საქართველოში შექმნილი "ღორის გრიპის" საწინააღმდეგო ვაქცინით უცხოელებიც დაინტერესდნენ - კვირის პალიტრა

საქართველოში შექმნილი "ღორის გრიპის" საწინააღმდეგო ვაქცინით უცხოელებიც დაინტერესდნენ

ე.წ. "ღორის გრიპის" საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოშიც შეიქმნა და ამ ვაქცინით უცხოელი ექიმებიც დაინტერესდნენ. მისი შემქმნელი ჰომეოპატთა კავშირის თავმჯდომარე, ჰომეოპატიის აკადემიის რექტორი, ევროკავშირის ჰომეოპატიის კომიტეტის ექსპერტი თინა თოფურიაა. ქალბატონი თინა დაწვრილებით მოგვითხრობს როდის შეიქმნა ვაქცინა და რამდენად ეფექტიანია მისი გამოყენება:

- ჩემი წამლების ერთი ნაწილი ჰომეოპატიურია, ნაწილი ტიბეტური რეცეპტით არის დამზადებული, ამასთანავე, შევქმენით "ღორის გრიპის" საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც საკმაოდ ეფექტიანი საშუალებაა გრიპის პრევენციისთვის. რამდენიმე წელია, კერძო პრაქტიკა გვაქვს და მას წარმატებით ვიყენებთ. ჩვენი პრეპარატების ერთი ჯგუფი გამიზნულია იმისათვის, რომ ადამიანს  იმუნიტეტი გაუძლიერდეს და ორგანიზმი ნებისმიერი ტიპის ვირუსისადმი უფრო მდგრადი გახდეს. ეს პრეპარატები განსაკუთრებით ეფექტიანია ბავშვებსა და მოზარდებში. ისინი მთელი ზამთრის განმავლობაში არც კი ცივდებიან და თუ ცივდებიან, ადვილად ერევიან დაავადებას.

- ქალბატონო თინა, თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით მოგვიყევით თქვენს მიერ შექმნილი ვაქცინის შესახებ.

- მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ვაქცინა, რომლის შემადგენლობაშიც, როგორც წესი, დაავადების გამომწვევი ვირუსი შედის. ჩვენი ვაქცინა სპეციალური ტექნოლოგიითაა დამზადებული, ამ ვაქცინით ორგანიზმში ვირუსი კი არ შეგვყავს, არამედ ინფორმაცია მის შესახებ. თუკი ადამიანს შეხვდება გრიპის ვირუსი, ეს ინფორმაცია მაშინვე იწყებს რეაგირებას ადამიანის ორგანიზმში და მას გრიპი ვეღარ ერევა. "ღორის გრიპის" საწინააღმდეგო ვაქცინის მოქმედების ვადა 3 თვეა, ის ენაზე დაწვეთებით უნდა მიიღოთ. ვაქცინა კეთდება თვითონ ვირუსისაგან, ანუ ვირუსით დაავადებული ადამიანისგან აღებული მასალისგან. ეს მეთოდიკა ცნობილია, ოღონდ ჩვენ უფრო დავხვეწეთ, კორექტივები შევიტანეთ და მგონი, სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ. ვაქცინა შექმნილია მიკრობიოლოგებთან, ვირუსოლოგებთან, ბიოქიმიკოსებთან ერთად და ის უკვე ათასობით ადამიანზე გამოვცადეთ.

KvirisPalitra.Ge- როდის შეიქმნა ვაქცინა?

- ეს ვაქცინა რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ "ქათმის გრიპის" გავრცელების დროს გავაცანით ჩვენს კოლეგებს და მაშინვე მიგვიწვიეს მონაკოში, კონგრესზე. მის შემადგენლობას ყოველ წელიწადს ვცვლით იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ვირუსია ბუნებაში გავრცელებული. ჩვენი უცხოელი კოლეგები წელს განსაკუთრებით დაინტერესდნენ ამ ვაქცინით, ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელს უკვე ვასწავლეთ, ავუხსენით როგორ შეიძლება მისი დამზადება. ისინი ახლა თვითონ აკეთებენ ჩვენს მიერ შექმნილ ვაქცინას.

- რომელი ქვეყნებიდან დაგიკავშირდნენ?

- ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ეს არის შვეიცარია, საბერძნეთი, გერმანია, რუსეთიდანაც იყო გამოხმაურება, მაგრამ ამას სახელმწიფოებრივი მასშტაბები არა აქვს. ეს უფრო პირადი, კოლეგიალური კონტაქტებია. თანაც, მე არა ვარ ბიზნესმენი, ვერ ვერკვევი ფინანსურ ამბებში და არ შემიძლია კონკურენცია გავუწიო ჩვეულებრივ ვაქცინას, სიმართლე გითხრათ,  ეს ჩემი ინტერესების სფეროში არც შედის.

- ქალბატონო თინა, თქვენს პრეპარატებს და ამ ვაქცინასაც "თოფური" უწოდეთ. რატომ?

- "თოფური" ჰქვია ყველა პრეპარატს, რომელსაც ვამზადებთ. გვარად თოფურია ვარ, ამასთანავე, "თოფური" მეგრულად თაფლს ნიშნავს და იმედი მაქვს, რომ ეს პრეპარატები თაფლივით შეერგება ჩემს ხალხს.

- თქვენი პრეპარატები ხალხური, ტრადიციული მედიცინის გამოყენებით შეიქმნა თუ სხვა წყაროს დახმარებითაც?

- მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვარ, კლასიკური და ხალხური მედიცინაც საფუძვლიანად მაქვს შესწავლილი, ეს ცოდნა ერთმანეთთან შევაჯერე და გამოვიყენე. სხვათა შორის, ჩვენს გვარშიც არსებობდა მკურნალობის ძალიან დიდი ტრადიციები, ბევრი საგვარეულო რეცეპტი წინაპრებისგანაც გადმომეცა. დედაჩემის ბაბუა კონსტანტინე წერეთელი ცნობილი მკურნალი იყო და მისი წამლები ხალხში კარგად იყო ცნობილი. ერთი სიტყვით, ჩემს პრეპარატებში სხვადასხვაგვარი ცოდნაა გაერთიანებული. ჯერჯერობით აქცენტი მაქვს აღებული იმუნიტეტის გაძლიერებაზე, ბრონქების, ფილტვების, ძვლოვანი სისტემის მკურნალობაზე, თანდათან ალბათ ჩემი საქმიანობის სფეროც გაფართოვდება.

ხათუნა ჩიგოგიძე