ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური არქეტიპი - კვირის პალიტრა

ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური არქეტიპი

ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ, რომ პოლიტიკური ელიტა დაშორდა ხალხის რეალურ მოთხოვნილებებს. ბევრის აზრით ამომრჩეველი გაიზარდა და აღარ "ჭამს" 90-იანი წლებიდან დღემდე არსებულ პოლიტიკურ რიტორიკას, ესთეტიკას და მორალს. ირაკლი ოქრუაშვილი ზედმიწევნით კარგად გამოხატავს წარმავალი (იმედი მაქვს) პოლიტიკური კულტურის არსს.

ის ქართველი პოლიტიკოსის ერთგვარი არქეტიპია, რომელიც თავის თავში ძალიან ბევრ რამეს იტევს. მოკლედ ჩამოვთვალოთ მისი თანდაყოლილი თუ შეძენილი მახასიათებლები: მამაკაცი (ოღონდ "ნამდვილი", "მუჟიკი" და არა "დედალი", რომელიც ახალ წელს ცხინვალში უნდა შეხვედროდა, რომ არა ბედის უკუღმართობა), "ბრუტალური" ("გონკაობს" ტანკებით, ჯარისკაცებს "დედლებს" ეძახის), ახალგაზრდა (ჯერ კიდევ), "სპასობნი", წინააღმდეგობრივი (მარტივი გზები არ უყვარს, ეკლიანი გზებით დადის მუდმივად), უყვარს არაფორმალური ურთიერთობები (გადაფორმება - გადმოფორმება, წილები, დაშინებები, ჩაწყობები, რესტორნებში საქმეების მოგვარება, "რასკლადების" დაჯენა, სიები და ა. შ.), უპრინციპო (სულ ერთია ვის გვერდით დადგება, მთავარია ძალაუფლება), "პროდასავლური" (თუმცა, რომ რამე, პრორუსებთანაც ითანამშრომლებს სამშობლოს თუ დასჭირდა), ერთდროულად შეუძლია ისაუბროს როგორც ენჯეო, ისე არაპოლიტკორექტულ ენებზე (ქიბარ ხალვაში, როგორც თვითონ ამბობს, ხან "ნომინალური ფიგურაა", ხანაც "მისი შნირი"), არ ეშლება არც ტრადიციები და არც ევროპა-ამერიკები, უყვარს "ბოზებიც" და "მანდილოსნებიც" (საუბარია მისი ტიპაჟიდან და საჯარო იმიჯიდან გამომდინარე პროექციებზე და არა რაიმე რეალურ მაგალითებზე, ანუ პოლიტიკოსს ქალები თუ არ "ევასება", ისე ვერ "გაქაჩავს"), ფერფლიდან აღმდგარი (დღეს "სამშობლოს მოღალატეა" ხვალ "განმათავისუფლებელი"), შავი საქმეების მომგვარებელი (როგორც ამბობს პოლიტიკა ბინძური საქმეა, საქმეებსაც ბინძურად აგვარებს, ამით ერთგვარად "მსხვერპლზეც" მიდის, რომ ჩვენ, მოკვდავმა ამომრჩევლებმა თავი მშვიდად ვიგრძნოთ, თვითონ კი, ყველანაირი გზით, საქართველოს ემსახუროს"), ისიც იცის და ისიც, ლაშქარ-მრავალი-ყმიანი...

ეს კაცი ნამდვილად "იმსახურებს" ერთი ძეგლის დადგმას.

იხილეთ ასევე: პირველად იყო არა სიტყვა, არამედ ირაკლი ოქრუაშვილი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს