ჩემი ბავშვობის რამაზ შენგელია...
22-06-2012
ჩემი ბავშვობის რამაზ შენგელია...
რამაზ შენგელია გარდაიცვალა 2012 წელს გარდაიცვალა - თბილისის "დინამოს" დიდი ფორვარდი მხოლოდ 55 წლისა იყო...

ორი დღის წინ მოხდა ეს ცუდი ამბავი და, ცხადია, უკვე ყველა საინფორმაციო საშუალებამ ახსენა - ელექტრონულმაც, ბეჭდურმაც, საეთერომაც... ზოგმა თანაგუნდელთა თუ გულშემატკივართა მოგონებები გამოაქვეყნა, ზოგი მის მიღწევათა მშრალი ციფრებით შემოიფარგლა...

თუმცა რაღა მშრალი ციფრები - უკიდეგანო საბჭოთა იმპერიის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი რომ გამხდარიყო ქართველი კაცი, რუსებზე უბრალოდ უკეთესი კი არა, ორი თავით უკეთესი უნდა ყოფილიყო.
ტიტულები ტიტულებად და იმ ბნელ დროში, "რკინის ფარდის" მიღმიდან, რაღაცნაირად შემოღწეული ევროპული გრანდების სურვილის შესახებაც ხომ ვიგებდით, რომ მაშინ ჯერ კიდევ ასტრონომიულ თანხად თანახმანი იყვნენ რამაზ შენგელია და სხვა "დინამოელები" თავიანთ რიგებში ეხილათ.

გულშემატკივართა და თანაგუნდელთა მოგონებები ვახსენეთ და მე ისეთი რამ მინდა გავიხსენო, რაც
ალბათ ბევრს არ ემახსოვრება და ეს რამაზ შენგელიასა და მის თანაგუნდელთა საქმისადმი დამოკიდებულებას, გულშემატკივრისადმი რიდსა და პატივისცემას, პასუხისმგებლობას ეხება და კარგი იქნება, თუ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები წაიკითხვაენ და დაფიქრდებიან:

ბავშვობისას დიღმის მასივში ვცხოვრობდი, "დინამოს" საწვრთნელ ბაზასთან. ცხადია, დიდი გუნდის ყველა ვარჯიშს ვესწრებოდით და სხვა უბნელებისა და დიღმის სხვა კვარტლელებისგანაც კი განსხვავებით, ჩვენი სამეზობლოს ბავშვები "პრივილეგირებულები" ვიყავით: სავარჯიშო მოედნის კიდეზე გვიშვებდნენ, ბურთის მიმტანებად ("აუტჩიკებს" გვეძახდნენ) მაშინ, როდესაც სხვები - რამდენიმე ასეული ადამიანი (არა მხოლოდ ბავშვები) მაღალ ღობეზე აბობღებული ან სულაც ხეზე ამძვრალი ადევნებდა თვალს ვარჯიშს მოპირდაპირე მხარეს გაშენებული ხეივნიდან. ხშირად ვარჯიშს იმაზე მეტი ადამიანი უყურებდა, ვიდრე დღეს ეროვნული ჩემპიონატის ზოგიერთ მატჩს. სამწუხაროდ.

გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ერთი უდიდესი საქმის "მოკვარახჭინება" შეგვეძლო: ცხრაკლიტულად ქცეულ ბაზაში შესვლა და შავკოპლებიან თეთრ ბურთზე დიდი "დინამოელების" ავტოგრაფების შეგროვება. ამას ხშირად უფროსებიც გვთხოვდნენ და რა დასამალია, ხანდახან არცთუ უანგაროდ ვემსახურებოდით უცნობ ძიებს.

ერთი სიტყვით, ბაზაზე "შინაურები" გახლდით და უშუალო გარემოში გვყავდა ნანახი საოცნებო კერპები.

არ მოვყვები იმას, რომ რამაზ შენგელია ძალიან თბილი და უშუალო იყო უცხო ბავშვებთან დამოკიდებულებაში, ხანდახან გვეთამაშებოდა კიდეც ვარჯიშის დასრულებისას. ცოტა ხნის შემდეგ მხოლოდ მას ვუბედავდით ამის თხოვნას და ისიც, ნოდარ ახალკაცის მიერ "მისჯილი" უმძიმესი ვარჯიშის შემდეგაც არ გვეუბნებოდა უარს. მთავარი სხვა რამ არის, რაც არასოდეს დამავიწყდება და რასაც გულისტკივილით ვიგონებ ყოველთვის, როდესაც წაგების შემდეგ იხტიბარგაუტეხელ და "გულის გადასაყოლებლად" კაფე-ბარებში "მოგულავე" ზოგიერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს, მათ შორის ნაკრების წევრებსაც ვუყურებ: როდესაც "დინამოს" წინა დღეს თამაში წაგებული ჰქონდა (იშვიათად, მაგრამ ასეც ხდებოდა), ან საშინაო თამაშში ვინმე შემთხვევით "ფრეს გაუგორებდა", უნდა გენახათ, როგორ რჩებოდათ ფეხები უკან, როგორ არ უნდოდათ სავარჯიშო მოედანზე გასვლა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ხალხი იყო მოსული და "ბაიერნის", "ლივერპულის", "ინტერისა" და სხვა გრანდთა დამმარცხებლებს რცხვენოდათ საკუთარი გულშემატკივრისა ერთი წაგებული თამაშის გამო.

არადა, ვინ აკადრებდა უკადრებელს საყვარელ სპორტსმენებს, შეძახილებითა და ტაშით ხვდებოდნენ მაინც, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ თუკი სხვა საბჭოელებზე ოდნევ უკეთ ცხოვრობდნენ - ჰყავდათ "ვოლგა", ჰქონდათ ბინა, დადიოდნენ საზღვარგარეთ, ეს იმას ნიშნავდა, რომ საკუთარი ხალხი უნდა გაეხარებინათ ამისათვის ფეხების დასისხლიანებამდე და ოფლში დახრჩობამდე უნდა ევარჯიშათ... და უნდა გაემარჯვათ - რადგან მაშინ ჩემპიონატის ყოველი რიგითი მატჩი საერთაშორისო იყო და ქართველი ხალხის ქართველობის გამოვლინების თითქმის ერთადერთი საშუალება!

ამიტომ ერიდებოდათ ღობესა და ხეებზე აბობღებული ქართველებისა და ერთმანეთს უთმობდნენ გზას მინდორზე გამოსასვლელ ჭიშკარში. განსაკუთრებული "თავაზიანობით" რამაზ შენგელია გამოირჩეოდა და ხშირად მინახავს ქომაგებთან სასაუბროდ ღობესთან მისულს როგორი გულწრფელი სინანულით უთქვამს, - რა ვიცი, რა დაგვემართა, შემდეგ თამაშზე დედას ვუტირებთ მეტოქესო...

რა თქმა უნდა, დანაპირები სრულდებოდა: "დედანატირები" და შენგელას "დუბლითა" თუ სულაც "ჰეტ-თრიკით" დაბომბილი ჩრდილოელები კუდამოძუებული გადიოდნენ "დინამოს" სტადიონის გვირაბში...


(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ: რამაზ შენგელიას გოლები
სოსო
25 ივნისი 2012 09:29
მახსოვს საქართველოს ნაკრები ირანში იყო ჩასული ამხანაგური მატჩისათვის. ნაკრებთან ერთად რამაზ შენგელიაც იყო ჩამოსული და ყველას თავი დაამახსოვრა თავისი დიდი ოქროს ჯვარით. ძალიან ბევს ხუმრობდა და ხალისობდა. ძალიან გაიხარა თეირანის სტადიონზე ფერეიდნელების ნახვით.


ნათელში იყოს მისი სული
ტონი
24 ივნისი 2012 16:05
ნამდვილად დიდი ადამიანი იყო, თბილი და გულისხმიერი, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის ლამაზ სულს.
aku
23 ივნისი 2012 21:11
გმერტმა გაანათლოს

რედაქტორის რჩევით