90-იანებიდან დღემდე, ანუ ევროპა როგორც თავშესაფარი - კვირის პალიტრა

90-იანებიდან დღემდე, ანუ ევროპა როგორც თავშესაფარი

90-იანი წლებიდან დღემდე ქართულ საჯარო პოლიტიკურ სივრცეში ძირითადად ორი იდეის დაპირისპირებას ვხედავთ: ევროპა, იგივე პროდასავლურობა, რომელშიც ამერიკასაც მოიაზრებენ ხოლმე და რუსეთი. რეალობა ასეთია: ერთ მხარეს გვყავს მეზობელი, რომელიც ტერიტორიებს გვართმევს, მუდმივად პროვოკაციებზე წამოკიდებას და საინფორმაციო ომის მოგებას ცდილობს, მეორე მხარეს კი გამოსავლად ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას მოვიაზრებთ, მათ ფრთებს ქვეშ ვხედავთ განვითარების იმედს და ვცდილობთ, როგორმე ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადავინაცვლოთ, მოკლედ "ევროპაში დაბრუნებას" ვცდილობთ.

რუსული პოლიტიკური ელიტის გაცხადებული და "ჩუმი ჩანაფიქრები" რაც არის, მეტნაკლებად გასაგები და ნათელია, ამ შემთხვევაში ყურადღება პროდასავლურ არჩევანზე მინდა გავამახვილო. უფრო კონკრეტულად იმაზე, თუ როგორ ცდილობს ჩვენი პოლიტიკური ელიტა, 90-იანი წლებიდან დღემდე, თავისი შეცდომების და გადაცდომების გამართლებას პროდასავლურობის იმიჯით. მოდით დასავლეთი - რუსეთის დაპირისპირების ისტორია ცოტა შორიდან დავიწყოთ. დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ხანებში, ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს, ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის აგენტები იყო. გამსახურდია ყველა ფეხის ნაბიჯზე აგენტებს ხედავდა (ალბათ არცთუ უსაფუძვლოდ). მისი მმართველობა რეალურად ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა, საბოლოოდ ის მოკლეს თუ თავი მოიკლა, რუსეთის ხელი მის ჩამოგდებაში, ალბათ მაინც ერია. მერე იყო ედუარდ შევარდნაძის მდორე პერიოდი, როდესაც ქვეყანაში ოდნავ დაისადგურა სტაბილურობამ. შევარდნაძე, სხვა თუ არაფერი, ჭკვიანი, ეშმაკი პოლიტიკოსი იყო. იმ "სიბნელეში" გადარჩენა მარტივი საქმე არ ყოფილა. ყველაზე რთულ და კრიზისულ მომენტებში ისიც პროდასავლურობას ამოეფარებოდა ხოლმე ("ბეიკერთან ძმაკაცობს", "იმას პირადად იცნობს, ამას პირადად იცნობს", "ბერლინის კედელი დაანგრია და ჩვენ როგორ ვერ მოგვხედავს?"). მას, პირველ რიგში, როგორც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბევრი იცნობდა მსოფლიოში. კორუფციის, სტაგნაციის, უიმედობის და მასობრივი ნიჰილიზმის გადასაწონად დასავლეთში მისი კავშირები ითვლებოდა.

შემდეგ იყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობა. ვარდების რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებამ, განსაკუთრებით მმართველობის პირველ წლებში, მართლაც მიაღწია გარკვეული სახის წარმატებებს. ეს პირველ რიგში სახელმწიფო აპარატის გამართვას და ქვედა რგოლში მასობრივი კორუფციის მოსპობით გამოიხატებოდა, თუმცა ადამიანის უფლებები ყოველთვის იყო "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის მთავარი პრობლემა. პროდასავლურობა და ევროპის პოპულარიზაციის რიტორიკა ყველაზე მეტად ალბათ ამ დროს დაიწყო. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ბოლო წლებში ევროსკეპტიციზმმა იმატა. ამას თავისი მიზეზებიც ქონდა. ცისფერი ეკრანიდან ადამიანი ხედავდა კანონის უზენაესობას, სხვადასხვა რეიტინგით ქვეყნის წინ სვლას, სხვადასხვა ევროპელი და ამერიკელი ლიდერის საქებარ სიტყვებს ხელისუფლების მისამართით, ხოლო საკუთარ თავზე და მის ირგვლივ ეს ნაკლებად იგრძნობოდა. განსაკუთრებით 2008 წელს, რუსეთთან წაგებული ომის შემდეგ, ხშირად ხელისუფლების კრიტიკა რუსეთის წისქვილზე წყალის დასხმად და ანტიდასავლურ ქმედებად ინათლებოდა მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ ("მტერი 40 კილომეტრშია"). იქმნებოდა აზრი, რომ ქვეყანა წინ მიდის, ევროპისკენ, ვინც ამ მატარებელს "შემოახტებოდა" ხომ კარგი, თუ არადა რჩებოდა "ჩარეცხილ" საბჭოთა საქართველოში. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ "ჩარეცხილთა" რაოდენობამ გადააჭარბა "პროგრესულებს" და დაღლილმა ხალხმაც "ოცნება" აირჩია. მოსახლეობამ ცოტა კი დაისვენა, მაგრამ ეს "დასვენება" დიდხანს გაუგრძელდა. "თავისუფალი სუნთქვა" არ აღმოჩნდა საკმარისი, განვითარების ეს ტემპი ალბათ "ოცნების" ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერებსაც კი არ აკმაყოფილებს. ოპოზიციის და არასამთავრობოთა დიდი ნაწილი მუდმივად ადანაშაულებს ხელისუფლებას, რომ "რუსებს კარგად არ ლანძღავს", ესენიც, უკვე მერვე წელია, თავის მართლების რეჟიმში არიან და ცდილობენ მოსახლეობას დაუმტკიცონ ევროპისადმი ერთგულება და რუსეთის გმობა. არც "ოცნებაა" გამონაკლისი და შიგადაშიგ შეცდომების და არაპოპულარული ნაბიჯების გამართლებას პროდასავლურობის მანდატით ცდილობს.

