გილოცავთ! ჩვენ კრიტიკით დაგეხმარებით!
01-10-2012
გილოცავთ! ჩვენ კრიტიკით დაგეხმარებით!
ეგზიტპოლების (ისე, "ექსიტპოლებია" სწორიო, მითხრეს) შედეგები გამოქვეყნდა...

 

პატარა აღარ ვარ, ბევრი მთავრობა "გამოვიცვალე", მაგრამ ასეთი უჩვეულო გრძნობა არასოდეს მქონია: ახლაღა მივხვდი, რომ თურმე ყველაზე მუდმივი "ვარდყვავილოვანი" ხელისუფლება მეგონა და ამიტომ ყველაზე მეტად სწორედ "ნაციონალების" დამარცხება გამკვირვებია...

კალამბურისთვის ბოდიში და, სწორედ ეს ჩემი გაკვირვება მიკვირს - რა მოხდა მერე, დემოკრატიაზე მქადაგებელი და "დემოკრატიის შუქურად" აღიარებული გუნდი, დემოკრატიულ არჩევნებში დამარცხდა, მაგრამ მიკვირს, "ვერ მჯერა", შფოთი მიპყრობს...

მიხარია? კი, მიხარია - ზოგადად, ცვლილები მიყვარს. მით უმეტეს,

"ვერგამქაჩავი" ხელისუფლების ცვლილება რატომ არ უნდა მიხაროდეს?!.

მეშინია? კი, მეშინია კიდეც - არ ჩანს ურიგო კაცი ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნისა და ხალხის მოყვარული ქართველის შთაბეჭდილებას ტოვებს, ეს შთაბეჭდილებაც ხომ ნაკეთები საქმეებით შექმნა, მაგრამ შიშით ველი პარლამენტის მუშაობის პირველივე ეტაპზე კოალიციის დაშლას...

იმედი მაქვს? კი, დიდი, უდიდესი იმედი მაქვს,

რომ უფრო ღირსეულად იცხოვრებს საქართველო და უკეთესის მოლოდინში გაზრდიან ქართველი მშობლები შვილებს...

ფეისბუქზე უცხოეთში მყოფ მეგობარს ვესაუბრებოდი და, - 15 წუთში დავბრუნდები, ორიოდე აბზაცი მაქვს დასაწერი-მეთქი. - იცოდე, "ძალიან მაგარი" რამე დაწერეო! ყველა მეგობარზე მეტად მიყვარს ის მეგობარი, მაგრამ "ძალიან მაგარი" როგორ დავწერო?! თვითონაც იცის, ძნელია ასე წერა - ეიფორიაში, ჩართული ტელევიზორიდან გადმოფრქვეული მასობრივი აღტყინების შთაბეჭდილების ქვეშ... თანაც ეს ოხერი "ბებრული" ეჭვი - "ექსიტპოლი ექსიტპოლად, მაგრამ დილამდე მაინც რამე არ "იმასქნან", ამათი..."

...ახლა დაღამდება, ხვალ გათენდება და მართლა ამაღამ რამე თუ არ "იმასქნეს", მალე სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ - იმედია, უკეთესში... თუ არა და, ისეთში მაინც, რომელსაც ასეთი ნერვების წყვეტის გარეშე შევცვლით მშვიდი, უდავიდარაბო არჩევნებით...

მანამდე კი, მანამდე გვერდში დავუდგეთ, საქმე ერთად ვაკეთოთ, ოღონდ უკრიტიკობას არ ელოდეთ, ბატონებო, ჩვენ კრიტიკით დაგეხმარებით!

ზვიად გურული


რედაქტორის რჩევით