ქართული ხელნაწერების გადასარჩენად... - კვირის პალიტრა

ქართული ხელნაწერების გადასარჩენად...

ჩვენი სიმდიდრე მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ!..

ცოტა ხნის წინ ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კონკურსში გამარჯვებული გამოავლინა და დააფინანსა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტი. უკვე შეკვეთილია სამასი ათას ლარად ღირებული დიგიტალიზების აპარატურა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს სამუდამოდ დავაფიქსიროთ ხელნაწერები და მსოფლიოს მეცნიერთათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი სიმდიდრე...

ქართული ხელნაწერების ფრაგმენტები დაიდება ინტერნეტში როგორც ნიმუში და დაინტერესების შემთხვევაში უცხოელი სპეციალისტები შეძლებენ სრული ვერსიის მოპოვებასა და კვლევის წარმოებას. ეს კი პოპულარიზაციისა და დაცვის საუკეთესო საშუალებაა.

ბუბა კუდავა (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი): - უნიკალურ ხელნაწერებს ამ აპარატურით გადაღების შემდეგ აღარასოდეს დასჭირდება დამუშავება. ფიქსაცია, ფაქტობრივად, სამუდამოა. ხელნაწერები მაქსიმალურად ხარისხიანი იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს ამოვიკითხოთ ბევრი ისეთი ადგილი, რომელიც თვალით, ან აქამდე არსებული საშუალებებით არ იკითხებოდა.

- ხელნაწერები დროთა განმავლობაში ხომ მაინც დაზიანდება, ბოლოს და ბოლოს მარადიული არაფერია?

KvirisPalitra.Ge- გეთანხმებით, მუდმივი არაფერია ამქვეყნად, ათასობით წლის მერე თუ კაცობრიობა იარსებებს, რა ბედი ეწევა ჩვენს ხელნაწერებს, ცხადია, ვერ გეტყვით. გარემო და ტექნოლოგიებიც იცვლება, ასე რომ, შეიძლება მათი გადარჩენის პერსპექტივა გაიზარდოს კიდეც.

გვაქვს ხელნაწერები, რომლებსაც აღარაფერი ეშველება. ასეთია რამდენიმე გვიანდელი ხელნაწერი, რომელიც ქაღალდზე ე. წ. რუსული მელნითაა შესრულებული. ეს არის XVII-XVIII საუკუნეების დოკუმენტები. დროთა განმავლობაში მელანი იჟანგება და ჭამს ქაღალდს, ამისი რეაბილიტაცია შეუძლებელია. ასეთი ხელნაწერებისთვის ერთადერთი საშუალება დიგიტალიზებაა. სხვა ტიპის დაზიანებული ხელნაწერებიც გვაქვს. ისინი ექვემდებარებიან აღდგენას, მაგრამ ამისთვის ისეთი კოლოსალური თანხაა საჭირო, ჩვენი სახელმწიფო კარგა ხანს ვერ გაიღებს.

- თქვენი ახალი აპარატურა, როგორც მითხრეს, მსოფლიოში იშვიათია...

- ამერიკული კომპანია "სთოუქსი" სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისად აწარმოებს ასეთი ტიპის დანადგარებს. ჩვენი ხელნაწერების მრავალფეროვნების გამო, შეკვეთილი აპარატურა ოპტიმალურად სრულყოფილია. ზუსტად ასეთი აპარატურა დღეისათვის სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერს აქვს და მსოფლიოს ერთი-ორ დიდ დაწესებულებას. 2010 წელს ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტები დიგიტალიზაცია და რესტავრაცია იქნება.