რასაკვირველია, პროდასავლურობის იდეის შინაარსგამოცლილი და ზედაპირული გაგების პრობლემა არა თავისთავად დასავლეთში, არამედ ჩვენს უახლეს ისტორიაშია, უფრო სწორად კი იმაში, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენივე ისტორიას და გამოცდილებას. საბჭოთა კავშირის დაშლა დიდი ცვლილება იყო მთელი მსოფლიოსთვის, პირველ რიგში კი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. მოხდა ისე, რომ უამრავ სფეროში, საბჭოთა დროინდელი გამოცდილების გაგრძელება დამოუკიდებელ საქათველოში არ და ვერ მოხერხდა. ტრანზიციის პერიოდი იმაზე რთული და გრძელვადიანი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ყველა მოელოდა. ("დამოუკიდებლობისთვის ბალახსაც შევჭამთ", "სხვა თუ არაფერი წყალს გავყიდით და ფულს ვიშოვით" და მსგავსი რწმენები, რწმენებად დარჩა). დღემდე ჩვენი ყველა წარუმატებლობის პროექციას საბჭოთა კავშირზე და საბჭოთა წარსულზე ვახდენთ. ყველაფერი ცუდი დავტოვეთ ბნელ საბჭოთა კავშირში და ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევად ერთადერთ ხსნად ნათელ ევროპას ვხედავთ, ვახდენთ იმ დროინდელი საქართველოს იდეალიზაციას, რომელიც ოდესღაც "ნამდვილი ევროპა" ყოფილა და ა. შ. ზოგი ინტელექტუალი უფრო შორსაც მიდის და თვლის, რომ ქვეყანას არაფერი ეშველება მანამ, სანამ საბჭოთა კავშირში დაბადებული ბოლო ადამიანი არ მოკვდება. ამას ძირითადად თვითონ საბჭოთა პერიოდ გამოვლილი ადამიანები ამბობენ, თავად წერენ საკუთარ თავს "ჩარეცხილთა" წარმოსახვით რიგებში და ამით, ერთგვარად, სამშობლოსთვის "მსხვერპლთშეწირვის" რიტუალში მონაწილეობენ.

საბჭოთა წარსული, მრავალი კუთხით, ტრავმატულია, მაგრამ ტრავმის გადამუშავება ზედაპირულად არ ხდება. ტრავმატულ მოვლენას ვერ მოიჭრი და ვერ გადააგდებ, ისტორიას ფურცელზე კი გააყალბებ ან/და წაშლი, მაგრამ გონებას ვერაფერს მოუხერხებ. ჩვენი ფსიქიკაც ასეა მოწყობილი, შესაძლოა უმეტესწილად ვირჩევთ რა დავიმახსოვროთ, მაგრამ ჩვენ ვერ ვწყვეტთ რა დავივიწყოთ, რადგან ფსიქიკას არაფერი არ ავიწყდება. ტრავმატული მოვლენა არაცნობიერში მაინც განაგრძობს არსებობას და იქედან ჩვენს შეწუხებას სხვადასხვა სიმპტომის სახით: "რუსები ჩვენს ენას ძაღლების ენას ეძახიან", "ალენ დელონი დეპრესიის დროს ვაჟა ფშაველას კითხულობს", "საბჭოთა კავშირში მხოლოდ მონები ცხოვრობდნენ", "რუსეთში ქართველები მეფეებივით იყვნენ", "ახალი თაობა ფერადია, დახეული ჯინსებით და საყურეებით დადიან, საბჭოთა ხალხი კი ვიყავით ჩაშავებული და დაბნელებული", "გრუზინი პრიშლიიი" და ა. შ. და ა. შ. უფრო მეტიც, არსებობს ტრანსგენერაციული ტრავმა, როდესაც ტრავმატული მოვლენა თაობების შემდეგაც აგრძელებს არსებობას. ტრავმის გადამუშავებისას ისტორია კი არ გააშავო, გაათეთრო ან გააყალბო, არამედ გამოცდილებად უნდა აქციო.

