ვინ მოიგო არჩევნები? - კვირის პალიტრა

ვინ მოიგო არჩევნები?

პირველმა ემოციებმა გაიარა და აღმოჩნდა, რომ სანამ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ზეიმში ათენებდნენ, "ნაციონალები" და ცესკო კალკულატორებით ხელში "შრომობდნენ".

დილას კი, ცესკოს შეფმა ხარატიშვილმა განაცხადა, ჩვენ საიტს "ცუდმა ბიჭებმა" შეუტიეს და ზოგიერთი მონაცემის გამოქვეყნება იმიტომ ყოვნდებაო; ამავე დროს "ნაცმოს" რუპორებმა (ჩიორა თაქთაქიშვილმა და ორიოდე სხვამაც) დამაჯერებელი ტონით განაცხადეს, - პროპორციულში კი დავმარცხდით, მაგრამ მაჟორიტარულ ოლქებს დიდი უპირატესობით ვიგებთ და საბოლოოდ უმრავლესობა პარლამენტში ისევ ჩვენ ვიქნებითო.

რა ხდება სინამდვილეში? ვინ მოიგო არჩევნები და რა "სიურპრიზი" შეიძლება შემოგვთავაზოს "ცესკო-"ნაციონალური მოძრაობის" ალიანსმა"?

ვარიანტების დათვლას ექსპერტ კახი კახიშვილთან ერთად შევეცადეთ:

- ბატონო კახი, "ქართულ ოცნებას" ცოტა ადრე ხომ არ უხარია?

- "საიტის გაფუჭება" რომ დროის მოგების ფანდია, ამას ბავშვიც კი მიხვდება. ახლა იმაზე მსჯელობენ, რამდენპროცენტიანი უპირატესობა "გაუფორმონ" ივანიშვილის ბლოკს. ჩემი მონაცემებით, ის 10 თუ 12 პროცენტიც, რომელსაც აღიარებენ, უკვე გაყალბების შედეგია, თორემ სინამდვილეში სხვაობა ორჯერ მეტიც იყო.

ეს უპირატესობა (10-12 %) შესაძლოა, ერთი შეხედვით შთამბეჭდავიც იყოს, მაგრამ რეალურად მხოლოდ ორიოდე მანდატის სხვაობას იძლევა.

- პროპორციული არჩევნებით ხომ 77 მანდატი ნაწილდება. 10-12% ორიოდე რატომ ჩამოდის?

- 10-12 პროცენტიანს "მარტივი მანიპულაციით" ჩამოიყვანენ 8-9 პროცენტზე (ჯერ ხომ ოფიციალურად უბნების მეოთხედიც კი არ არის დათვლილი). ასეთი სხვაობის შემთხვევაში, თუკი "ქრისტიან-დემოკრატებსაც" გადაალახვინებენ 5-პროცენტიან ზღვარს (და ამის მცდელობებიც აშკარაა), შესაძლოა მივიღოთ თუნდაც ასეთი პროპორცია 51% - 44% - 5%. ეს ნიშნავს, რომ "ოცნებას" ეყოლება 5 დეპუტატით მეტი. მაგრამ ერთი ადგილის დათმობა მოუწევს ქდმ-სთვის (კანონის მიხედვით, თუკი პარტია გადალახავს 5%-იან ზღვარს, მაგრამ ვერ ქმნის ფრაქციას, მას გამარჯვებული უთმობს ერთ მანდატს).

ამ სხვაობას კი მაჟორიტარული ოლქებით "ამოქაჩავენ". ყოველ შემთხვევაში, იმედი აქვთ.

- დილის მონაცემებით, "ოცნება" (თბილისსაც თუ ჩავთვლით), 3 მანდატით, მაჟორიტარებსაც იგებდა.

- კი, მაგის შემდეგ, გარდაბანსა და თიანეთშიც მათ სასარგებლოდ შეიცვალა მდგომარეობა; მაგრამ ყველაზე პრობლემატური 15-ზე მეტი ოლქი ჯერ "გასაიდუმლოებულია". საღამოს ბევრი რამ გაირკვევა. დაველოდოთ...

P.S. საღამომდე მართლაც ბევრი რამ გაირკვევა, ამიტომ დღეს, 17-საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, რადიო "პალიტრის" ტოკშოუ "პროვოკატორში" სწორედ კახი კახიშვილი იქნება სტუმრად და წამყვანთან ერთად კიდევ ერთხელ იმსჯელებს პარტიების შანსებზე.