ქაცარავა, დრონი, გავრილოვი და პატრიოტიზმი - კვირის პალიტრა

ქაცარავა, დრონი, გავრილოვი და პატრიოტიზმი

ამ ორიოდე დღის წინ, სამოქალაქო აქტივისტმა დავით ქაცარავამ "ფეისბუკზე" დაპოსტა, რომ ჩამოაგდო "რუსოსური" დრონი, შემდეგ მოვიდა პოლიცია და წაართვა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ისტორიაა, ზოგს ამაზე გაეღიმება ირონიულად, ზოგსაც დააინტერესებს, როგორ შეძლო სამოქალაქო პირმა სამხედრო პროცესში ჩართვა, ზოგიც გულზე მჯიღს დაიცემს, რომ ოკუპანტის საკუთრება გაანადგურა. მიუხედავად იმისა, ვის რა გრძნობები ამოძრავებს, ვფიქრობ, საღი აზრის დონეზე, რაღაცეები უკეთ გასაანალიზებელია.

ჩვენ დიდი ხანია საომარი, კონფლიქტური სიტუაცია გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან და ჩვენს ტერიტორიაზე მყოფ სეპარატისტ ხელისუფლებებთან. საომარ მდგომარეობას და კონფლიქტს აქვს მრავალი წახნაგი და ე. წ. საზღვრის ტერიტორიაზე მოქმედებების დროს მრავალი რამ არის გასათვალისწინებელი: გეოპოლიტიკური ვითარება, მეტი ძალაუფლება, ადამიანების დაშავების საფრთხე, დაზვერვის და კონტრდაზვერვის საიდუმლო ინფორმაციები, განწყობები ჩვენს მოსახლეობაში და საზღვარგარეთ და მილიონი სხვა რამ. ყველა ამ ოფიციალურ და არაოფიციალურ ინფორმაციაზე ყველაზე კარგად ხელი მიუწვდება ხელისუფლებას და მასვე აქვს უფლებაც და პასუხისმგებლობაც საჭირო დროს, საჭირო ადგილას გამოიყენოს (ან არ გამოიყენოს) ლეგიტიმური ძალა. ეს ბერკეტები რამდენად აქვს ხელისუფლებას და რამდენად ეფექტურად იყენებს მას, ან შეუძლია თუ შეეძლება სამომავლო უსიამოვნებების თავიდან არიდება, ამაზე დავა ყოველთვის შესაძლებელი და აუცილებელიცაა.

ამ შემთხვევაში საკითხი სხვა რამეს შეეხება, კერძოდ, რამდენად პასუხისმგებლობით იქცევა ადამიანი, რომელიც საზღვართან აგდებს, თუნდაც ჩვენი მტერი სახელმწიფოს დრონს, რომელიც მყისიერ საფრთხეს არ წარმოადგენს. რამდენად კარგად ითვალისწინებს ადამიანი იმ საფრთხეებს, რომელიც ამ, ერთი შეხედვით ნაკლებად მძიმე შემთხვევამ შესაძლოა გამოიწვიოს?

ფაქტი ერთია, სამწუხაროდ, ჩვენ ვიმყოფებით არათანაბარ დაპირისპირებაში რუსეთთან. რუსულ დრონებს და უპილოტო თვითმფრინავებს ჩვენნაირი თავდაცვის შესაძლებლობის ქვეყანა კი არა, იაპონია და სხვა მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების ქვეყნები არ აგდებენ გასაგები მიზეზების გამო. აქვე აუცილებლად დასაკონკრეტებელია, ის, რომ რუსეთთან არათანაბარ პირობებში გვაქვს კონფლიქტი, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს უპირობოდ დანებებას და თავის დახრას, საქმე ეხება უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებას.

დავით ქაცარავა სამოქალაქო აქტივისტია, პოპულარული ადამიანი, საჯარო პირია და შესაბამისად, მზად უნდა იყოს კრიტიკისთვის და მის ქმედებებზე პასუხის გაცემისთვის. პასუხისმგებლობა ქვეყნის საქმეებზე, პირველ რიგში ხელისუფლებას ეკისრება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა ადამიანი, თუნდაც მორალური პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ ავადსახსენებელი გავრილოვის საქმე. პირველ რიგში, უპირობოდ, ხელისუფლებაა დამნაშავე გავრილოვის შემოშვებიდან დაწყებული და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დასმით დამთავრებული.

თუმცა მნიშვნელოვანია შემდგომი პროცესებიც, როდესაც ქაცარავას ერთ-ერთი წინამძღოლობით (და არა ერთადერთი) და მოწოდებებით თავად გავრილოვს კვერცხები და წყლის ბოთლები დაუშინეს. გავრილოვი რაც არის და რასაც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოსთვის, უფრო ახლო წრეში, არაფორმალურ გარემოში, უკეთესად ვიტყოდი, მაგრამ აქ საქმე ეხება პასუხისმგებლობას, როცა შენმა ქმედებამ შესაძლოა მყისიერი საფრთხე გამოიწვიოს საზღვარზე მყოფი შენი მოქალაქეებისთვის. მოღალატის იარლიყის მოკვრის მოსურნე ადამიანებისთვის კიდევ უფრო კონკრეტულად უნდა განიმარტოს: გავრილოვი ქვეყნიდან გასაძევებელი იყო, მაგრამ კვერცხების და წყლების სროლის გარეშე, მშვიდობიანად. ბოლოს და ბოლოს, უპასუხისმგებლო ხალხის წყალობით, ის ძალით არ შემოსულა საქართველოში და ძალით არ წაუყვანია სხდომა.

ისევ ქაცარავას რომ დავუბრუნდეთ, კიდევ ერთხელ, გულანთებულობა, პატრიოტობა და ქვეყნის გაერთიანების თუნდაც გულწრფელი სურვილი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს უპასუხისმგებლო, რისკიანი ქცევის კრიტიკისგან თავდაცვის გარანტია. ბატონი ქაცარავას საქციელის კრიტიკა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მტერი სახელმწიფოს წისქვილზე წყლის დასხმას, კი, თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ, როგორც ჩანს, ხშირად სჭირდება ბევრს ამის გამეორება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს