სტამბის მუშებს უთხოვიათ ყაზბეგისთვის - ელგუჯა არ მოკლაო... - კვირის პალიტრა

სტამბის მუშებს უთხოვიათ ყაზბეგისთვის - ელგუჯა არ მოკლაო...

გიორგი ინასარიძემ გაბერილი კამერით გადაცურა ქერჩის სრუტე

საქართველოში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ტიტულებით ან წლების მანძილზე დაგროვილი ქონებით კი არა, წინაპრებით ამაყობენ. ბევრ გვარს მიუძღვის დიდი ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე.

ყოველ შაბათს ლოცავს ქართულ საგვარეულოებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ყველაზე უკეთ უწმინდესმა უწყის, რომ გამორჩეული წინაპრების კეთილად მოხსენიება და მათი ღვაწლის აღნიშვნა ახალგაზრდებს მამულიშვილური და საქვეყნო საქმის კეთების სურვილს აღუძრავს. ქართულ გვარებს შორის ინასარიძე ერთ-ერთი გამორჩეულია. ამ გვარის შესახებ საინტერესო ცნობები მოგვაწოდა ქალბატონმა ია მშვენიერაძემ. ჩვენი სტუმარი იხსენებს თავისი დედის, ნინო ინასარიძის წინაპრებს, რომლებმაც მართლაც ღირსეული კვალი დატოვეს.

მეცენატი და გამომცემელი

ინასარიძეების გვარის ერთ-ერთ ღირსეულ და სახელოვან წარმომადგენელს, სამსონ სოფრომის ძე ინასარიძეს, დიდი წვლილი მიუძღვის სასტამბო-საგამომცემლო და სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში.

სამსონი წარმომადგენელია "ახალი თაობისა", რომელსაც ქართველი საზოგადოება "თერგდალეულებს" უწოდებდა. ის გვერდით ედგა ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, ივანე მაჩაბელს, ნიკო ნიკოლაძეს, ვაჟა-ფშაველას, იაკობ გოგებაშვილს, ალექსანდრე ჯაბადარს და სხვებს. სამსონ ინასარიძემ გადაწყვიტა საუკეთესო ქართველი მწერლების თხზულებათა ბეჭდვა და შექმნა გამომცემლობა "ამხანაგობა". მე-19 საუკუნის 80-იან წლებში, თბილისში, ლორის-მელიქოვის ქუჩაზე გაიხსნა წიგნების პატარა მაღაზია, რომელიც ამ გამომცემლობის წყალობით სავსე იყო ქართველ მწერალთა წიგნებით.

სამსონი ალექსანდრე ყაზბეგთან მეგობრობდა. "ამხანაგობა" ყაზბეგის "ელგუჯას" ბეჭდავდა. მოთხრობის თავდაპირველ ვარიანტში მთავარი გმირი იღუპებოდა. გულდაწყვეტილ სტამბის მუშებს უთხოვიათ გამომცემლისთვის, მწერალს ურჩიეთ, არ მოკლას ელგუჯა, რომანი გააგრძელოსო... სამსონის სიტყვამ გაჭრა და "ელგუჯას" მეორე, არანაკლებ საინტერესო ნაწილი დაემატა.

შთამომავლობა

KvirisPalitra.Geსამსონ ინასარიძემ ღირსეული ქართული ოჯახი შექმნა და ხუთი საუკეთესო შვილი აღუზარდა საქართველოს.

შვილებიდან ყველაზე გამორჩეული გახლდათ ცნობილი ქირურგი-ტრავმატოლოგი გიორგი ინასარიძე. მისი ცხოვრება სავსეა საინტერესო მოვლენებით, მაგრამ მხოლოდ ორიოდ ეპიზოდს გაგაცნობთ.

