Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის, რევაზ საყევარიშვილის განცხადება და მისი ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან - $ 6,4 მილიარდის საიდუმლო
27-03-2012
Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის, რევაზ საყევარიშვილის განცხადება და მისი ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან - $ 6,4 მილიარდის საიდუმლო
მოგეხსენებათ, გასული წლის ოქტომბრიდან გახლავართ Forbes Georgia-ის მთავარი რედაქტორი. მიმაჩნია, რომ ეს ჩემთვის არის ერთდროულად როგორც განსაკუთრებული პროფესიული გამოწვევა, ასევე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც, ვინაიდან დიდ პატივად მიმაჩნია, როდესაც გეძლევა საშუალება, იმუშაო მსოფლიო ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და კომპეტენტური მედია-ბრენდის ქოლგის ქვეშ, რომლის ობიექტურობა და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი უეჭველია.

ვფიქრობ, მსგავსი ისტორიის, სანდოობისა და გავლენის მქონე მედია-ინსტიტუტების საქართველოში შემოსვლა და დამკვიდრება ქვეყანაში მედიის განვითარების, ჟურნალისტიკის პროფესიული დონის ამაღლებისა და მედია-გარემოს გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ხელისშემწყობი
გარემოებაა.  

სწორედ ამ მოტივით მივიღე მონაწილეობა Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის შერჩევის პროცესში, რის შემდეგაც მომეცა საშუალება, გავმგზავრებულიყავი ნიუ-იორკში, სადაც Forbes-ის სათავო ოფისში კიდევ უფრო დეტალურად გავეცანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მედია-ბრენდის საქმიანობის პრონციპებსა და წესებს.

საგულისხმოა, რომ ჩემი Forbes Georgia-ში საქმიანობის პერიოდში საქართველოში Forbes-ის
გამოცემის უფლების მქონე კომპანია Media Partners-ის პრეზიდენტ გაგიკ ეღიაზარიანთან არაერთხელ გამოიკვეთა კონფლიქტი, რომელიც განპირობებული იყო მისი მუდმივი მცდელობით, დაერღვია როგორც Forbes-ის, ასევე ზოგადად დამოუკიდებელი მედიის მუშაობის უმთავრესი პრინციპები, რაც სარედაქციო საქმიანობის დამოუკიდებლობასა და ცენზურის დაუშვებლობაში გამოიხატება.

კონფლიქტმა განსაკუთრებით მწვავე სახე მიიღო მას შემდეგ, რაც ამერიკულმა Forbes-მა მარტის ნომერში ტრადიციული მილიარდერთა რეიტინგი გამოაქვეყნა, მასში ბიძინას ივანიშვილის შესახებ სტატია განათავსა და შესაბამისი ანონსი ჟურნალის ყდაზეც გამოიტანა.

როგორც მთავარი რედაქტორი, მანამდეც ვთვლიდი, რომ Forbes-ის მილარდერთა სიის ერთადერთი ქართველი ფიგურანტი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხვედრილიყო Forbes Georgia-ს ყურადღების ფოკუსში. ამერიკულ Forbes-ში ივანიშვილის შესახებ სტატიის დაბეჭდვის შემდეგ მივიჩნიე, რომ სწორედ ამჟამად იყო ყველაზე უპრიანი დრო და როგორც ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა მივიღე გადაწყვეტილება, რომ ქართულ რედაქციასაც მოგვემზადებინა სტატია მის შესახებ.

სწორედ ამ ვითარებაში შევეჯახე ბატონ ეღიაზარიანის კატეგორულ წინააღმდეგობას, რაც თავდაპირველად რედაქციის მიერ ივანიშვილის შესახებ დაგეგმილი პუბლიკაციის საერთოდ ამოღების, მოგვიანებით ივანიშვილთან ინტერვიუს პროცესში დასასმელი კითხვარის შედგენაში ჩარევის, პუბლიკაციის მომზადების შემდეგ კი მისი პირდაპირი და უხეში ცენზურის მცდელობაში გამოიხატა.

ვფიქრობ, დამფუძნებლის მხრიდან ცენზურის განხორციელების მცდელობა დიდწილად განპირობებულია მისი პირადი ნაცნობობით და მეგობრობით საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ გელა ბეჟუაშვილთან. ასევე მისი სურვილით, რომ Forbes Georgia-მ არ გამოაქვეყნოს იმ ტიპის პუბლიკაციები, რამაც შეიძლება ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვიოს.  

ყოოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე შეუძლებლად მიმაჩნია Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელება. დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო მუშაობაში უხეში ჩარევისა და გამოცემის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობისადმი პროტესტის ნიშნად მე ვტოვებ Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორობას. ამ გადაწყვეტილებისა და მის მოტივების შესახებ უკვე ვაცნობე Forbes-ის სათავო ოფისს ნიუ-ორკში.

დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში სისტემატური ჩარევისა და ცენზურის განხორციელების მცდელობის არაერთი ფაქტი მოიპოვება ჩვენს საქმიან მიმოწერაში (ელექტრონული ფოსტით დამფუძნებლის მიერ ჩემთვის მოწერილ წერილებში, სადაც ის დაბეჯითებით მოითხოვს სარედაქციო პოლიტიკის წარმოებას მისი პირადი შეხედულებების შესაბამისად). შიდა კორპორაციული ეთიკის პრინციპებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ამ მიმოწერას არ ვხდი საჯარო განხილვის საგნად. თუმცა, ვიტოვებ უფლებას, რომ საჭიროების შემთხევაში ეს დოკუმენტური მასალა გავხადო საჯარო და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

ამავე დროს, ვინაიდან Forbes Georgia-ს განკარგულებაში რჩება ჩემს მიერ მომზადებული ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან (რომლის ცენზურის მცდელობაც განხორციელდა დამფუძნებლის მხრიდან) და მე არ გამაჩნია არანაირი გარანტია, რომ ის საბოლოოდ არ დაიბეჭდება დამახინჯებული სახით, თავს ვალდებულად ვთვლი, საზოგადოებას წარვუდგინო მისი დედნისეული ვერსია, რათა გამოირიცხოს ამ პუბლიკაციის არასათანადოდ გამოყენების შესაძლებლობა.

პატივისცემით, რევაზ საყევარიშვილი
Forbes Georgia-ს (ყოფილი) მთავარი რედაქტორი


იხილეთ ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან
mimino?
29 მარტი 2012 08:49
ბეჟუაშვილი და ეღიაზარიანი ანუ სომხური ინტერესების დაცვა ქართველების ხარჯზე საქართველოში
lado
28 მარტი 2012 23:28
საღოლ კაცი!!!!
nino
28 მარტი 2012 20:10
ძალიან მაინტერესებს ეს ასალა საიდან მოიტანეთ?.სტატიაში მსგავსი არაფერია

რედაქტორის რჩევით