პანდემია, მთავრობა, საპატრიარქო და ხალხი - კვირის პალიტრა

პანდემია, მთავრობა, საპატრიარქო და ხალხი

წარმოიდგინეთ, თქვენ და თქვენმა სამმა მეგობარმა გზა გადაკეტეთ, რა მოხდება? მოვა პატრული და ადმინისტრაციულ ჯარიმას გამოგიწერთ, სავარაუდოდ არც თუ ისე მცირე თანხას (გააჩნია გარემოებებს). ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენთან ერთად არასანქცირებულ მიტინგზე გზა გადაკეტა 20 000 მა კაცმა. ახლა რა მოხდება? მაქსიმუმ მოვიდეს პოლიცია, თუ შეძლებს გზიდან გადაგწევენ და არ დაგაჯარიმებენ. აქაც ხომ შერჩევითი სამართალია? სადაც სამი იქვე 20 000, რატომაც არა? ანუ არის კანონები, რომელთა დარღვევისთვის სახელმწიფო "ლეგალურად" თვალს ხუჭავს. ასეთი შემთხვევებია როდესაც კანონის აღსრულება არახარჯთეფექტურია, საფრთხე შეიძლება ისედაც გაქრეს, გამოიწვევს უარეს არეულობას და ა. შ.

დაახლოებით მსგავსი სიტუაცია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ აღდგომის ღამეს, სადაც ცხრა საათამდე ადამიანები ლეგალურად მივლენ ეკლესიებში და ცხრის მერე შეიკეტება ეკლესიებში, ეზოებში. სამ ადამიანზე მეტის შეკრება ჩვეულებრივი კანონდარღვევაა და ექვემდებარება დასჯას, კანონის აღსრულება კი იურიდიული თვალსაზრისით აუცილებელია. მთელი საქართველოს მასშტაბით ეკლესიებში სავარაუდოდ მრავალი ადამიანი მივა და ამ დროს წარმოვიდგინოთ პოლიციის ბარიკადები, არეულობა, უამრავი დაჭერილი ადამიანი. როგორ იქნება ეს ქცევა აღქმული მრევლის თვალში? (მიუხედავად იმისა მართალია ისინი თუ არა). და რამდენია მრევლი? კიდევ უფრო მეტია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც ეკლესიურია, იმ ღამეს არ მივა ეკლესიაში, მაგრამ როგორც კი გაიგებენ, რომ აღდგომის ღამეს იქნება მასიური დაპატიმრებები, გამოვა სახლიდან და ჩაერთვება ღია დაპირისპირებაში პოლიციის წინააღმდეგ. დიდი ალბათობით ეს იქნება მეორე ბართლომეს ღამე, ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა მოენატრება ბევრს, როდესაც აჟიტირებული ადამიანი, სარწმუნოების დაცვის მოტივით ღია დაპირისპირებაში შევა პოლიციასთან, ამ კარანტინის ფონზე კიდევ უფრო დაძაბულია ყველა და დაპირისპირებისთვის მეტი ფუნდამენტია შექმნილი. ასევე ვირუსის გადაცემის საფრთხეც მეტია ამ დროს.

ეს ბუნებრივია არ ნიშნავს, რომ ასეთ დროს ეკლესიაში ღამის თევას აქვს გამართლება. არა, ასეთ სიტუაციაში სხვა ადამიანების თუნდაც თეორიულად საფრთხეში ჩაგდება არის არასწორი, არ სჭირდება ამას დიდი ინტელექტუალური წიაღსვლები. არც ისაა სწორი, ვინც მოსახლეობას ბნელებად და ნათლებად ყოფს, ძალიან გამაღიზიანებელი პოზიციაა, მაგრამ, თუნდაც მრავალი სუბიექტური ჭეშმარიტებების შემთხვევებშიც, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, არსებობს მეტნაკლებად ობიექტური ჭეშმარიტება, რომელიც სამეცნიერო ცოდნას ეფუძნება და ეს არ ეწინააღმდეგება ღმერთის რწმენას. ეკლესიას აქვს სიმბოლური დატვირთვის ფუნქცია. ზიარების საიდუმლო არის სიმბოლური აქტი, ეს ასე რომ არ იყოს მაშინ ზიარების მატერიებს დააპატენტებდნენ, კაფსულებში ჩამოასხამდნენ და აფთიაქებში გაყიდნენ. რელიგია მეტწილად დოგმატურია, მაგრამ საპატრიარქო არის ინსტიტუცია, რომელსაც აქვს უფლებამოსილება გარემოებას მოარგოს სხვადასხვა ტექნიკური საკითხი.