ისევ პოლიტიკას დავუბრუნდეთ. დღეს, ბოლო წლების განმავლობაში, ისეა მოთხოვნილება ე.წ. მესამე ძალაზე, როგორც არასდროს. პოლიტიკური ელიტა, თავისი საქმეების ჩაწყობებით, წილებით, გადაფორმება-გადმოფორმებებით, ნაცნობობით და ოჯახიშვილობით ვერ პასუხობს მოსახლეობის დიდი ნაწილის გამოწვევებს და პოლიტიკურ გემოვნებას. ტრადიციულად, ახალი პოლიტიკური ძალა როგორც კი გამოჩნდება, მაშინვე დაზეპირებულად, მანტრასავით იმეორებს თავის პროდასავლურ კურსს და ანტისაბჭოთა მესიჯებს. პროდასავლურობა რომ კარგ ტონად ითვლება მშვენიერია, მაგრამ მხოლოდ რიტორიკა ევროპელად ვერ გაქცევს. გარდა ევროატლანტიკური მისწრაფებებისა არსებობს მრავალი სხვა კრიტერიუმი, რომელიც გადამწყვეტია პოლიტიკური პროცესებისთვის. მაგალითად პარტია მემარცხენეა, ცენტრისტი თუ მემარჯვენე, კონკრეტულ საკითხში რომლისკენ უფრო იხრება, როგორი პოლიტიკური ხედვა აქვს დასაქმების საკითხში, როგორ უყურებს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, რა მიაჩნია ეკონომიკური პრობლემების მოგვარების საუკეთესო გზად, დიდ მთავრობას ემხრობა, მცირე მთავრობას, თუ საერთოდ მთავრობის გაუქმებისკენ სწრაფვას და ა. შ. სატელევიზიო დისკუსიებსა თუ საჯარო დებატებში ეს საკითხები ნაკლებად, ან საერთოდ არ განიხილება. ძირითადად საკითხი ამოიწურება იმით, პარტია თავს მოიაზრებს პროდასავლურად და მოწინააღმდეგე მხარეს ეძახის მოღალატეს თუ არა. შემდგომ ამას მოყვება კომპრომატების დატოლება, ვის სად რა "მიუქარავს", კომპრომატები კი, იცოცხლე, ყველა მხარეს საკმარისზე მეტი აქვს.

თანამედროვე სამყაროში, ბოლო დროს, ხშირად საუბრობენ მემარცხენეობა-მემარჯვენეობის დაპირისპირების მოძველების შესახებ მისი პრიმიტიულობის გამო. ჩვენთან კი, როგორც ეს ნამდვილ პერიფერიას შეესაბამება, მაქამდე მისვლა სანატრელი გვაქვს, რა მემარცხენეობა, რის მემარჯვენეობა, ცენტრისტობა, მწვანეობა, ლიბერტარიანიზმი თუ ანარქიზმი, ეს ყველაფერი ქართული საჯარო სივრცისთვის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ "ჩინურია". ჩვენ მხოლოდ ორ ხაზს ვცნობთ: პირველი, პროდასავლურობა, ანუ პროგრესი და მეორე, პრორუსულობა, როგორც რეგრესი, "ვსიო", წერტილი. შესაბამისად, თუ კი რამე ახდენს ევროპული იდეების პროფანაციას, ეს პირველ რიგში პოპულისტი პოლიტიკური ელიტაა, რომელსაც ზურგის ქარს ხანდახან (და არა ყოველთვის), სამწუხაროდ ხალხი აძლევს.

საბოლოოდ კი, თუ ვერ გადავლახავთ ჩვენი უახლესი ისტორიის და საბჭოთა წარსულის გამოცდილების კომპლექსს, ძალიან გაგვიჭირდება თანამედროვე სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნა და კიდევ დიდხანს გავაგრძელებთ რეალური შინაარსიდან დაცლილ იდეებში ზედაპირულ ტივტივს. ამით კი, პირველ რიგში, სხვადასხვა დროს, ქვეყნის შიდა და გარე არაკეთილმოსურნე პოლიტიკური მმართველები მოითბობენ ხელს. დაბოლოს, ეს ტექსტი არ ემსახურება პათეტიკურ მოწოდებას, რომ ყველა აუცილებლად ერთი "ჭეშმარიტების" ირგვლივ უნდა გაერთიანდეს, პირიქით, რეალურად ის ევროპა და დასავლეთი გვჭირდება, რომლისთვისაც პოპულიზმის, ავტორიტარიზმის, სიყალბის, ზედაპირულობის და სხვა მანკიერი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებლად მოიაზრებს არა დაზეპირებულ, "დაშტამპულ" აზროვნებას, არამედ ამჟამინდელი მდგომარეობის და საკუთარი ისტორიის მუდმივ გადააზრებას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს