რეპორტაჟი დავითგარეჯიდან
17-05-2012
რეპორტაჟი დავითგარეჯიდან
"საგარეჯო, დავითგარეჯი" - წარწერა და რელიეფი გვიჩვენებს, რომ ცოტაც და იმ წმინდა ადგილს მივუახლოვდებით, სადაც 6 ათასი ბერი ეწამა და ქედის ფერდზე უძველესი ფრესკებით მოხატული სამონასტრო კომპლექსია, რომლის ნაწილი ბოლო დროს ქართველი მლოცველებისა და ტურისტებისთვის მიუწვდომელი გახდა... – დავითგარეჯში სამჯერ მოლოცვა იერუსალიმში ერთხელ მოლოცვას უდრისო და სანამ ჩვენი ძმა აზერბაიჯანელები კარგ გუნებაზე არიან, მოვასწროთო, - უკბილოდ იხუმრა ერთმა თანამგზავრმა.

გზადაგზა ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნების" ბიჭები ლამის მივიწყებულ ქართულ სიმღერებს
მღეროდნენ, მათ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა აუბეს მხარი. დროდადრო ემოციური საუბრები გაისმოდა, - თუ დავთმეთ და გავჩუმდით, მადა გაეზრდებათ და მერე გვიან იქნება!.. მშვიდად, მაგრამ კატეგორიულად უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენია, ჩემი, შენი, ქვეყნის და არა მარტო ერთი კაცის, რომელსაც დავითგარეჯი ქვების გროვად მიაჩნია... სამაგიეროდ, კომპიუტერის გამავრცელებელი
საზოგადოება გვყავს და ნახევარმილიონიანი პალმები და კვიპაროსები...

ცოტაც და, სოფელ უდაბნოში ვართ. სოფლის მცხოვრებნი სამონასტრო კომპლექსისკენ მიმავალი ხალხის ნაკადს უკვე შეეჩვივნენ, მაგრამ მაინც მოდიან, სიცხესა და პაპანაქებაში არ იზარებენ და ტრანსპორტს მოკლეზე უჭრიან გზას.

ცხვრებით შეფენილ მწვანე გორებს ხელოვნური ტბები ენაცვლება. სამონასტრო კომპლექსამდე ერთ უცნაურშინაარსიან აბრას გადავაწყდით: "ნადირობა აკრძალულია. კერძო საკუთრებაა!" - იუწყებოდა ტრიალ მინდორში დარჭობილი "გაფრთხილება"...

VI საუკუნეში ასურელი მამა დავითის მიერ დაარსებულ ამ დიდებულ მხარეში პირველად ვარ. ამის აღიარების მერიდება, მაგრამ, ალბათ, მეც იმ სხვებივით სახეზე მაწერია მისი ნახვით გამოწვეული გაოცება. "საოცრებაა", - ამბობენ და თვალწინ გადაშლილ კომპლექსს გაოცებული მისჩერებიან. საეკლესიო მაღაზიასთან პოლიციის "ჰაილუქსი" დგას, თვალის დახამხამებაში მეორეც მოდის. მთებიდან მესაზღვრეები ჩამოდიან და მხიარულად გვესალმებიან... ჩემს კითხვაზე, რა ხდება ზევით? - თავაზიანად მპასუხობენ, - არაფერი, ახვალთ და თავადაც დარწმუნდებით, რომ არაფერი ხდება.

ტაძარში შევდივართ. მორჩილები დაგვყვებიან და გვაკვალიანებენ, იქნებ ქალის შესვლა ყველგან არ შეიძლება... ბერები, როგორც წესი, თავს გვარიდებენ. მხოლოდ ერთ ბერს მოვკარი თვალი, სატრაპეზოში ჯამით ხელში მიმავალს.

შემდეგ აღმართს შევუდექით, იქით, სადაც საქართველო-აზერბაიჯანის "ახალი საზღვარია". ცხელა, მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობს. საიდანღაც ადგილობრივები შემოგვიერთდნენ და გვაფრთხილებენ, შესასვენებლად არ გავჩერდეთ, თორემ დაღლილობას უფრო ვიგრძნობთ. "ქვეწარმავლებს უფრთხილდით. თუ ფეხს არ დააბიჯებთ, არაფერს დაგიშავებენ", - სვანური, ოღონდ ცოტა უცნაური აქცენტით მეუბნება შავტუხა ბიჭი და თეთრი კბილებით მიღიმის. დრო ვიხელთე და საუბარში ავიყოლიე. "რა უნდათ ჩვენს მეზობლებს?" "მიწა... მიწა უნდათ. მათთვის ეს სამონასტრო კომპლექსი ცარიელი მიწაა, სადაც ცხვარს გაშლიან საბალახოდ, ჩვენთვის კი სულიერი საუნჯე", - ამბობს ჩემი მეგზური და შეუსვენებლად სიარულს "მაიძულებს". საუბარში ვიყოლიებ: "მესაზღვრეებმა გვითხრეს, ზემოთ მდებარე აღდგომის ტაძარი მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე იხსნებოდაო. ის ტაძარი ყველა რელიგიურ დღესასწაულზე იხსნებოდა და ბერები წირვა-ლოცვას ატარებდნენ. თუმცა, ბოლო ხანებში მხოლოდ აღდგომას იხსნება".

ჭრელმა ქვეწარმავალმა შხუილით გაისრიალა. შიშისა და მოულოდენლობისგან არაადამიანურ ხმებს ვუშვებ. ამასობაში სხვებიც დაგვეწივნენ. ადგილობრივებს ჰგვანან. ერთ-ერთი 50 წელს გადაცილებული იქნება. დავითი მქვიაო, მითხრა:
- ძნელი გზებით ამოსვლამ იმიტომ მოგიწიათ, რომ კარგი გზაზე გავლის უფლებას უკვე აღარ გვაძლევენ, იმათი მესაზღვრები დგანან უკვე, მაგრამ ბრძოლას ჯერ კიდევ აქვს აზრი! რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმ ახალმონიშნული "საზღვრიდან" რამდენიმე მეტრში იდგნენ. შემდეგ, როცა საზოგადოება გააქტიურდა, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვებმაც გაიგეს და დღეში რამდენიმე ათეული ხალხით გაძეძგილი ავტობუსი თუ სამარშრუტო ტაქსი ამოდიოდა და თანდათან უკან დაიწიეს... ახლა სოფელში უამრავი სამუშაოა, მაგრამ როგორც აქეთ მომავალთ მოვკრავთ თვალს, ყველაფერს თავს ვანებებთ და ვცდილობთ, აქ დავხვდეთ. თქვენთვისაც ჯობს, ჩვენგან, პირველწყაროსგან გაიგოთ, რა ხდება...

- მოსახლეობას აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- ბოლო წლებში აღარ გვქონდა... ეს ახლა მოგვიახლოვდნენ, თორემ დასახლებული პუნქტი გეოგრაფიულად ადრე უფრო შორს იყო ჩვენგან. უდაბნო გვყოფდა და მეცხვარეები თუ გამოველაპარაკებოდით ერთმანეთს.

ელგუჯა, 53 წლის, სოფელ უდაბნოს მკვიდრი:
- ვითარება ახლა გამწვავდა, თორემ ტერიტორიებთან დაკავშირებული გაურკვევლობა, დიდი ხანია არსებობს. წლებია მათ ამ მიწაზე თვალი უჭირავთ. ჩვენ ეკომიგრანტები ვართ, ზოგი აჭარიდან, ზოგიც სვანეთიდან არის წამოსული. უფრო ადრე ჩასახლებულებმა გვითხრეს, რომ საზღვარი საბჭოთა წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ, ცენტრისა და თბილისის ცეკას "კეთილი ნებით" გადმოსწია... თუმცა, მეორე ვერსიით, პრობლემა უფრო ადრე, 1924 წელს დაიწყო, მაშინ ორ ქვეყანას შორის საზღვარმა გარეჯის მონაკვეთზე გაიარა, იქ, სადაც ჩიჩხიტურის სერია და კოშკი (ის ხელს უდაბნოში აღმრთულ კოშკისკენ იშვერს. - ავტ.)  

- ახლა რა ხდება?

- ადრე ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტრებში ასვლის უფლებას ხან გვაძლევდნენ და ხან არა, ეს მათ კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. ახლა იქ მხოლოდ ბერებს უშვებენ. ქედზე ქართველი მესაზღვრეები ჩააყენეს და იქით გადასვლის უფლებას არ გვაძლევენ, ვეღარც ტაძარში შევდივართ. ზემოთ, კელიაში ვანთებთ სანთლებს...

ამასობაში ქართველი მესაზღვრეებიც გამოჩნდნენ. თავაზიანად, მაგრამ კატეგორიულად გვთხოვეს, ქედს იქით არ გადავსულიყავით და წინ გადაგვეღობნენ. ერთ-ერთს ვკითხე:

- რატომ და როდიდან არ შეიძლება?

