მოგზაური ვალე
06-07-2012
მოგზაური ვალე
ვალდემარ შმიდტი გერმანელი მოგზაურია, რომელიც შარშან საქართველოში გავიცანი. 26 წლის ახალგაზრდამ სპეციალურად სამოგზაუროდ მინივენი იყიდა და რამდენიმე ქვეყნის მოვლის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა. მას შემდეგ ვალე, როგორც მას ქართველი მეგობრები ეძახიან, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს, მუშაობს და დროდადრო სხვადასხვა ქვეყნის სანახავადაც იცლის.

- ჩემთვის, როგორც მოგზაურისთვის, უდიდესი სიამოვნებაა, როცა მანქანით ვმოგზაურობ. ვუსმენ მუსიკას, ვათვალიერებ გარემოს და საინტერესო ადამიანებს ვხვდები. კარგად ვიცი, რომ ახალი ქვეყნის ნახვით მიღებული რომანტიკული შთაბეჭდილება მხოლოდ რამდენიმე დღეგრძელდება. დროთა
განმავლობაში კი ხვდები, რომ ყველა ქვეყანაში თითქმის ერთნაირი პრობლემები აქვთ. უცხო ქვეყანაში წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. ამას წინათ თურქეთში ვიყავი, ვმუშაობდი და ვმოგზაურობდი. აღმოჩნდა, რომ ჩემმა ბოსმა ხელფასის ნახევარი გადამიხადა და ცუდ დღეში ჩავვარდი. ფული არ მქონდა და აღარ ვიცოდი, გზა გამეგრძელებინა და თურქეთიდან სხვა ქვეყანაში
წავსულიყავი თუ საქართველოში დავბრუნებულიყავი. ბოლოს აქ ჩამოსვლა გადავწყვიტე. როგორც კი საზღვარი გადმოვკვეთე, შვებით ამოვისუნთქე. თურქეთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ საქართველო მირჩევნია, მაინც ევროპული ქვეყანაა... როგორც კი ბათუმში დავბრუნდი, ერთ-ერთ ბარში უნივერსიტეტის ლექტორი გავიცანი, რომელმაც სტუდენტებისთვის ტურიზმის შესახებ რამდენიმე ლექციის წაკითხვა შემომთავაზა. დავეთანხმე და რამდენიმე ლექციაც ჩავატარე. თუმცა, მეტყევე ვარ და ვარჩიე, სამსახური ისევ ჩემი პროფესიით მეშოვა.

- საქართველოში პირველად როდის ჩამოხვედი?

- შარშან ივნისში სამუშაოდ მომიწვიეს. თავდაპირველად საქართველო ტიპური აღმოსავლური ქვეყანა მეგონა, მაგრამ თურმე ვცდებოდი. თქვენმა ქვეყანამ მოლოდინს გადააჭარბა და სწორედ ამიტომაც დავბრუნდი მოგზაურის რანგში. მდიდარი და მრავალფეროვანი ქვეყანა, არაჩვეულებრივი ბუნება გაქვთ. ჯერ მარტო 400 ჯიშის ვაზი რად ღირს?! ბევრ ისეთ ხილსაც შეხვდებით, რომელიც სხვა ქვეყანაში არ მოიძებნება. საქართველოში ჩემი პირველი სამსახური ძალიან საინტერესო იყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხოველების, ფრინველების, ხილისა და ნარგავების ძველ ჯიშებს ვეძებდით. ვნახეთ კახური ღორები, ხევსურული ძროხები... დასანანია, რომ გლობალიზაციის პროცესში ქართველები უცხოური შინაური ცხოველებით უფრო ინტერესდებიან და მათი შეძენა სურთ, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ ქართული ძროხებიც არაფრით ჩამოუვარდებიან ჰოლანდიურს. ხევსურულ ძროხას ისეთ დამრეც მთაზე შეუძლია ასვლა, ამერიკული ძროხა იქ რომ აიყვანო, ფეხებს გაფშეკს. ჩემი სამსახურის წყალობით საქართველოში ისეთი ადგილები ვნახე, სადაც ქართველებიც კი არ დადიან. შატილი ჩემთვის საიდუმლო და ამოუცნობი ადგილების მწვერვალია.

- დაგითვლია, რამდენი ქვეყანა გაქვს ნანახი?

