რატომ დაეშვა ასე უცებ "ნიჭიერის" ფარდა - კვირის პალიტრა

რატომ დაეშვა ასე უცებ "ნიჭიერის" ფარდა

დაეშვა ფარდა... ჩაქრა რამპები. დამთავრდა პროექტი "ნიჭიერი" რომელმაც რამდენიმე თვის განმავლობაში ათასობით მაყურებელი ეკრანს მიაჯაჭვა. თავიდან სახალისოც იყო მონაწილეთა ყურება, ბევრი ხომ პროექტში დიდ სცენაზე ფეხის დასადგმელად მოვიდა. იყო კურიოზული შემთხვევებიც - ერთი მამაკაცი თავს იწონებდა, მრავალსართულიანი” წყევლა-კრულვა ვიცი მეგრულ-ქართულადო...

7.000 მსურველიდან მხოლოდ 12 კაცი გავიდა ფინალში. ისინი მართლაც გამოირჩეოდნენ მონაცემებითა და შესაძლებლობებით. ბევრი ღირსეულიც დარჩა ფინალური კონცერტის მიღმა. პროექტის ფორმატი მხოლოდ 10 მონაწილეს ითვალისწინებდა, აქედან კი ერთი უნდა გამხდარიყო გამარჯვებული და "გრინ-თაუნში" აშენებული ბინის მფლობელი. ჟიურის წევრებმა გამონაკლისი დაუშვეს და ათს კიდევ ორი მონაწილე დაუმატეს. ჯეოსელის ცნობილმა სახემ, დუტა სხირტლაძემ ფინალური კონცერტის წინ ყველას გვამცნო, რომ პირველ ადგილზე გასულის გარდა, დანარჩენი ორიც (ანუ მეორე და მესამე ადგილებზე გასულები) დასაჩუქრდებოდა მნიშვნელოვანი პრიზებით.

ასე რომ, ყველა ველოდით გრანდიოზულ დაჯილდოებას... ემოციური და შთამბეჭდავი გამოდგა მონაწილეთა გამოსვლა, მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო მომღერლებისკენ. ყველაზე მეტი ხმა მიიღეს აჭარელმა ლევან შავაძემ, ცაგერელმა გულნაზი გოლეთიანმა და თბილისელმა პატარა მომღერალმა მარიამ კახელიშვილმა... ბოლო წუთები ყველაზე დაძაბული იყო. მოგვიანებით თითოეული მათგანი გაიხსენებს, რა უსასრულოდ გაგრძელდა ის ერთი, უკიდურესად დაძაბული წუთი... პირველ ადგილზე ლევან შავაძე გავიდა, მას გულნაზიმ გულწრფელად მიულოცა დიდი გამრჯვება, მარიამს ნერვებმა უმტყუნა და ბავშვური წყენით, თვალცრემლიანმა დატოვა სცენა. დარბაზში მსხდომნიც და მთელი საქართველოს მაყურებელიც მოუთმენლად ელოდა იმ შეპირებულ გრანდიოზულ დაჯილდოებას, მაგრამ გადაცემა უცებ დასრულდა. როგორც მერე მონაწილეებმა აღნიშნეს, ისინიც არ ელოდნენ ასე ნაუცბადევ დასრულებას... რა მოხდა და რატომ დაეშვა ასე უცებ ფარდა, ვერავინ გაიგო. ალბათ გაირკვევა...

ამ წერილის გმირი, მეორე გამარჯვებული, გულნაზი გოლეთიანი, სამი შვილის დედა და დიდი ოჯახის დიასახლისი გახლავთ. მის შვილებს ისე განუცდიათ დედის  მეორე ადგილი, რომ სცენიდან დარბაზში ჩასულს ტირილით თვალებდასივებულები დახვედრინ. ამის გამო უსაყვედურა კიდეც შვილებს: - როგორ შეიძლება ასეთი განცდა? მეც გამარჯვებული ვარ, რადგან ხალხმა ასე შემიყვარაო... მის მიერ შესრულებული "ჰერიო, ბიჭებო" და "ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო" ძალზე ემოციური და გულში ჩამწვდომი გამოდგა.