დაბოლოს, მივადექით მთავარ მოქმედ აქტორს, ესაა საპატრიარქო. რომელსაც ამ რთულ გარემოებაში შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება. ფაქტი ფაქტია, რომ სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს არ აქვს გაანალიზებული ვირუსის რეალური საშიშროება. შესაძლოა თავად ვირუსი არ იყოს ისეთი ლეტალური, მაგრამ მთავარი გამოწვევა ამ შემთხვევაში ერთდროულად დაინფიცირებული ათასობით ადამიანია და ამ ნაკადის გაძლება ჩვენ კი არა ბევრად განვითარებული ქვეყნების სამედიცინო სექტორს არ შეუძლია (მითუმეტეს გვაქვს იტალიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების მძიმე მაგალითები). მოსახლეობის რაღაც ნაწილი ამას ვერ აცნობიერებს. გამოსავალი ასეთ დროს არის, რომ თავად საპატრიარქომ მოუწოდოს თავის მრევლს, არ მივიდნენ ეკლესიაში, აუხსნას ხალხს, რომ აღდგომაზე ეკლესიაში არწასვლა ღმერთის გმობა არ არის და ამ შემთხვევაში პირიქით, სხვა ადამიანების საფრთხეში ჩაგდება არ შეიძლება. უფრო კონკრეტულად კი ეს ილია მეორის გასაკეთებელია. რეალობა კი სამწუხაროდ სხვაგვარია, ეს არ კეთდება, ხალხს მოუწოდებენ რომ ცხრამდე მოვიდნენ ეკლესიაში და დილით ექვსიდან შეეძლებათ სახლში წასვლა.

ხელისუფლების, როგორც მსაჯულის როლი დიდია. ადამიანთა დიდ ნაწილს აქვს შეგრძნება, რომ შერჩევითი სამართალთან გავქვს საქმე. ყბადაღებული კითხვა რომ დავსვათ, ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო რატომ უნდა დავაჯარიმოთ მანქანაში მძღოლის გვერდით მჯდომი ოჯახის წევრი და არა ეკლესიაში გვერდიგვერდ მჭიდროდ მდგომი ადამიანები? (მიუხედავად სოციალური დისტანციის მოწოდებისა, რა თქმა უნდა, ეკლესიებში ეს უმეტესად ვერ ხერხდება). ხელისუფლებამ თითქოს მიაგნო "გამოსავალს" და 21 აპრილის ჩათვლით ყველანაირი მსუბუქი მანქანით გადაადგილება აკრძალა, ასევე აქამდე შერბილებული რიტორიკა გაამკაცრა და ხალხს ცალსახად მოუწოდა, რომ არ დაესწრნონ სააღდგომო ლიტურგიას. ამის საპასუხოდ საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ ავტომობილით გადაადგილების აკრძალვა არ ეხება ეკლესიის მსახურებს. ნაწილმა მღვდლებმა გამოიჩინეს პასუხისმგებლობა და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს, მაგრამ თავად საპატრიარქოს ინსტიტუციის სახელით ეს არ გაუკეთებია, შესაბამისად გამონაკლისი გამონაკლისად დარჩა. იქნება შთაბეჭდილება, რომ ამ მძიმე დროს საპატრიარქო და ხელისუფლება ერთმანეთში პინგპონგს თამაშობენ. ამ ყველაფერზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა საპატრიარქოზე, როგორც ინსტიტუციაზე მოდის. ნაცვლად სიტუაციის განმუხტვისა, თავისი ოფიციალური პოზიციით მრევლს წარმოსახვითი არჩევანის წინაშე აყენებს, ან ემსახუროს ამქვეყნიურ უსაფრთხოებას, ან გამოიჩინოს "გმირობა" და მიუხედევად უამრავი სირთულისა მივიდეს ეკლესიაში და პატივი მიაგოს მარადიულ ღირებულებას. ეს პანდემიაც გადაივლის ავად თუ კარგად, ამ სამწუხარო (რბილად რომ ვთქვათ) პოზიციის გამო საპატრიარქოს ავტორიტეტი უფრო დამდაბლდება, მაგრამ რეიტინგები გვერდით იყოს და ამ ყველაფრის გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჩვენ ყველანი დავზარალდებით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს