"ქართული ოცნების" აქცია ქუთაისში - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" აქცია ქუთაისში

10 ივნისს, 18 საათზე ქუთაისში "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის და იმერეთის რეგიონის მოსახლეობის შეხვედრა შედგა. დავით აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვნის ასსაფეხურიან ცნობილ კიბესთან დაახლოებით 50 000 კაცმა მოიყარა თავი.

აქ ნახავდით არა მხოლოდ ქუთაისელებს, არამედ საგანგებოდ აქციისთვის რაიონებიდან ჩამოსულებს. ქალაქში შემოსული გრძელი ავტოკოლონები ადგილობრივ მოსახლეობას გამბედაობისკენ უბიძგებდა, ისინიც ყოყმანს წყვეტდნენ და აქციაზე მიდიოდნენ.  უშუალოდ შევესწარი ფაქტს, როდესაც სამტრედიიდან ჩამოსულთა გრძელ ავტოკოლონას ჩვეულებრივი, ქალაქის შიდა მარშრუტის ერთ-ერთი მიკროავტობუსის მგზავრები შეუერთდნენ. მძღოლს სთხოვეს, თუ ძმა ხარ, ხაზი შეცვალე და ასსაფეხურიან კიბესთან სადმე ახლოს დაგვტოვეო. პოლიციამ რომ გამაჩეროს, დამიცავთო? - ღიმილით იკითხა მძღოლმა, რომელმაც მალევე ტრანსპორტს სამარშრუტო ფირნიში მოხსნა და გადაწყვიტა მგზავრებთან ერთად აქციას შეერთებოდა.

დღეს აქციაზე გასვლას არ აპირებდით და უცებ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? - ვკითხე მძღოლს. მინდოდა, მაგრამ ხაზს ვერ მივატოვებდი, ახლა კი ამ ხალხმა ამანთო და ჩემში დაგროვილმა პროტესტმა იფეთქა. მტკივა, რაც ხდება ქვეყანაში, ქალაქში... მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც არ უნდა ჩახვიდე, როგორც როგორც უცხოელს, დაბალი ხელფასი გეძლევა ნებისმიერ სამსახურში, აქ კი, საკუთარ სამშობლოში მონებივით ვართ, ყველას ჩვენზე  მაღალი ხელფასი აქვს: ჩინელსაც, ევროპელსაც, უკრაინელსაც. ნახეთ პარლამენტის მშენებლობაზე რამდენი ეროვნების ხალხი იყო დასაქმებული - უცხოელები, მათ ჩვენზე მაღალი ანაზღაურება აქვთ, არადა იგივე საქმეზე დასაქმებულ ქართველებს გროშებს უხდიან. ეს შეურაცხმყოფელია. ამიტომაც მივდივარ აქციაზე, რომ მინდა იქ დავდგე, სადაც უკეთესი ქვეყნის იმედი გაჩნდა.

აქციაზე ნახავდით ქართული ოცნების მაისურგადაცმულ პოლიციელებსაც, რომლებსაც დაკვირვებული თვალი იოლად იცნობდა მათი მოქმედებებიდან და გადალაპარაკების ტექსტებიდან გამომდინარე. ჩემს კითხვას, - რას იტყვით დღევანდელი აქციის შესახებ-მეთქი, ცივი, სპეცსამსახურებისთვის ჩვეული მიმიკებით შეხვდნენ და ცივად მომიჭრეს, კომენტარს არ ვაკეთებთ და ჩამწერი გამორთეო. ამბობენ, რომ აქ ბევრი გადაცმული პოლიციელი დადის, იქნებ თქვენც მათ შორის ხართ-მეთქი? ჩემმა ასეთმა შენიშვნამ ერთ-ერთი მათგანი კინაღამ წონასწორობიდან გამოიყვანა, მაგრამ ბოლომდე ლუსტრირებისგან კოლეგამ იხსნა და გვერდზე "გასწია", მე კი მირჩია, რომ ჩემი საქმისთვის მიმიხედა.

