რა საერთო აქვთ ჰარვი ვაინშტაინსა და ალუდა ქეთელაურს? - კვირის პალიტრა

რა საერთო აქვთ ჰარვი ვაინშტაინსა და ალუდა ქეთელაურს?

ჰარვი ვაინშტაინი ერთ დროს ძალიან დავლათიანი კაცი იყო, ამერიკაში ალბათ საფიხვნო არ არის, მაგრამ ჭკუის საკითხავ კაცებად მაინც მიიჩნევიან ვიღაც-ვიღაცეები და ბატონი ვაინშტაინი ნამდვილად ერთ-ერთი მათგანი გახლდათ.

წლების განმავლობაში მისი პროდიუსერობით დამზადებული ფილმები ოსკარების ტრიუმფატორები ხდებოდნენ და ჰარვიც, როგორც ამერიკული ელიტის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, წელშიგამართული დააბიჯებდა ამერიკული ქალაქების, მეტწილად ალბათ ლოს-ანჯელესის ქუჩებში. კინოში ხომ ამბობდა თავის სიტყვას და ნელ-ნელა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროზეც დაიწყო პოზიციის გამოხატვა, რესპუბლიკელები არ უყვარდა, ალბათ ზედმეტი ფუნდამენტალიზმის გამო, ყველას ჰილარი კლინტონისთვის ერთგულების შეფიცვას და დემოკრატიული ამერიკის გამარჯვებისთვის ბრძოლას სთავაზობდა.

თუმცა ეს ყველაფერი უკვე წარსულია, აღმოჩნდა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული პროდიუსერი დაუცველ, დამწყებ ამერიკელ მსახიობ ქალებზე ძალადობდა. ამ ინფორმაციის გავრცელებამ სრულიად ამერიკული საზოგადოება შოკში ჩააგდო, ამერიკული ელიტა დაიბნა... საქმე უპრეცედენტო იყო, ვაინშტაინისგან შევიწროვებული ქალების სია კი ყოველდღიურად იზრდებოდა, იმ წრისგან რომლის განუყოფელ ნაწილსაც ბატონი ჰარვი წარმოადგენდა დაუყოვნებლივი მოქმედებები იყო საჭირო, ეს კი მთლად ადვილი საქმე არ გახდლდათ, გამოძიებას, სასამართლოს, ათას სხვა სამართლებრივ პროცედურებს დიდი დრო სჭირდებოდა, უსამართლოდ დაჩაგრული ქალების ცრემლი კი როგორც ხევისბერი გოჩა იტყოდა, ცას შესჩუჩუხებდა და დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვდა, ამერიკულმა ელიტამაც იგრძნო ეს ყველაფერი და გააკეთა ის, რასაც მაინცდამაინც დიდი დრო არ სჭირდებოდა, ჰარვი ვაინშტაინი საკუთარი სახელობის კომპანიიდან გააგდეს, მისი პროდუქციის ტიტრებიდან ამოშალეს და უკვე დამტკიცებული პროექტები ჩამოართვეს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მოიკვეთეს, დიახ, ვაინშტაინს მისი მეგობრები, კოლეგები და ერთ დროს თანამოაზრენი ზუსტად ისე მოექცნენ, როგორც ხევსურები ალუდა ქეთელაურს, ანუ აღმოიღეს იგი და გადააგდეს, როგორც მაცდური მარცხენა თვალი.

რა თქმა უნდა, ალუდას და ვაინშტაინის მიერ თემის წინაშე ჩადენილი დანაშაული აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპისაა, ალუდა საკუთარი საქციელით თანატომელთა ახალ, უფრო სამართლიან და კაცთმოყვარე გზაზე დაყენებას ისახავდა მიზნად, ვაინშტაინი კი ყოველივე ზოგადსაკაცობრიო იდეალების დარღვევით, ქალების წინაშე მათი ნების საწინააღმდეგოდ მასტურბირების უფლების შენარჩუნებისკენ ისწრაფოდა... თუმცა მათ დანაშაულს მაინც აქვს რაღაც საერთო - ორივეს საქციელი მათი მშობლიური თემისთვის სახეში ნასროლ ხელთათმანს წარმოადგენს, ანუ ისეთი ტიპის დანაშაულს, რომელიც თვითონ თემის არსებობას უქმნის ეგზისტენციურ საფრთხეს. შესაბამისად, მათი მოკვეთა უფრო თემის მხრიდან გატარებული თავდაცვითი მოქმედებაა და არა დამნაშავის სათანადოდ დასჯის მცდელობა.

მთელ ამ ამბავში პარადოქსული კი ის არის, რომ ერთი შეხედვით, ლიბერალურ-დემოკრატიული, ჰობსის, ლოკის, მონტესკიეს, ფუკუიამასა და სხვა პატივცემულ გვამთა იდეებზე აღმოცენებული, უაღრესად ჰუმანური და კაცთმოყვარე ამერიკული საზოგადოება, საზოგადოება, სადაც სამართლიანი სასამართლოს უფლება ყველა მოქალაქის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებაა, კრიტიკულ სიტუაციაში ზუსტად ისე იქცევა, როგორც სრულიად არქაული, მამა-პაპურ ადათზე და ტრადიციებზე დაფუძნებული ტომი. როგორც ის ძველი რეკლამა იტყოდა - არანაირი განსხვავება! რას ვიზამთ როცა ვითარება დაუყოვნებლივ მოქმედებებს ითხოვს სიღრმისეული მსჯელობების და ფილოსოფიის დრო ნაკლებად რჩება!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს