ჯიქიას ქუჩას პოლიტკოვსკაიას სახელი მიენიჭა... - კვირის პალიტრა

ჯიქიას ქუჩას პოლიტკოვსკაიას სახელი მიენიჭა...

არ უნდა გვახსოვდეს(?!)

ქართველ კაცს ქართველობას დებდნენ ბრალად

თბილისის სამ უბანში ქუჩებს სახელები გადაარქვეს. დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ძველი თბილისის უბანში ფასანაურის ქუჩას სოფიკო ჭიაურელის სახელი მიენიჭა, გლდანი-ნაძალადევის რაიონში მდებარე ნოვოროსიისკის ქუჩას - რუსი რეჟისორის ოლგა კონსკაიას სახელი, ხოლო საბურთალოს რაიონში ვლადიმერ ჯიქიას ქუჩას - რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას სახელი. სოფიკო ჭიაურელის სახელი ყოველი ქართველისათვის ძვირფასია, ამდენად თბილისის ქუჩისთვის მისი სახელის მინიჭება უდავოდ სასიამოვნოა. ჩვენ ვიცნობთ და პატივს ვცემთ პოლიტკოვსკაიასა და კონსკაიას, არც მათი სახელობის ქუჩების არსებობას ეწინააღმდეგება ვინმე, რომ არა ერთი სამწუხარო ფაქტი - პოლიტკოვსკაიას სახელმა ვლადიმერ ჯიქიას სახელი უნდა ჩაანაცვლოს. საუბედუროდ ქართულ ცნობიერებაშიც ასე ხდება. ხან მოდას აყოლილები, ხანაც მაამებლობის პოლიტიკით შეპყრობილნი, უნებურად იმას ვებრძვით და ვანადგურებთ, რასაც უნდა გავფრთხილებოდით.

ვინ იყო ვლადიმერ ჯიქია?

ვლადიმერ ჯიქია - ინჟინერი, რიონჰესის მშენებელი, ქართული კულტურის ქომაგი და დამცველი, ქველმოქმედი და შეჭირვებულთა შემწე. ვიდრე ვლადიმერ ჯიქიას ცხოვრებას შევეხებოდეთ, გთავაზობთ ამონარიდს ხალხის მტრად შერაცხული, დაპატიმრებული ლიდა გასვიანის ჩვენებიდან: ''გამსახურდია (კონსტანტინე) ბრალს მდებდა, რომ ცუდი ქართველი ვარ, გარუსებული ვარ. მოჰყავდა მაგალითად ვლადიმერ ჯიქია. აღტაცებული ლაპარაკობდა მასზე. ამბობდა რომ მისი და ჯიქიას მოსაზრებები ეროვნულ საკითხში ერთმანეთს ემთხვეოდა. ამბობდა, - საქართველოს ისეთი ბელადი სჭირდება, როგორიც ჯიქიააო''

''წყალტუბოდან რომ ვბრუნდებოდით ჯიქია ვნახეთ. გვიამბობდა, როგორ ახერხებდა რიონჰესის მშენებლობის ფულიდან ქუთაისის აღმშენებლობისათვის და მისი ისტორიული ძეგლების აღდგენა-გადარჩენისათვის სახსრების გამოყოფას. ლაპარაკობდა აშკარად ეროვნული სულისკვეთებით. აი, ეს არის ნამდვილი პატრიოტი. ის პირველ რიგში ქართველია, და ისეთი სულაც არ არის, როგორებიც ქართველი კომუნისტების უმრავლესობაა - რუსეთს პატივს რომ სცემენ და საქართველოში რუსული გავლენის გავრცელებას ემსახურებიან'', - ამბობდა გამსახურდია ჯიქიაზე.

ძირითადი ბრალდებაც ეს იყო - ვლადიმერ ჯიქია სულით და ხორცით ქართველი დარჩა.

პეტროგრადში ჯიქია სამხედრო კომისარი იყო. მაშინ სტალინი ჯერ კიდევ არ გახლდათ ანგარიშგასაწევი ფიგურა. ჯუღაშვილი დიდ პატივს სცემდა ჯიქიას... მერე კი ყველაფერი შეიცვალა.

ქართული ჯარის შექმნაზე ოცნებობდა, უნდოდა ქართული არქიტექტურა განვითარებულიყო, ქართული ენა სახელმწიფო ენა ყოფილიყო.

