"ჩემი თოჯინები ქართულად იღიმიან..." - კვირის პალიტრა

"ჩემი თოჯინები ქართულად იღიმიან..."

შეიძლება ბევრმა არ იცოდეს რა არის "ქვილთი". ქვილთი შორეული წარსულიდან იღებს სათავეს და სულაც არ გახლავთ ევროპულ-ამერიკული. ქვილთით ჩვენი ბებიების ბებიები (და მათი წინაპრები) არა მარტო ხელსაქმობდნენ და ჩინებულ ფარდაგებს ამზადებდნენ, არამედ სამზითვო საბნებს და სხვა ათასგვარ "რამე-რუმეებს" კერავდნენ. ქვილთი ფერად-ფერადი ქსოვილებით შედგენილი კომპოზიციაა. იგი დიდ დროს მოითხოვს და როგორც ხელნაკეთი, ძალიან ფასობს უცხოეთში. ქართველებიც მიუბრუნდნენ წინაპრების საქმეს...

ახლახან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ძველი და ახალი ქვილთის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. საქრთველოში ჩამოსულ სტუმარს მუდამ აღაფრთოვანებს ჩვენი კულტურა... ახლა ჩვენც ვისწავლეთ ჩვენი წინაპრების "დანატოვარით" თავის მოწონება...

KvirisPalitra.Geთამარ თუჯიშვილი ერთ-ერთი იმათგანი გახლავთ, რომელმაც ბებიების ტრადიციული ხელსაქმე გაიხსენა და დიდი სიყვარულით მოჰკიდა ხელი. მან ჯერ თექაზე მუშაობა ისწავლა, მერე საქართველოში კანადელები ჩამოვიდნენ სტუმრად და ქართველ მექვილთეებს მასტერკლასი ჩაუტარეს, თუმცა ჩვენებმაც ჩვენებური მასტერკლასი შეაგებეს, რითიც უცხოელებმა გაოცება და აღფრთოვანება ვერ დამალეს...

თამარ თუჯიშვილის თოჯინები სხვადასხვა გამოფენაზე იწონებენ თავს. გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ თამარს არ ჰქონია სამხატვრო აკადემიის დიპლომი, მისი ნამუშევრები კი ყველა სპეციალისტმა აღიარა.

KvirisPalitra.Geთამარ თუჯიშვილი: ქვილთის თოჯინების დამზადების ტექნოლოგია კარგად შევისწავლე და ეს საქმე პროფესიად გავიხადე. ერთია მხოლოდ, ქართული თექის დამუშავების შემდეგ ჯერ "ევროპული" თოჯინების შექმნა ვისწავლე და მოგვიანებით ისინი "გავაქართველე", თქვენ წარმოიდგინეთ, ხასიათიც კი შევუცვალე და რაღა თქმა უნდა - ჩაცმულობაც. იცით, როგორ მოსწონთ უცხოელებს ჩვენი "მეხინკლე" ან ქართულ კაბასა და ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი "გოგო-ბიჭები"?!

ჩემს კოლექციაში ნახავთ საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელს, ასევე ქართული ზღაპრების გმირებს, ცხოველებს და სხვ. ჩემი კოლექცია 20 წლის არის და ამით ვამაყობ. ხშირად მიხდება მათი გაჩუქებაც, მაგრამ ვიმეტებ მხოლოდ იმ თოჯინას, რომლის ორიგინალიც ჩემს კოლექციაში აუცილებლად მოიძებნება.

KvirisPalitra.Geჩემი თოჯინები იაპონიის თოჯინების მუზეუმშიც კი მოხვდნენ. ეს მუზეუმი ძალინ ცნობილი და პრესტიჟულია. იქ ინახება სხვადასხვა  ქვეყანაში წარმოებული და ხელნაკეთი თოჯინები. ახლა, ჩემი თოჯინები ყველა დაიტერესებულ სტუმარს ქართულად უღიმიან და საქართველოში ეპატიჟებიან.

გვიხარია, რომ ძველი ქართული ტრადიცია აღდგა და ქართულ ნაკეთობებს ყველა საერთაშორისო გამოფენაზე საპატიო ადგილი უჭირავს!