რატომ მოვიდა ხალხი საპროტესტო აქციაზე? როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ივანიშვილისგან  სარეცხი მანქანების და ბინების ჩუქების იმედით, თუ რაღაც სხვა, უფრო მნიშვნელოვანი აფიქრებთ? ამ კითხვებით მივმართე მომიტინგეთა ერთ ნაწილს:

გოდერძი ქიმუწაძე ინვალიდია, ავტოავარიაში მოჰყვა და მას შემდეგ ფეხით გადაადგილების უნარი დაკარგა: "განა რამე უშველები მჭირს? ოპერაცია მჭირდება, რომელსაც უფულობის გამო ვერ ვიკეთებ. სამწუხაროდ, მე ერთადერთი ახალგაზრდა არ ვარ, რომელიც არსებული რეჟიმის  შემთხვევაში განწირულია სამუდამო ინვალიდობისთვის. ჩემი ოცნებაა უფასო ჯანდავცვის სისტემა. მე ქართული ოცნების წევრი გავხდი მისი შექმნისთანავე. მინდა, ქართული ოცნება ახდენილ ოცნებად იქცეს და ჩემი წილი აგური დავდო ამ საქმეში. მინდა, ჩემი ქვეყანა გამთლიანებული ვნახო, მაგრამ ღირსეული ხალხის ხელში და არა მუქთახორების და ქვეყნისმჭამელების ხელში. ბიძინა ივანიშვილის დღემდე გაკეთებული საქმეები იმედს მაძლევს, რომ მისი ხასიათიდან გამომდინარე, გააკეთებს სიკეთეს ქვეყნისთვის, ავ ხალხს არ დაიყენებს გვერდით და დამთავრდება საქართველოს დანაკუწება და ჩვენი მიწით ვაჭრობა."

როინ ფანგანი აფხაზეთიდან დევნილია და 1993 წლის შემდეგ წყალტუბოში ცხოვრობს დევნილთა თავშესაფარში, ამბობს, რომ დღეს წყალტუბოდან ქუთაისში აქციაზე მომავალი ხალხის წამოყვანა დაუშალეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს: "მძღოლები გააფრთხილეს, 4-5 საათისკენ ჯგუფურად შეგროვილ ხალს ტრანსპორტი არ გაუჩეროთო... აფხაზეთის ომის დროს 90 დღე ვიყავი ტყვეობაში, ძალიან გვიჭირს ეკონომიკურად. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახთა სიაში ვიყავით. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემმა ვაჟმა და რძალმა თურქეთს მიაშურეს თავის გადასარჩენად, სიღარიბის დახმარება მოგვიხსნა სახელმწიფომ. ოჯახის წევრები ემიგრაციაში გყავთო. რა, დალხინებული ცხოვრების გამო გახდნენ ემიგრანტები? "ემვედეს" ყოფილ სანატორიმში ვცხოვრობთ, ერთი კვირაა გადასახადების გადაუხდელობის გამო სინათლე არ გვაქვს, სანთლის შუქზე ვწვალობთ და ვჯახირობთ, ასეთ ყოფაში კმაყოფილი ვიქნებით ამ მთავრობის? კაცს არ შვენის წუწუნი, მაგრამ რა ვქნა? ჩვენთან ცხოვორბს დევნილი ცოლ-ქმარი, მაისურაძეები, 80 წელს არიან გადაცილებული. კაცი ბრმაა, ცოლი - ცალფეხა. ღამით ამ კაცს ოთხჯერ სჭირდება ტუალეტში გასვლა. ეს ცალფეხა ქალი დგება, სანთელს უნთებს და ისე მიჰყავს ტუალეტში. ნუთუ ამ ადამიანებს ნორმალური სიბერის უფლება მაინც არ აქვთ? რამდენი მიზეზი ჩამოვთვალო, რის გამოც უკმაყოფილო ვარ?!

68 წლის ვხდები და სული მელევა დაპირებების ასრულების მოლოდინში, ჯერ შევარდნაძე გვატყუებდა, მალე დაგაბრუნებთ აფხაზეთშიო, ახლა არსებული ხელისუფლება გვატყუებს, როდემდე? როდემდე ამდენი ტყუილი და განუკითხაობა? შევარდნაძის დროს ელექტრიჩკა მუშაობდა, იმით დავდიოდით უფასოდ დევნილები. სააკაშვილმა ეგეც მოგვიხსნა. ამიტომაც უფულო კაცი ვემათხოვრები ხან ვის, ხან ვის, ფული არ მაქვს და წამიყვანეთ-მეთქი. რატომ ვერ უნდა ვგრძნობდე მე დაცულად თავს ჩემს ქვეყანაში და რატომ უნდა მერქვას ეკონომიკურად და ადამიანურად დაუცველი? კარგია, რომ ეს ხელისუფლება გზებს აგებს, აშენებს, მაგრამ განა შეიძლება სახელმწიფოში სიკეთე მხოლოდ მცირე ნაწილს ეხებოდეს, უმრავლესობა კი კოშმარულ მდგომარეობაში იყოს?"

ინგა ნაცვლიშვილი ქუთაისელია, ორ შვილს ზრდის და ყოველი დღე იმის მოლოდინში გადის, რომ სამუშაო ადგილი სადმე გამოჩნდება მისთვის. მე არ ვარ "ქართული ოცნების" წევრი, არც მიტინგებზე არ მივლია არასდროს, მაგრამ მინდა უკეთესი საქართველო, ვიდრე მაქვს. უმაღლესი განათლების მქონეს, სამუშაო გამოცდილებაც არ მაკლია, მიუხედავად ამისა, მე ვარ უმოქმედო ადამიანი ჩემს ქვეყანაში იმიტომ, რომ არ არსებობს სამუშაო ადგილები. 50 წლის ვარ, მგონი ჯერ შორია სიბერემდე და ჯერ კიდევ შემიძლია ჩემი უნარები მოვახმარო სახელმწიფოს. მაგრამ როგორც ჩანს, არავის სჭირდება ეს. ჩემი ოცნებაა საქართველო, სადაც საზოგადოება დალხენილი იქნება, განურჩევლად ასაკისა, განურჩევლად სტატუსია. მინდა, არავის ენატრებოდეს პურის ფული და ხვალინდელი დღის გათენება არ ეშინოდეს იმის გამო, რომ არ იცის რა აჭამოს ხვალ შვილებს."

ქუთაისელი ელიზა აბზიანიძე თავის წლინახევრის ქალიშვილთან ერთად მოვიდა აქციაზე: "ჩემი ქართული ოცნებაა, რომ საქართველო ვნახო გამთლიანებული, მინდა აქ შესაძლებელი იყოს ნორმალური, ადამიანური ცხოვრება, რაშიც იმას ვგულისხმობ, რომ დედები არ იყვნენ იძულებული შვილების შიმშილით და ავადმყოფობით სიკვდილისგან გადასარჩენად საბერძნეთში, თურქეთში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გადაიხვეწონ. ვოცნებობ, რომ დედები იყვნენ თავიანთ ოჯახებში და ადამიანურად აღზარდონ შვილები."

ნათია ბაღაშვილი ტყიბულიდან ჩამოვიდა. ჯერ მხოლოდ 21 წლის არის, მაგრამ უამრავი საფიქრალი აქვს: "მინდა, რომ ჩემი თაობა არ იდგეს იგივე საშიშროების წინაშე, როგორიც ჩვენს მშობლებს და ზოგადად უფროს თაობებს სჭირს. მინდა უმუშევრობის პრობლემა მოიხსნას და მშვიდობიანად დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები. ეს არის ჩემი ქართული ოცნება."

ლალი ჯავახიშვილი ობოლია, ისიც ტყიბულიდან ჩამოვიდა, იმისათვის, რომ "ქართული ოცნების" აქციას დასწრებოდა: "მამა დიდი ხანია გარდაიცვალა. დედა იძულებული გახდა, საზღვარგარეთ წასულიყო, რომ იქ ვინმეს მომსამსახურედ დადგომოდა და ჩვენთვის გამოეგზავნა საჭმლის ფული. ათი წელია დედა გვერდით არ მყავს, მე ჯერ თინეიჯერის ასაკში ვარ და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, პიროვნებად ჩამოყალიბების პერიოდი დედის გარეშე გავიარე. მძიმეა უდედოდ. მინდა ეკონომიკური მიგრაციის პრობლემა მოიხსნას და ვთხოვ ბატონ ბიძინას, დაეხმაროს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას გავნითარებაში, რომ დედა დაბრუნდეს, აქ იმუშაოს, რასაც იქ შოულობს იმის ნახევარი აიღოს და ჩემს გვერდით იყოს."

