა ვთქვათ 2 ან 7 ან 15? ვინ დაადგინა რომელია უფრო ლოგიკური? რაიმე ობიექტური კრიტერიუმი არსებობს?

აქ სიმართლე უბრალოდ ერთია, დიდ პარტიებს კონკურენციის ეშინიათ. ის ორ პოლუსიანობა თუ სამ პოლუსიანობა მათ რეალურად ძალიანაც აწყობთ, რადგან სადავეები მათ ხელშია. ამ სტატუს-კვოს შენარჩუნება სურთ და ზედმეტი თავის ტკივილი არ უნდათ. რეალურად სამიც და თუნდაც ათ პროცენტიანი ზღვარიც კი ჩვენს რეალობაში ორ ძალას აწყობს ყველაზე მეტად, ესენია "ოცნება" და "ნაციონალები". "ოცნებამ" ავად თუ კარგად, როგორც იქნა გამოაცხადა ამ დათმობისთვის მზაობა (იმედია არ გადაიფიქრებენ), აი "ნაციონალები" კი ყველანაირად ცდილობენ ამაში ის "საფრთხეები" დაინახონ რაზეც ზემოთ მოგახსენეთ.

დაბოლოს, აწ უკვე ახალმა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ნულოვანი ბარიერი მხოლოდ 2020 წელს იქნება, 2024 წლიდან კი ისევ სამ პროცენტიან ბარიერს დავუბრუნდებითო. ეს განცხადება ისეთივე ბუნდოვანია, როგორიც მხოლოდ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო ნაცვლად 2020 წლისა. ეს განცხადება კიდევ უფრო გაამყარებს იმ ბუნდოვან და გაუგებარ არგუმენტებს, რომელსაც ნულოვანი ბარიერის მომხრეები სახავენ. ძლივს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, გვაქვს შანსი, მოვიცილოთ ეს მანკიერი სისტემა და ჯობია ამ ცვლილებას აზრიანად და ლოგიკურად შევხვდეთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს