ანტიკური კოლხეთის აღმოჩენები მედეას ქვეყნიდან - კვირის პალიტრა

ანტიკური კოლხეთის აღმოჩენები მედეას ქვეყნიდან

რამდენიმე დღის წინ სტოკჰოლმის ხმელთაშუაზღვისა და წინააზიის კულტურების მუზეუმში გაიხსნა გამოფენა "ანტიკური კოლეხთის აღმოჩენები", რომელიც 2010 წლის 14 თებერვლამდე გასტანს. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ვანის საგანძური 2007-2009 წლების განმავლობაში რამდენ ქვეყანაში გამოიფინა და რა აღტაცება გამოიწვია დამთვალიერებლებში. ამჯერად, პირველად საქართველოს საზღვრებს გარეთ, მთელი კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უნიკალური ნიმუშები აოცებს მილიონობით დამთვალიერებელს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ნოქალაქევის, საირხის, ვანის, ურეკის, ქუთაისის, ციხისძირის, ცხინვალის, რაჭის, ჩოლოქის, ბრილის, ქვიშარის, ლეჩხუმის და სხვა გათხრებში აღმოჩენილი ექსპონატები: ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, ბრინჯაოსა და და რკინის ქანდაკებები, იარაღები, საყოფაცხოვრებო და საკულტო-სარიტუალო დანიშნულების ნივთები, კერამიკის ჭურჭელი თუ მინის მძივები. ექსპონატები ძვ. წელთ აღრიცხვის XV საუკუნიდან - ახალი წელთ აღრიცხვის I-II საუკუნეების ჩათვლით პერიოდს მოიცავს და არაჩვეულებრივად წარმოაჩენს თუ რა სიმაღლეზე იდგა კოლხეთში ძვირფასი ლითონების დამუშავების ტექნიკა. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე XV-VII საუკუნეების ბრინჯაოს უნიკალური ნივთები მართლაც იშვიათია და საქართველოს უდიდეს წარსულსა და კულტურაზე მოუთხრობს ევროპას. მათი შესწავლის შემდეგ დამსახურებულად დამკვიდრდა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ტერმინი "კოლხური ბრინჯაოს კულტურა". სწორედ ამ პერიოდის მასალა შეიძლება მივიჩნიოთ არგონავტების ცნობილი მითის ისტორიულ ფონად.KvirisPalitra.Geკოლხეთის საბერძნეთთან და აქემენიდურ ირანთან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე მეტყველებს მრავალფეროვანი იმპორტული მასალაც, რომელიც კერამიკული ნაწარმის, მინის და ვერცხლის ჭურჭლითა თუ რელიგიური ხასიათის, ელინისტური ხანის ხელოვნების ნიმუშებითაა წარმოდგენილი.

დავით ლორთქიფანიძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი):

-კოლხური საგანძურის გამოფენის პროექტი, შეიძლება ითქვას, იყო პირველი წარმატებული ეტაპი, რომელმაც ეროვნულ მუზეუმს საშუალება მისცა, საერთაშორისო მუზეუმების სისტემაში შესულიყო. ევროპასა და აშშ-ში საქართველოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა მილიონობით ადამინმა გაიცნო. "ანტიკური კოლხეთის აღმოჩენების" გამოფენის გახსნას სტოკჰოლმში დიდი რეზონანსი ჰქონდა. გამოფენილია გაცილებით ადრეული პერიოდის ნიმუშები, ვიდრე ვანის ოქროა, წარმოდგენილია ასევე საირხის, ნოქალაქევის და სხვა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლების მონაპოვარი. აშშ-სა და ევროპაში წარმოდგენილ ექსპოზიციებზე დამთვალიერებელს, სხვადასხვა წლებში აღმოჩენილ ნივთებთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიით შესწავლილი და დამუშავებული ახლად აღმოჩენილი ნივთებიც შევთავაზეთ. ამ პროექტის უმთავრესი მიზანი საქართველოს პოპულარიზაციაა საზღვარგარეთ.

KvirisPalitra.Geპერ ეკლუნდი (საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი): - საქართველოს საგანძური არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ეს ჩემთვის განსაკუთრებით აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც შვედეთში, სტოკჰოლმში ვესტუმრე ახლახანს გახსნილ გამოფენას. ეს მშვენიერი გამოფენა საქართველოს ისტორიული წარსულისა და დღევანდელობის შესახებ უამბობს მნახველებს. მისი წყალობით მნახველებს შეუძლიათ ბევრად უფრო მდიდარი და დაბალანსებული ინფორმაცია მიიღონ საქართველოზე, რომელიც მათთვის, ძირითადად, რუსეთთან კონფლიქტს უკავშირდება. გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული საგანძურის უძვირფასესი ექსპონატები და მთლიანობაში გამოფენა გვაიძულებს დავფიქრდეთ, თუ რა არის ევროპა, სად არის მისი საზღვრები და რამ შეუწყო ხელი KvirisPalitra.Geდღევანდელი ევროპის ჩამოყალიბებას. მთელი გამოფენის განმავლობაში, დამთვალიერებელს ესმის მედეას ხმა, რომელიც ევრიპიდეს დრამიდან მოყოლებული დასავლურ დრამატურგიაში ქალის პერსონაჟის სიმბოლო გახდა. ის არ არის ბერძენი ანუ "ევროპელი", ის კოლხეთიდანაა, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს ხვდება. ეს არის გამოწვევა ევროპის მიმართ და კულტურის უნივერსალურობას უსვამს ხაზს. აბსოლუტურად მართებულია საქართველოს მიერ საკუთარი საგანძურის დანარჩენ მსოფლიოსთან გაზიარება. ეს მნიშვნელოვნად ავსებს საქართველოს პოლიტიკურ მისწრაფებებსა და დიპლომატიურ ძალისხმევებს.

P.S. წარსული საამაყო გვქონდა და მისი გამოძახილი დღესაც გვამხნევებს. აწმყო ხშირად დამთრგუნველი და სასტიკია, მაგრამ ამ ფონზეც კი ინტელექტუალური მსოფლიო პატივითა და ინტერესით ახსენებს უდიდესი კულტურის ქვეყანას - საქართველოს.