შსს ჩემგან "ჩეკისტობაში" თანამშრომლობას ითხოვდა! - კვირის პალიტრა

შსს ჩემგან "ჩეკისტობაში" თანამშრომლობას ითხოვდა!

"ჩემი მიზანი კომპანიის დაბრუნება კი არა, სამართლიანობის აღდგენაა" - აცხადებს "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელი და კომპანიის საკონტროლო პაკეტის ყოფილი მფლობელი მამია სანადირაძე, რომელიც ლონდონიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. მისი თქმით, მისი დაბრუნების მიზანია, გამოძიება დაიწყოს იმ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, რომელიც 2009 წელს მის წინააღმდეგ  განხორციელდა. თუ რამ მიაღებინა საკონტროლო პაკეტის მფლობელს მისი გაყიდვის გადაწყვეტილება, ამის შესახებ ის ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს:

- ორივე უწყებაში, შს და იუსტიციის სამინისტროებში, უკვე შევიდა ჩემი განცხადებები, რომელთა თანახმადაც, მოვითხოვ გამოძიების დაწყებას... აქამდე ამის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ქართული სასამართლოს ნდობა არ მქონდა - ვიცოდი, ჩემი მცდელობა რა შედეგითაც დასრულდებოდა.

მინდა, ქართველ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ "კავკასუს ონლაინი" 2009 წლის შემოდგომამდე უპრობლემოდ მუშაობდა, დაგეგმილი გვქონდა კავკასიაში რეგიონული მასშტაბის პროექტები, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანში ინტერნეტის მაგისტრალური ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა. ასევე, მსგავსი კაბელის გაყვანა კასპიის ზღვის ფსკერზე, რომელიც აზერბაიჯანს თურქმენეთთან დააკავშირებდა და, შესაბამისად, შუა აზია ინტერნეტის მძლავრი რესურსით დაუკავშირდებოდა ევროპას. დამტკიცებული იყო 35–მილიონიანი სესხი, რომელიც უნდა მოხმარებოდა საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის გაყვანას. მსგავსი მასშტაბური პროექტის განხორციელებით "კავკასუს ონლაინი" 2014-2015 წლებისთვის გახდებოდა მილიარდიანი კომპანია.

თუმცა, შემდგომ უცებ შეიცვალა სიტუაცია და იძულებული გამხადეს, კომპანია გამეყიდა.

- კონკრეტულად, რა პრობლემები შეგექმნათ და ვისგან?

- ყოფილმა ხელისუფლებამ, "კავკასუს ონლაინის" ნგრევა სხვადასხვა მიმართულებით დაიწყო იმ მოტივით, რომ მე არ ვიყავი მათ მიერ კონტროლირებადი კომპანიის მმართველი. ვანო მერაბიშვილს და ზოგადად ხელისუფლებას, გათვითცნობიერებული ჰქონდათ ინტერნეტისა და ინფორმაციის კონტროლის ძალა და პირდაპირ შემომთავაზეს: შსს თანამშრომლები ბინებსა და ოფისებში უნდა შესულიყვნენ და ვიდეო და მოსასმენი აპარატურა დაემონტაჟებინათ.

ამ მოთხოვნით 2009 წლის გაზაფხულზე ჩვენს კომპანიაში მოვიდა შსს-ს თანამშრომელი, ვინმე მიკაჩაშვილი, რომელიც ალბათ ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. მან მოგვთხოვა ისეთი აპარატურის დაყენება, რომელიც საქართველოში ელ.ფოსტებსა და სხვა ელ.გზავნილებს "გაფილტრავდა" და გააკონტროლებდა.…როცა უარი ვუთხარი, ეს ჩემთვის განაჩენის ტოლფასი აღმოჩნდა, - ამის შემდეგ მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა ჩემთვის ამ კომპანიის კონტროლი გამოეგლიჯათ და მიაღწიეს კიდეც.

- ახლა რა არის თქვენი მოთხოვნა, როგორც აღნიშნეთ, კომპანიის დაბრუნებაზე არ ხართ ორიენტირებული?

- შესაბამისი უწყებებისგან გამოძიებას ვითხოვ, დაიკითხონ ის ადამიანები, რომლებიც ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენეს. ჩემი აზრით, ელექტროკავშირის (ახლანდელი "სილქნეტი") ხელმძღვანელი გიორგი რამიშვილი, ე.წ. "ზარალა" და ვანო მერაბიშვილი კოორდინირებულად მუშაობდნენ. მერაბიშილის ბრძანებით, განხორციელდა არა მარტო ინფრასტრუქტურის ნგრევა და კაბელების ჭრა, არამედ ორგანიზებული შეტევა: მარეგულირებელმა კომისიამ რამდენჯერმე დაგვაჯარიმა და ჯამში 660 ათასი ლარის გადახდამ მოგვიწია. სახელმწიფო ორგანიზაციებმა უარი თქვეს ჩვენს მომსახურებაზე; არაერთხელ შემოვიდა საგასახადო სამსახური და 5-წლიანი მუშაობის განმავლობაში ვერანაირი დარღვევა რომ ვერ მოგვინახეს, გვითხრეს, ინტერნეტს ძალიან იაფად ყიდით, რის გამოც ამით სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეთო. ჩვენს მიერ დადებულ ტარიფზე მეტის დადება შეუძლებელი იყო, თორემ ჩვენც გვინდოდა მეტი მოგების ნახვა. ერთი სიტყვით, 11 მილიონიანი ჯარიმა დაგვაკისრეს და თუ 45 დღის ვადაში არ გადავიხდიდით, მე, როგორც კომპანიის გენერალურ დირექტორს ციხე მემუქრებოდა...

იქიდან სიმართლის რკვევა და მტკიცება, ცხადია, შეუძლებელი იყო. იმის გამო, რომ კომპანია არ დახურულიყო და მე ციხეში არ გავეშვით, იძულებული გავხდი, "კავკასუს ონლაინი" მიზერულ ფასად გამეყიდა.

მას შემდეგ, რაც "კავკასუს ონლაინზე" ხელისუფლების კონტროლი განხორციელდა, დაიწყო კომპანიიდან დიდი თანხების გადინება. იქ ხელფასებს იღებდნენ ის ადამიანები, ვისაც ხელისუფლება სხვადასხვა დავალების შესასრულებლად იყენებდა, საუბარია ე.წ. ზონდერებზე, რომლებიც არც კი დადიოდნენ სამსახურში. კომპანიაში მუდმივად იღებდნენ შს თანამშრომლებსა და "ნაცაქტივისტებს".

- ამ ინფორმაცია საიდან ფლობთ?

- ჩემი წყაროები მქონდა, ძველი თანამშრომლები... ასევე ვიცი, რომ უაზრო, სრულიად უსარგებლო შესყიდვები ხორციელდებოდა. 60 ათასი ლარის ჭურჭელი უყიდიათ, რომელიც შემდგომ ვიღაცისთვის უჩუქნიათ და თქვეს, დაიმტვრაო.    

- 2009 წლიდან ლონდონში ცხოვრობდით. რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ხომ არ ჩაგიყენებიათ საქმის კურსში?

- ლონდონში ვთანამშრომლობდიდ ორ იურიდიული კომპანიასთან, რომელიც ჩემს ინტერესებს იცავდნენ, მაგრამ ყველა ნაბიჯს ხომ უნდა ჰქონდეს აზრი?.. აქაური უკანონობის ფონზე, საქმის ობიექტური გამოძიების იმედი არ მქონდა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)