- სიმართლე გითხრათ, ბევრი ქვეყანა არ მინახავს. ერთხელ ჩემმა ავსტრალიელმა მეგობარმა მითხრა: - ხშირად მეკითხებიან, რატომ ბრუნდები იმ ქვეყნის სანახავად, რომელიც უკვე ნახეო? რატომღაც ჰგონიათ, რომ მოგზაურმა აბსოლუტურად ყველა ქვეყანა უნდა ნახოს და მათ ჩამონათვალს უბით დაატარებდეს. მე კი ვპასუხობ, თუ რომელიმე რესტორანი მოგწონს, სავახშმოდ სხვა რესტორანში ხომ არ წახვალ? ან ლუდი "ყაზბეგი" თუ მოგწონს, სხვა ლუდს ხომ არ იყიდი? ის კარგად იცნობს საქართველოს და ხშირად ჩამოდის. სხვათა შორის, მინიმალური ხარჯით მოგზაურობს. როგორც კი სასურველ ქვეყანაში ჩავა, ავტოსტოპით მოგზაურობს, ცხოვრობს ჰოსტელში, სადაც მუშაობს კიდეც და ღამის გათევაში ფულს არ იხდის. 1 წელია ასე დადის და როგორც ვიცი, მოგზაურობის გაგრძელებას კიდევ ერთი წლით აპირებს. ახლახან აჭარის მაღალმთიანეთში ვიმოგზაურე და გზად ენდრიუ შემხვდა და თავისი იდეებით მეც კი გამაკვირვა. საღამოს 6 საათზე ავტოსტოპით მოინდომა ხულოში წასვლა და თქვენ წარმოიდგინეთ, გაუმართლა კიდეც. რამდენჯერმე უკრაინაში, საფრანგეთსა და ბულგარეთში ვიყავი. ბულგარეთში საუცხოო პლაჟები აქვთ. მთელი დღე პლაჟზე ვიყავი, ვმედიტირებდი, ნერგებს ვრგავდი... ამ ქვეყანაში ბევრი უკაცრიელი პლაჟია, სადაც არც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები შეგხვდებათ და არც სახლები, სამაგიეროდ ბევრ საინტერესო ადამიანს ნახავთ.

ერთხელ მეგობართან ერთად მანქანით ვმოგზაურობდი, გზად ბუჩქის ძირას მძინარე ადამიანი შევამჩნიეთ. თურმე ისრაელიდან იყო, მთელი ევროპა მოევლო და თურქეთში აპირებდა წასვლას, სადაც სამსახურის შოვნას აპირებდა, რომ ფული შეეგროვებინა და ისრაელში დაბრუნებულიყო. თითქმის მთელი სახლი მოეკიდებინა ზურგზე, ძაღლსა და მუსიკალურ საკრავებთან ერთად დადიოდა აქეთ-იქით.

მოგზაურობის არაერთი საშუალება არსებობს და ამისთვის ბევრი ფული სულაც არ არის საჭირო. მთავარია, სურვილი გქონდეს. თქვენ წარმოიდგინეთ, გემითაც კი შეიძლება უფასოდ იმგზავრო. ეს სულაც არ არის ძნელი. ამ შესაძლებლობით სულ მალე ვისარგებლებ, მინდა ვლადივოსტოკში წავიდე, შემდეგ იაპონიაში, იქიდან კი მიკრონეზიაში. თითოეულ ადამიანს მოგზაურობის განსხვავებული მიზეზი აქვს. მახსოვს, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მოგზაურობისა და მსოფლიოს შეცნობის უძველეს ტრადიციას მისდევდნენ. ეს ათასი წლის წინანდელი ტრადიცია გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთში არსებობს. ხუროები სამი წლის განმავლობაში სწავლობენ ხელობას, შემდეგ კი სამოგზაუროდ სამი წლითა და ერთი დღით მიდიან. ამ დროის განმავლობაში შინ დაბრუნების უფლება არა აქვთ. მოგზაურობის შემდეგ სამშობლოში ბრუნდებიან და თავიანთ ხელობას სხვა მოსწავლეებს ასწავლიან. უკრაინაში ორ ასეთ მოგზაურს შევხვდი, ერთი ქვის დამუშავების ოსტატი იყო, მეორე - მშენებელი. თითოეულს მხოლოდ ერთი პატარა ჩანთა ჰქონდა და ამერიკისა და აფრიკის დიდი ნაწილი ფეხით ჰქონდათ მოვლილი. სხვათა შორის, უფულოდ მოგზაურობენ. გერმანიაში ხშირად შეხვდებით მოგზაურებს, რომლებიც ბარში შედიან, ყურადღების მოპყრობას ითხოვენ და თავის ამბავს ლექსად ყვებიან. შემდეგ ხალხი მათ ღამის გასათევს სთავაზობს ან ფულით ეხმარება. ხშირად ეს ადამიანები არა მხოლოდ 3 წელი და 1 დღე, არამედ 5-6 წელი მოგზაურობდნენ.

- ვალდემარ, რა მოგწონს ყველაზე მეტად საქართველოში?

- რა თქმა უნდა, საქართველოს ბუნება. თქვენს ქვეყანას თუ ევროპის ნაწილად ჩავთვლით, მაშინ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელ ევროპაში ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა. გაქვთ ნახევრად უდაბნო, მაღალი მთები, მშვენიერი დაბლობები, ზღვა, სუბტროპიკული ტყეები. დიდი გამყინვარების დროს ევროპაში ბევრი ისეთი კულტურა განადგურდა, რომელიც საქართველოში გადარჩა. წარმოგიდგენიათ, ყაზბეგში 1 დღეში შეიძლება წასვლა და უკან დაბრუნება. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარეები არიან, მაგრამ ამავდროულად მეტისმეტად კონსერვატორები. ხანდახან ძალიან რთულია მათთან კამათი. ცდილობენ, დაგარწმუნონ იმაში, რაც თავად სჯერათ, მაგრამ თუ მათი არ დაიჯერე, მაშინ ბრაზდებიან (იცინის). საქართველოში იანვრამდე დავრჩები, შემდეგ კი ვლადივოსტოკისაკენ გავეშურები. იაპონიაში მოგზაურობის შემდეგ კი სამშობლოში დავბრუნდები, რადგან ოჯახი ძალიან მენატრება.


ელენე ბასილიძე (იხილეთ ვრცლად)

რედაქტორის რჩევით