ზვიადი, მიშა, ფეხბურთი და დემოკრატია - კვირის პალიტრა

ზვიადი, მიშა, ფეხბურთი და დემოკრატია

1990 წლის 30 მარტს, საქართველოს პირველი საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნისთან დაკავშირებით ზვიად გამსახურდიამ მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა, შეკრებილ აუდიტორია ტრადიციულად საკუთარ და-ძმად მოიხსენია და დასძინა - "ძვირფასო მეგობრებო, ამ დღეს ქართული ფეხბურთი შემოუერთადა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას და იგი დღეიდან ჩვენთან ერთად იბრძვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის!"

ქართულ ფეხბურთს რამდენად შეუძლია ბრძოლა, მითუმეტეს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, შემდეგმა წლებმაც აჩვენა. თუმცა მივყვებთ მოვლენებს...

ოდნავ მოგვიანებით, "ვარდების რევოლუციის" ხანაში, უკვე მიხეილ სააკაშვილმა მოიწადინა 2003 წლიდან დაწყებული ნაციონალური "ფროსფერითის" ფერხულში ქართული ფეხბურთის ჩაყენება და ფარული თუ ღია ზეწოლების მეშვეობით, მისი აზრით, ნაკლებინტელექტუალური საზოგადოებიდან გამოსულ, ახლად არჩეულ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, დასავლეთში განათლება მიღებულ და ლიბერალურ იდეებთან ნაზიარებ, ნოდარ ახალკაც - უმცროსის სასარგებლოდ, თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.

ვისაც კი დემოკრატიის ანა-ბანისთვის და თანამედროვე სახელმწიფოს ფილოსოფიური საფუძვლებისთვის ზერელედ მაინც შეუვლია თვალი, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო თუ ის მართლა დემოკრატიულია, არსებითად ძალაუფლების დაყოფის პრინციპს ეფუძნება, სადაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებები ერთმანეთს ბოჭავენ და აკონტროლებენ.

თუმცა, აბა, როგორ შეეგუება ხბოს აღტყინების ფონზე უზარმაზარი მხარდაჭერით აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოკალათებული ქართველი მმართველი (ჩვენთან კი სამწუხაროდ ძირითადად სწორედ ასეთი მმართველები იცის) დამოუკიდებელ საკანონმდებლო ან სასამართლო ხელისუფლებას, როდესაც უბრალო დამოუკიდებელ და საკუთარი ამოცანების მიხედვით მოქმედ ფეხბურთის ფედერაციასაც კი ვერ ეგუება და ამგვარი ინსტიტუციის თეორიულად არსებობის დაშვებას კი პირად შეურაცხყოფად აღიქვამს?!

თანაც საგულისხმო ის არის, რომ ამგვარი უზურპატორული იდეებით აღძრული ქართველი მმართველი, თავისი ნატურით რომელიმე გერმანული ან ლათინო -ამერიკული ყაიდის დიქტატორს კი არ ჩამოჰგავს, რომელსაც თუ წინააღმდეგობას გავუწევთ, "გრძელი დანების ღამეს" მოგვიწყობს და სისხლის გუბეებს დააყენებს, არამედ ჭეშმარიტ ქართველ თამადის თავისებურ ვერსიას წარმოადგენს, რომლისთვისაც მის მორიგ ახირებაზე და მოვლენათა ეგზომ თავისებურ ინტერპრეტაციაზე, კვერის დაკვრას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

დიახ ჩვენ ხალხი, მისი ძალაუფლების წყარო, ვალდებული ვართ ავყვეთ მის ფანტაზიებს, ვაგრძნობინეთ თუ რა მაგრად გვესმის მისი ფარული ჩანაფიქრების (ხანდახან ჩათლახურისაც) სიღრმე და შორსმიმავლობა, თორემ მას ეწყინება, იტყვის, რომ მას არ მოუსმინეს, ვერ გაუგეს, დაგვამუნათებს და გაგვებუტება.

ჩვენნც რაღა დაგვრჩენია? ვმაიმუნობთ და ვღლაბუცობთ ჩვენი მმართველის გულის გასახარად, ვეუბნებით ზვიადს, რომ ის აბსოლიტურად მართალია, ქართული ფეხბურთი მისი სიტყვის წარმოთქმისთანავე შეუდგება რუსეთის იმპერიული ფეხბურთისთვის ძირის გამოთხრას, რადგან არსებითად სწორედ ეს იყო მისი მოწოდება და სანამ ის ღიად გაათავისუფლებდა, მანამდე ქართველი ფეხბურთელები ფარულად " დისიდენტურ ფეხბურთს" თამაშობდნენ; ვეუბნებით, რომ კავკასიის რეგიონში, სადაც ყველა ქვეყანა თუ ცალკე ეთნოსი კალაშნიკოვით და ტანკით ცდილობს საკუთარი თავის გადარჩენას, ჩვენ მტრისთვის ყვავილიების სროლა გადაგვარჩენს, მიშას კი ვაქეზებთ და ვაგულიანებთ რომ არ გაჩერდეს, არ შეწყვიტოს, არ დააგდოს ეს საოცარი რეფორმატორული ტემპი და ერთად მოახდინოს ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური, ადმინისტრაციული,კულტურული, კულტმასობრივი, სექსუალური და რა ვიცი კიდევ რამენაირი რევოლუცია.

ამ ყველაფრით კი ჩვენ, თავსაც და ხბოს აღტყინების ფონზე მოსულ მმართველსაც დათვურ სამსახურს ვუწევთ. ბოლოს კი ყველა ასეთი ლიდერის ისტორია ერთნაირად მთავრდება, მმართველს ჩვენს მიერ წახალისებული ფანტაზიის წყალობით ისეთი უტოპიური იდეები ებადება, რომლის განხორციელებასაც უკვე ჩვენი კვერის დაკვრაც ვეღარ შველის, (ზვიადისთვის ეს რუსეთის ეკონომიკური ბლოკადით დაჩოქების წყურვილი იყო, მიშასთვის კი " ძირმომპალი იმპერიის" სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან თოფ-იარაღით გაყრის აზრი) და საერთო სახალხო აღტაცების ფონზე არჩეული მმართველიც ტრაგიკულად ამთავრებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, ხანდახან კი, სამწუხაროდ, სიცოცხლესაც.