გიორგი კუბლაშვილიც ტყიბულელია: "რა არის ქართული ოცნება? ეს არის არა მხოლოდ ჩემი ოცნება. მინდა ჩვენი ახალგაზრდობა, რომელიც ძალიან სჭირდება საქართველოს, არ იყოს გადახვეწილი უცხოეთში. არ მინდა განათლებული ქართველი ხალხი გადაკარგული იყოს სადღაც, როგორც იაფი მუშა-ხელი. ეს ყველაფერი იწვევს მრავალი ოჯახის დანგრევას და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს ქართველ ერს. არ მინდა, ეს ხდებოდეს ჩემს სამშობლოში. არც მე ვმუშაობ, რადგან არ არსებობს სამუშაო ადგილები. ორი შვილის მამა ვარ. მინდა მეტი მყავდეს, მაგრამ ამ ეკონომიკურად მძიმე პირობებში ისიც საფიქრალი მაქვს, ეს ორი როგორ გავზარდო. არ მინდა ჩემი შვილები დავტოვო და მეც გადავიხვეწო სადღაც ფულის საშოვნელად. ჩვენ არ გვიჭრდება ლამაზი შადრევნები, ჩვენ გვჭირდება ჯანდაცვის სისტემა, სოციალური დაცვა, სამშობლოში ცხოვრება... დაგვღალა ასეთმა მძიმე ყოფამ და იმიტომაც ვდგავართ მთელი ახალგაზრდობა ფეხზე. აი, ხომ ხედავთ, რამდენი ვართ?"

ისევე, როგორც თბილისში, ქუთაისში გამართულ აქციაზეც სიტყვით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა, კოალიციის სხვა ლიდერები ხალხის წინაშე სიტყვით არ გამოსულან. აქვე ითქვა, იმერეთის რეგიონის რომელ რაიონში რომელი კანდიდატი იყრის კენჭს.

"ქართული ოცნების" ლიდრებმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, რომ ამდენი ხალხი ქუთაისში არცერთ მიტინგს არ ახსოვს, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ საოქტომბროდ სერიოზულ შედეგებს უნდა ველოდოთო.

რაიონებიდან ჩამოსულების თქმით, ზოგიერთ სოფელში გამგებლები კარდაკარ დადიოდნენ და კითხულობდნენ, ვინ წავიდა ქუთაისში საპროტესტო აქციაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა ჩვენს დასჯას დააპირებენ, მაგრამ გავუძლებთ და ჩვენს ოცნებას ავისრულებთ, ოქტომბრიდან ვიცხოვრებთ ისეთ საქართველოში, როგორზეც ვოცნებობთო.

ეკა ლომიძე (სპეციალურად საიტისთვის, ქუთაისიდან)

"ქართული ოცნების" აქცია ქუთაისში:

- 55 ათასამდე ადამიანი ქუთაისის აქციაზე - google map-ის პროგრამით დათვლილი მონაცემები

- აქციის შემდეგ "ქართული ოცნების" აქტივისტებმა თავისუფლების მოედანი თავად დაასუფთავეს

- ივანიშვილი ქუთაისს საუნივერსიტეტო ქალაქად გადაქცევას დაპირდა

- ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ არჩევნებში - ბიძინა ივანიშვილი

- ბიძინა ივანიშვილმა იმერეთის რეგიონის მაჟორიტარები წარადგინა

- არ დავუშვებთ, კანონიერი ქურდი ქურდად მომჯდარმა ხელისუფალმა ჩაანაცვლოს - ბიძინა ივანიშვილი

- ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისის პარლამენტთან მშენებლობაზე დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა

- "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კოლონა სამტრედიიდან ქუთაისში შევიდა

- "ქართული ოცნების" აქციისთვის მზადება ქუთაისში

- აქციის მხარდამჭერთა კოლონები ქუთაისში შედიან

- "ქართული ოცნების" აქციას სამტრედიიდან ორი კოლონა უერთდება

- უნდათ, რომ მონებად აქციონ ხალხი, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ - კახი კალაძე

- ივანიშვილის მეუღლე "ქართული ოცნების" აქციას ოჯახის მიმართ საფრთხის გაზრდის გამო არ დაესწრება