1941-45 წლებში (ომის დაწყებისთანავე) გიორგი სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა ქირურგ-ტრავმატოლოგად. ვინ იცის, რამდენი მძიმე ოპერაცია გააკეთა ბომბებისა და ტყვიამფრქვევების გრიალში. საოპერაციო მაგიდასთან მის გვერდით იდგა თამარ გოთუა, ცნობილი მწერლის, ლევან გოთუას და. გერმანელებთან ერთ-ერთი დიდი შეტაკების დროს მთელ სამხედრო ჰოსპიტალს უკან უნდა დაეხია. ჰოსპიტალში რამდენიმე ასეული დაჭრილი იყო. გიორგიმ, როგორც იქნა, მედპერსონალი ავადმყოფებიანად, სამშვიდობოს გაისტუმრა, თვითონ კი ბოლო შემორჩა ცეცხლის ხაზზე. ხმელეთით შეუძლებელი იყო თავისიანებამდე მიღწევა, ამიტომ გაუგონარი რისკი გასწია - გაბერილი კამერით სასწაულებრივად გადაცურა ქერჩის სრუტე და გელენჯიკში შეუერთდა სამხედრო ჰოსპიტალს, რომელსაც ხშირად სტუმრობდა კონსტანტინე ლესელიძე - მე-18 არმიის სარდალი აქ დაჭრილების მოსანახულებლად დადიოდა. 1944 წლის იანვრიდან მე-18 არმია უკვე უკრაინის ფრონტის შემადგენლობაში გადავიდა, ცხადია, ჰოსპიტალთან ერთად. გიორგი ინასარიძე არმიის მთავარმა ქირურგმა ტრეტიაკოვმა მოსკოვში გააყოლა მძიმედ დაჭრილ გენერალ ლესელიძეს. კრემლის საავადმყოფოში გენერალს გვერდიდან არ მოშორებია თანამემამულე ექიმი. ბოლოს, სარდალმა თავად სთხოვა, - აწი არა მიშავს, სხვები მომხედავენ, შენ კი დაბრუნდი საქართველოში და ჩემს მეუღლეს ეს წერილი გადაეციო და ხელში კონვერტი მიაჩეჩა. გიორგიმ თბილისში შეიტყო ლესელიძის გარდაცვალების ამბავი.

სხვათა შორის, გიორგი ინასარიძის ოჯახს ერთხანს თავს აფარებდა მწერალი ლევან გოთუა. იგი ინასარიძეებთან არა მარტო დაცულად გრძნობდა თავს, შემოქმედებითი მუშაობისთვისაც ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი...

ბევრს აღარას გეტყვით იმ ღვაწლზე, რაც გიორგი ინასარიძეს მიუძღვის სამედიცინო სფეროში. ისიც საკმარისია გასახსენებლად, როგორ შეუწყო მან ხელი ორთოპედიის განვითარებას, შექმნა სისხლის წვეთოვანი გადასხმის ახალი აპარატი, უცხო სხეულების აღმოსაჩენი და ამოსაღები ხელსაწყო, დაამუშავა რეზინის ხელთათმანების ცივი სტერილიზაციის მეთოდი...

გიორგი ინასარიძე და მერაბ ვაჩნაძე (ცნობილი კინოვარსკვლავის, ნატო ვაჩნაძის პირველი მეუღლე) მეგობრები იყვნენ, მერაბიც ექიმი გახლდათ. გარდა საერთო საქმისა, რომელიც ორივეს ძალიან უყვარდა, ერთნაირი თვისებებიც ჰქონდათ - ალალად, უანგაროდ შეეძლოთ ადამიანის სამსახური. მერაბ ვაჩნაძე ნატოსთან განშორების შემდეგ ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, რომ არა გიორგი, ალბათ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა. გიორგი წუთით არ მოშორებია მერაბს. უმძიმესი დღეების შემდეგ, როცა დარდი ცოტათი გაუნელდა, მერაბმა ერთგულ მეგობარს უსახსოვრა საწერი მაგიდა თავისი მოწყობილობით.

რაჭველები დღემდე ემადლიერებიან თავისი კუთხის შვილს - ზემო კრიხელები მუდამ უჩიოდნენ უგზოობას, ვიწრო კლდოვანი ბილიკებით უხდებოდათ სიარული და ტვირთის გადაზიდვა... გიორგი ინასარიძის თავკაცობით სოფელში სამანქანო გზა გაკეთდა.

ასეთი მადლიანი და ნათელი გზით ევლოს ყველა ქართველს.