საქართველოს სამხედრო და საზღვაო კომისრად დანიშნეს. ოპერის თეატრში გამართულ ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა და მოითხოვა საქართველოს ეროვნული ჯარის შექმნა. მოსკოვიდან ჩამოსულმა მთავრობის წარმომადგენელმა ტრიბუნიდან უპასუხა, -  საქართველოს არ სჭირდება ეროვნული ჯარი, ის რუსეთის საკურორტო ადგილიაო. ვალოდია ჯიქიამ მთელი საზოგადოების თვალწინ სილა გააწნა და საორკესტრო ორმოში მოისროლა თავხედი რუსი. არც მის მოსარჩლე სერგო ორჯონიკიძეს დააყარა კარგი დღე... ამას ვინ აპატიებდა? იმ მომენტში ხელი არ ახლეს, მაგრამ სამომავლოდ განაჩენზე ხელი უკვე მოწერილი იყო... მაინც უშიშრად აგრძელებდა იმ საქმის კეთებას, რომელიც სწამდა, ერთადერთი და სწორი იყო... თაყვანს სცემდა ყველაფერს, რაც საქართველოს გაძლიერებას, ქართული სულიერების გაღვივებას ემსახურებოდა. ამიტომაც უყვარდა სანდრო ახმეტელი განსაკუთრებულად. თვლიდა(და ასეც იყო), მისი სპექტაკლები ქართველებს ეროვნული სიამაყის გრძნობას უბრუნებდა. ამის გამო ხელისუფლებას თვალში არ მოსდიოდა ახმეტელი, მასთან მეგობრობა საშიშიც კი იყო. ვლადიმერ ჯიქიას კი არ ეშინოდა...

თუ ვინმეს ნიჭიერებას შეამჩნევდა, უანგაროდ ეხმარებოდა მატერიალურად. მისი წყალობით განათლება მიიღო არაერთმა ახალგაზრდამ.

პაოლო იაშვილს სამსახური მისცა, რომ მატერიალური მხარდაჭერა აღმოეჩინა მისთვის. არასოდეს საუბრობდა გაკეთებულ სიკეთეზე. უამრავი კეთილი საქმე მასთან ერთად უხმაუროდ წავიდა ისტორიის კუთვნილებაში...

ერთხელ შინ მეგობრები მიიყვანა - სანდრო ახმეტელი, პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე. მალე კონსტანტინე გამსახურდია, ზოზო ნანეიშვილი და გიორგი ელიავაც შეუერთდნენ. აივანზე გავიდნენ სტუმრები. ბერიამ, რომელიც მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა, თავყრილობა შეამჩნია და მეზობელი, შინსახკომის თანამშრომელი რაფავა გაგზავნა ამბის გამოსატანად. თავად კი თავის აივანზე გაბრძანდა და იქიდან დაუძახა: ვალოდია, მესტუმრეო. არ შემიძლია, სტუმრები მყავს, თავად გვეწვიეო, -  უპასუხა ვლადიმერ ჯიქიამ. ბერიამ სანდრო ახმეტელს მიაშვირა თითი, როგორც მიზეზს და უხეშად გამოსძახა: - მე მანდ არ მოვალო. ამას შელაპარაკება მოჰყვა. ფიცხმა სანდრო ახმეტელმა თავი ვერ შეიკავა და შეაგინა კიდეც თურმე ბერიას. იმ საბედისწერო დღის შემდეგ აივანზე მყოფთაგან მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდია გადაურჩა დაჭერას.

ახმეტელი და ჯიქია გვერდი-გვერდ საკნებში ისხდნენ, ერთმანეთს მორზეს ანბანით ელაპარაკებოდნენ.

მეუღლემ ერთადერთხელ ინახულა ვლადიმერი. ჯერ უსაყვედურა, აქ რატომ მოხვედი, ასეთ დღეში რატომ მნახეო, მერე კი სინანულით: ქართველ კაცს ქართველობას მდებენ ბრალადო...

საშინელებაა იმის წარმოდგენა, რომ ყველაფერი სიმბოლურია ამქვეყნად და ჯიქიას სახელის აღგვას პირისაგან მიწისა, მიზანმიმართული ფუნქცია აქვს: არ უნდა გვახსოვდეს!

ვალოდია ჯიქიამ მთელი საზოგადოების თვალწინ სილა გააწნა და საორკესტრო ორმოში მოისროლა თავხედი რუსი.