სიცოცხლის დიდოსტატი - კვირის პალიტრა

სიცოცხლის დიდოსტატი

წელს ირაკლი აბაშიძის საიუბილეო წელია. ის 1909 წლის 23 ნოემბერს დაიბადა...

"ირაკლი აბაშიძე ჩემთვის ყოველთვის სიცოცხლის განსახიერება იყო, უფრო ზუსტად სიცოცხლის დიდოსტატი "ბინდისფერი სოფლიდან", ცხოვრების ყოველდღიური უღიმღამობიდან მშვენიერებისა და სიამის ფერადი წვეთების გამოწურვის უბადლო მცოდნე და ვირტუოზი", - წერდა გურამ ასათიანი. ირაკლი აბაშიძის ბიოგრაფია მართლაც არის ნიმუში როგორ უნდა გადარჩე სამყაროში, სადაც არავინ გხვდება ხელგაშლილი, სადაც ბევრია ჩასაფრებული და არავინ გპატიობს არა მარტო მცირედ წაბორძიკებას, ხანდახან ნიჭსა და საქმის კეთების უბადლო უნარსაც. ირაკლი აბაშიძე კი მაინც აგროვებდა მშვენიერ წვეთებს - მათ საქმეებად გარდაქმნიდა და შთამომავლობას უტოვებდა როგორც საკუთარ შემოქმედებას, ისე საძირკველივით ძლიერ დასაყრდენს ქართული ენციკლოპედიისა თუ რუსთაველის 800 წლის იუბილის სახით... სიონში რომ რუსთაველის სახელზე პარაკლისი გადაიხადეს, ესეც ირაკლი აბაშიძის დიდი სიმტკიცით მოხდა... 1966 წელი იდგა. არაეკლესიური სამყარო კბილებს ილესავდა ყოველგვარი ღვთისმოსაობის გამოვლინებაზე...

რუსთველისადმი მიძღვნილი საიუბილეო სიტყვა ირაკლი აბაშიძემ ასე დაამთავრა: "დღევანდელ ადამიანს მსგავსად ტარიელისა, არ აკლია სიბრძნე, არ აკლია ძალმოსილება, ოღონდ ტარიელისავე მსგავსად, ბოროტებისა და საშიშროების წინაშე მას დაკარგული აქვს თავისი ძალების რწმენა, თითქოს აღარც კი სჯერა, რომ შეძლებს ეს სიბრძნე და ძალმოსილება მოიხმაროს ბოროტების დასათრგუნავად. ჩვენო ძვირფასო სტუმრებო, მივაშველოთ ტარიელს ავთანდილი, დავუბრუნოთ ადამიანს რწმენა!"

ბოროტებასთან ბრძოლა კი ყოველთვის სჭირდება ადამიანს, განსაკუთრებით ისეთ აბსურდულ დროში, როგორშიც ირაკლი აბაშიძეს მოუხდა ცხოვრება...

მართლაც გაუგონრობამდე სასტიკი დრო იყო.... მწერალთა კავშირისკენ მიმავალ ირაკლი აბაშიძეს ერთ დღეს პაოლო იაშვილი შეხვდა, ძალიან ღელავდა თურმე, უთხრა: მე დაგიმტკიცებთ, რომ ვაჟკაცი ვარო, მეორე დღეს სხდომა იყო დანიშნული... სწორედ მაშინ გაისმა საბედისწერო გასროლა. პირველი იმ ოთახში, საიდანაც გასროლა გაისმა ირაკლი აბაშიძე შევარდნილა და ნანახით გაოგნებულს ტირილი ავარდნია. მეორე დღეს სამი მწერალი დაიბარეს უშიშროებაში, არკვევდნენ, იტირა თუ არა ირაკლი აბაშიძემო... მხოლოდ სიმონ ჩიქოვანის დაბეჯითებულმა უარმა - არა, ბატონო, არ უტირიაო, გადაარჩინა დაპატიმრებას მწერალი... არ დაგავიწყდეთ, ისეთი დრო იყო, პაოლოს ძმისწული ნოდარ იაშვილი მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს ბიძის შესანდობარი რომ დალია...

მერე, როცა რეაბილიტირებული პაოლოს გადასვენება გადაწყვიტა ოჯახმა, ირაკლი აბაშიძეც იყო სამარის გახსნაზე, სწორედ მან იცნო ფეხსაცმლით პაოლო... ნეშტი დიდუბეში გადაასვენეს.

აბაშიძეს მუდამ საყვედურობდნენ მთავრობასთან სიახლოვეს. ერთხელ ერთ მანდილოსანს უთქვამს, - რა არის სულ ხელისუფლების წარმომადგენლებთან რომ მეგობრობო... - ახლა რუსთაველის იუბილის ჩატარება მინდა, მომეცი ორი მილიონი მანეთი მაგ საქმისთვის და ხელისუფლებას აღარ გავეკარები, სულ შენთან ვიქნებიო.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ყველა ტომის უცვლელი რედაქტორი გახლდათ.

მაინც საყვედურობდნენ, რატომღაც მხოლოდ იმას აყვედრიდნენ, რომ მთავრობა სწყალობდა. ერთხელ ღიმილით უთქვამს: სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ ენციკლოპედიის თითო ტომი რომ ჩავარტყა თითო არაკაცს ხომ გავისტუმრებ საიქიოსო.

იერუსალიმში ექსპედიცია მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. შედგეს თუ არა ფეხი ჯვრის მონასტერში, იგრძნეს, რომ ამდენი საუკუნის მერე იქ მისულ ქართველებს ქართული საგალობელი უნდა ეთქვათ. "გაკვირვებული შემოვიდა მონასტრის ახალგაზრდა დიაკვანი ბიკენტიოსი, მოგვისმინა, მოგვაჩერდა, აგვზომ-დაგვზომა და წყნარად თქვა: მონასტრის ნამდვილ და ძველ პატრონებს დღესა ვხედავო", - წერდა შემდეგ ბატონი ირაკლი. სწორედ ამ ექსპედიციამ მიაგნო შავი საღებავით დაფარულ რუსთაველის ფრესკას და აღადგინა კიდეც. ამ ექსპედიციამ გააჩინა იმედი, რომ ბრძოლა არ დასრულებულა, ბრძოლა გრძელდება...

1 დეკემბერს რუსთაველის თეატრში მისი 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.