თბილისური ტრაგედია... - კვირის პალიტრა

თბილისური ტრაგედია...

ეს ამბავი შარშან ზაფხულს მოხდა და მთელი თბილისი შეძრა... ნარკოტიკის ერთ-ერთმა რეალიზატორმა რაღაც "ახალი" შესთავაზა უბანში ბიჭებს. მართალია, ის ორი ბიჭი წამალზე დამოკიდებული არ იყო, როგორც ბევრი მათი ნაცნობი, მაგრამ ინტერესი მაინც ჰქონდათ და შიგადაშიგ გემოსაც უსინჯავდნენ... თენგო და ვანიკო ერთ უბანში ცხოვრობდნენ და პატარაობიდანვე ერთად იზრდებოდნენ. მეზობლებს ძალიან უყვარდათ ბიჭები, მათგან ჩხუბი და დავიდარაბა არავის ახსოვდა... თენგოს უმცროსი ძმა ჰყავდა, ვანიკოს კი - და.

21 წლისანი იყვნენ, როცა ეს უბედურება მოხდა...

ვანიკო სტუდენტი იყო, როცა მამა ინსულტით გარდაეცვალა. სანამ ცოცხალი იყო, მის ცოლ-შვილს არაფერი აკლდა, მისი სიკვდილის მერე კი გაუჭირდათ. ვანიკოს დედა, მერი, დღე და ღამეს ასწორებდა - ორ ადგილას დაიწყო მუშაობა და ოჯახმაც ისევ მოითქვა სული... გოგონა, თეა აჩქარდა, მისთვის შეუფერებელ ბიჭს გაჰყვა ცოლად და მალე, სამი თვის შვილთან ერთად ქმრის გარეშე დარჩა. საქმე ის გახლდათ, რომ თეას ქმარს, პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და ასეთ დროს არც ცოლს ინდობდა და არც სხვას... მან სიმთვრალეში კაცი მოკლა და რა თქმა უნდა, გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მერიმ თავის შვილს მოჰკიდა ხელი და შინ წამოიყვანა. თეა აღარც აპირებდა ქმართან შერიგებას... ეს მერისთვის დიდი და გაუნელებელი ტკივილი იყო, მაგრამ მომავალი მაინც ეიმედებოდა, რადგან ვანიკო ჰყავდა... ბიჭმა უმაღლესი დაამთავრა, მაგრამ შესაფერისი სამუშაო ვერ მოეძებნა და უბანში ატარებდა მთელ დღეს...

ერთხელ, თენგომ უთხრა,- მოდი, გავსინჯოთ წამალი, გოიმები ხომ არ ვართო(?!).

- რას ლაპარაკობ, შეჩვევა იცის და არ მინდა, მასზე დამოკიდებული გავხდე. დედაჩემმა რომ გაიგოს, გადაირევა, ისედაც თეას გამო გული აქვს ნატკენიო, - უთხრა ვანიკომ, მაგრამ თენგო არ მოეშვა და მალე დაიყოლია კიდეც... ერთ გასინჯვას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ის, რაც შარშან ზაფხულს მოხდა, მეოთხე "ცდა"გახლდათ... ორ მეგობარს, ერთობ საიდუმლოდ და ექსკლუზიურად, საკმაოდ იაფად შესთავაზა ბარიგამ "ძაან მაგარი" წამალი. ცდუნებას ვერ გაუძლეს ბიჭებმა და ფულის საშოვნელად დაფაცურდნენ. მალე იშოვეს კიდეც. თავიანთი კორპუსის სარდაფში ჩავიდნენ და იქ გაიკეთეს წამალი. ჯერ თენგო გახდა ცუდად, მერე - ვანიკო. ვანიკომ ვერ შეძლო თენგოს ფეხზე წამოყენება, თვითონაც ძლივს მოახერხა კიბეზე აცოცება და... იქვე დაკარგა გონება...

ორი საათის შემდეგ შემთხვევით დაინახა მეზობელმა სარდაფის ჩასასვლელთან პირქვე გაშხლართული ბიჭი. მიუახლოვდა, გადმოატრიალა და ადგილზევე გახევდა - ეს ხომ მის თვალწინ გაზრდილი ვანიკო იყო, რომელიც მთელ უბანს უყვარდა! ბიჭი აღარ სუნთქავდა, მიწისფერი დასდებოდა სახეზე... მეზობლები წამში შეიყარნენ, თენგოც ამოიყვანეს სარდაფიდან... აღარ იცოდნენ, როგორ ეთქვათ ბიჭების მშობლებისთვის. მერის სამსახურში რომ დაურეკეს, გაიფიქრა, თეას ბავშვი ხომ არ გაუხდა ცუდადო. იმას ვერაფრით წარმოიდგენდა, რაც სჭირდა... თავის მოკვლა უნდოდა, მაგრამ უთხრეს, - იმ ქვეყნადაც ვერ ნახავ შენს შვილსო. მიხვდა მერი, რომ სიკვდილამდე ტანჯვითა და უსაშველო დარდით უნდა ეცხოვრა. შემზარავი სანახავი იყო ორი მეგობრის ერთდროულად გამოსვენება... ორი ქართველი "ახალი ნარკოტიკის გამოცდას" შეეწირა...

ეს წერილი ალბათ ღირს დაფიქრებად და მოდი, ყველამ ერთად ვიფიქროთ იმ საშინელ სენზე, რომელსაც ნარკომანია ჰქვია და ამის მერე, იქნებ მის დასაძლევადაც გამოინახოს გზა.