- ცოტა ხანს არ შეიძლება, გოგონა, წყალდიდობა ამ ტერიტორიასაც შეეხო და შესაძლოა, გამვლელს საფრთხე შეექმნას. თორემ წინა დღეებში ხალხი ჩვეულებრივ გადადიოდა, - არცთუ დამაჯერებლად ამბობს მესაზღვრე და თავის შეთხზულზე თავადაც ეცინება, - აქ მივლინებით ვართ, რასაც გვეუბნებიან, ვასრულებთ. ეს არის ჩვენი სამსახური... იცით, მერამდენე ექსკურსია ხართ ამ რამდენიმე დღეში?

- აზერბაიჯანელი მესაზღვრეები სად არიან?

- არ ვიცი, რამდენიმე დღის წინ მოვკარი თვალი, შემდეგ არ დამინახავს.

ე. წ. საზღვრამდე ასამდე კაცი ვართ ასული. ტალავარში გამოწყობილი და ფარ-შუბასხმული "შავფაროსნები" წარმოდგენის გასამართად ემზადებიან. ვიღაცას მორიელმა უკბინა. გამოცდილი მესაზღვრეები ამშვიდებენ, - სისხლი გამოუშვი და არაფერი მოგივაო. ვიღაცამ ჭრელი გველი დაიჭირა და ელვის უსწრაფესად წააცალა თავი. გაატყავეს კიდეც... მესაზღვრეები ჩვენს მიმართულებას აკვირდებიან, წინ მიდიან და "ზედმეტად" წინ გადაწევას არ გვირჩევენ. დაკეტილი ტაძრის რკინის კართან და მის გარშემო მომლოცველები შეკრებილან... ტაძრის კარსა და კედლებზე ანთებული სანთლებია მიკრული... რამდენიმე მეტრში, სულ რაღაც ხუთიოდე ნაბიჯზე, ქართველი მესაზღვრეები დგანან. არ შეიძლება ამ სურათს მშვიდად შეხედო.

- მტრებივით ნუ გვიყურებთ. ჩვენც ქართველები ვართ და ეს ქვეყანა თქვენზე ნაკლებად არ გვიყვარს, - მეუბნება ერთ-ერთი, - პრობლემა ახლა კი არა, წლების წინ დაიწყო. ჩემ უკან უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაა (შეუიარაღებელი თვალისთვის ძნელი აღსაქმელია, სად მთავრდება ჩვენი და სად იწყება აზერბაიჯანის საზღვარი. - ავტ.). რას ვიზამთ, საბჭოთა კავშირის მემკვიდრეები ვართ დაEეს პრობლემა ერთი ხელით მოსმით ვერ მოგვარდება.

საუბარს წითელმაისურიანი ქალის ლაპარაკი გვაწყვეტინებს:
- როცა ამდენი ადამიანი ერთდროულად ამოდის, წინასწარ უნდა ვიცოდე, - უკმაყოფილებას ვერ მალავს და გვიზუსტებს, რომ სოფლის საკრებულოს თავმჯდომარე ყოფილა და "ასეთი მასშტაბური აქციების შესახებ წინასწარ უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში, რათა ექსცესები თავიდან ავიცილოთ"... როგორც მივხვდით, ქალბატონი აზერბაიჯანული მხარის გაღიზიანებას ერიდებოდა.

მესაზღვრეებით გარშემორტყმული კელიისკენ წავედით. რამდენიმეკილომეტრიან წმინდა მიწაზე ეს ბოლო ქართული სალოცავია, სადაც სანთლის ანთება შეიძლება. ადგილობრივები იმედით შემოგვყურებენ. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აქედან რამდენიმე მეტრში იდგნენ. ეტყობა, ხალხის აქტიურობის გამო გაარიდეს თავი აქაურობას, მაგრამ ეს დროებითია. ჩვენმა პრეზიდენტმა დავითგარეჯს ქვების გროვა უწოდა, თუ მისთვის ამ ადგილს სხვა მნიშვნელობა არა აქვს, დაღუპულა საქართველო და ეგ არის, - ამბობენ სინანულით და არ მალავენ, რომ ხალხის აქტიურობის იმედი აქვთ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

ამავე თემაზე: მამა კირიონი: "გარეჯს გვართმევენ"


tengo
19 მაისი 2012 21:22
ეს მტავრობა საგინებელია და ვაგინებ კიდეც მაგრამ აქ რომ დავდო ეგ მოგალატე პალიტრა დაბლოკავს
elene
19 მაისი 2012 15:26
ჯუგა ბატონო სწორედ უდაბნოს მხოვრებლეზე ლაპარაკობს, თუ კარგად წაიკითხავთ სტატიას
tengo
18 მაისი 2012 22:21
რატო არ დებთ ჩემს კომენტარებს?

რედაქტორის რჩევით