აზარტს შეწირული სიცოცხლე - კვირის პალიტრა

აზარტს შეწირული სიცოცხლე

გურამ ანდღულაძე  (გვარ-სახელი შეცვლილია) წარმატებული ახალგაზრდა კაცი გახლდათ. 30 წლისას უკვე კარგი თანამდებობა ეკავა ბანკში. 90-იან წლებში ხალხს არც ფული ჰქონდა და არც ბანკების მიმართ გააჩნდა ნდობა, მაგრამ მაინც აკითხავდნენ გურამს სესხის გამო და ისიც, შეძლებისდაგვარად, ხელს უმართავდა ყველას.

ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდა, მისი ცოლი უცხო ენების სპეციალისტი იყო და სკოლაში ასწავლიდა ინგლისურს. როცა გურამი ფინანსურად წელში გაიმართა, მეუღლეს ურჩია, - თავი დაანებე სკოლას, თუ მასწავლებლობა მოგწონს, შინ ამეცადინე ბავშვებიო. ცოლმაც დაუჯერა... ორი შვილი ჰყავდათ, ქალ-ვაჟი, არც ცხოვრება უჭირდათ და თავსაც ბედნიერად გრძნობდნენ... და მაშინ მოხდა ის უბედურება, რომელმაც მთელი ქალაქი შეძრა - გურამმა თავის სამუშაო კაბინეტში რევოლვერით თავი მოიკლა... მეუღლეც, ნათესავებიც და თანამშრომლებიც გაოგნებული იყვნენ, ვერ გაეგოთ, რა მიზეზით უნდა მოეკლა თავი. მერე, ათასი ჭორი აგორდა თბილისში. ზოგი ამბობდა, გურამი ძველმა “მეგობრებმა”აიძულეს, ასე მოქცეულიყოო, ზოგი ამ თვითმკვლელობას მის ბიზნეს საქმიანობას უკავშირებდა, ზოგიც მიიჩნევდა, რომ ეს მისი წარსულის საზღაური იყო... (მხედრიონელი იყო, სამოქალაქო ომშიც მონაწილეობდა და აფხაზეთშიც იბრძოდა). სიმართლე კი მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ და მას რამდენიმე წლის შემდეგ აეხადა ფარდა.

...გურამი, მეგობარ მხედრიონელებთან ერთად, ხშირად სტუმრობდა  კაზინოს. ერთ დღეს ძალიან დიდი თანხა წააგო. ის კაზინოს მუდმივი კლიენტი გახლდათ და როცა დაპირდა, - ნაწილ თანხას რამდენიმე დღეში გადაგიხდით, ნაწილს კი - მოგვიანებითო, დაუჯერეს... დრო თვალის გახამხამებაში გავიდა და გურამმა დათქმულ დროს ვერ მიიტანა საჭირო თანხა... იძულებული გახდა, სხვა კაზინოში ეცადა ბედი, მაგრამ... ფორტუნამ იქაც ზურგი აქცია.

ბანკიდანაც ვეღარ ახერხებდა თანხის გამოტანას. ალბათ გახსოვთ ანაბრებზე ატეხილი აჟიოტაჟი, ბანკირებს არ უნდოდათ შარში თავის გაყოფა და გურამმაც ვერ შეძლო ესარგებლა თავისი თანამდებობით. თანაც ბანკს ახალი მმართველი ჰყავდა და  როგორ უნდა აეხსნა  უფროსისთვის, - კაზინოში ფული წავაგეო... ბოლოს გურამს ნაცნობი ქურდი მიუგზავნეს... იმან, - არ მაინტერესებს შენი პრობლემები, ფული  მოიტანეო. ერთ დღეს კი პირდაპირ ბანკში მიადგა ის ქურდი და უთხრა: ვალს შენი სიცოცხლით თუ გამოისყიდიო... შვილებითაც დაემუქრა... ბინა რომ გაეყიდა და ზედ აგარაკიც მიეყოლებინა, მაინც ვერ გაისტუმრებდა ვალს. სასოწარკვეთილმა გურამმა მეტი ვერაფერი მოიფიქრა და საბედისწერო ნაბიჯი გადადგა. წერილიც კი არ დაწერა, ან რა უნდა დაეწერა? - აზარტს შევწირე ჩემი სიცოცხლე, ოჯახი და ბედნიერებაო? ჯერ თბილისის, მერე აფხაზეთის ომებს  გადაურჩა და კაზინოში წაგებულ ფულს შეეწირა...