"კვირის პალიტრამ" 18 წლის იუბილესთან დაკავშირებით დიღმის ტყე-პარკში 300-მდე ნერგი დარგო - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრამ" 18 წლის იუბილესთან დაკავშირებით დიღმის ტყე-პარკში 300-მდე ნერგი დარგო

"კვირის პალიტრის" 18 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები დილიდან, დიღმის ტყე-პარკში ხეების დარგვით დაიწყო. "პალიტრა მედიის" თანამშრომლებმა მუხის, ცაცხვისა და წაბლის 300-მდე ნერგი დარგეს.

როგორც "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი, გიორგი თევდორაშვილი აცხადებს, დღეს "პალიტრისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

"დღეს, 18 აპრილს 18 წლის გავხდით. ყველას ვულოცავ ამ დღეს - როგორც "პალიტრის" შემქმნელებს, ასევე - მკითხველებს. დღეს 300-მდე ნერგი დავრგეთ, რომ მომავალმა თაობამ აქ გასეირნებისას გაიხსენოს, რომ ოდესღაც ეს ხეები "პალიტრამ" დარგო", - განაცხადა გიორგი თევდორაშვილმა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით "პალიტრა მედია" სხვა ღონისძიებებსაც გეგმავს. გამომცემლობა "პალიტრა L"-ი საპატრიარქოს თხოვნასაც შეასრულებს და სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადასცემს 500 ცალ "ბიბლიას" და 1000 წიგნს მხატვრული ლიტერატურის კრებულიდან.

მოგვიანებით კი, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივის ელექტრონული ვერსიის, ასევე "პალიტრა მედიისა" და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის - "გადავარჩინოთ წიგნის" შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

გაზეთ "კვირის პალიტრის" პირველი ნომერი 1995 წლის 18 აპრილს გამოვიდა.