გულნაზი გოლეთიანი: - დავიბადე და გავიზარდე ცაგერში. ხუთი დედმამიშვილიდან ყველაზე უმცროსი მე ვარ. მერვე კლასში ვიყავი, როცა უმცროსი ძმა, 18 წლისა, სამხედრო სამსახურში ყოფნისას გარდაიცვალა. მას შემდეგ ცრემლი არ შეშრობია დედას თვალზე, მამა კი თავის თავში ჩაიკეტა. უფროსი დები გათხოვდნენ, თითქოს ცხოვრება კალაპოტში ჩადგა, მაგრამ კვლავ დიდი ელდა დაგვატყდა თავს - მეორე ძმაც გარდაიცვალა. დედამ ვეღარ გაუძლო ამხელა დარდს, ლოგინად ჩავარდა და მალე შვილების კვალს მიჰყვა. დავრჩით მე და მამა მარტონი. სკოლა რომ დავამთავრე, ცაგერის კულტურის სახლში დავიწყე მუშაობა, მოგვიანებით საფინანსო-ეკონომიკური ტექნიკუმი დავამთავრე ქუთაისში, მაგრამ ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. იმდენად მიყვარდა სიმღერა, რომ ვერ მოვწყდი მას და კულტურის სახლში ბავშვებს ვასწავლიდი. ერთი ღონისძიება არ გამართულა, რომ მონაწილეობა არ მიმეღო. ჩემს ტკივილიან ცხოვრებას სიმღერა და კეთილი ადამიანები აფერადებდნენ. მერე რომანი გავიცანი, ჩემი მომავალი მეუღლე. 5 წელი გვიყვარდა ერთმანეთი, ვერ ვამხელდი ამ გრძნობას - თითქოს ახლობლების სიკვდილმა ხელ-ფეხი შემიკრა პირადი ბედნიერებისთვის. ერთხანს იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ამდენი უბედურების მერე არც კი მქონდა ბედნიერების უფლება... ბოლოს, მეგობრების რჩევით გადავდგი ნაბიჯი და დავქორწინდით. შეგვეძინა თამარი, მერე თეა, მარიამი. წლების განმავლობაში კულტურის სახლში 35 ლარი მქონდა ხელფასი. ყველაზე ბევრი - 120 ლარი რამდენიმე კონცერტის მერე ავიღე. ჩემს ქმარს ხელოსნობა ეხერხება, ხეზეც მუშაობს და სამშენებლო საქმეც იცის. სხვა გზა არ იყო და თბილისში წამოვიდა ლუკმაპურის ფულისთვის.

როცა ახალი პროექტი "ნიჭიერი" გამოცხადდა, შვილები და მეგობრები შემიჩნდნენ, - ასაკი ხომ არაა შეზღუდული, მიიღე მონაწილეობაო. იმდენი ქნეს, გადამაწყვეტინეს. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, არ მინდოდა, პირველი ტურის მერე შერცხვენილი დავრუნებულიყავი ლეჩხუმში, მაგრამ ბედმა გამიღიმა, ჟიურისა და ხალხის სიყვარული დავიმსახურე და გადავედი მეორე ტურში. არასოდეს დამავიწყდება, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში გამართულ პირველ კონცერტზე მაია ასათიანმა რომ მითხრა, - თქვენ დღევანდელი დღის ვარსკვლავი ხართო. როცა ნიკამაც შემაქო, უზომოდ გავიხარე. დაძაბულობა მომეხსნა და მეორე ტურისთვის მზადება დავიწყე. ძალიან არ მინდოდა, რაიმე კურიოზულ სიტუაციაში მოვხვედრილიყავი (ხომ აჩვენებენ ხოლმე სასაცილო ეპიზოდებს), მაგრამ მაინც ვერ გადავრჩი. დიდხანს გვიწევდა ლოდინი, სანამ ჩვენი გამოსვლის დრო დადგებოდა, მე რესტორნის ან კაფე-ბარის ფული სად მქონდა? ჰოდა, მაშინ დამაფიქსირეს, როცა მოსაცდელ დარბაზში ხაჭაპურს მივირთმევდი... ეს ბევრისთვის სალაპარაკო გახდა...

- ელოდით ასეთ წარმატებას?

- ნამდვილად არ ველოდი. სულ რაღაც სამმა წუთმა ისეთი წარმატება და სიხარული მომიტანა, რომ თავბრუ მესხმოდა. ამ სამმა წუთმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება.  თავიდან, მონაწილეებს შორის ცივი დამოკიდებულება იყო. მერე ჩემ ირგვლივ თანდათან შემოვიკრიბე ხალხი და ისე დავმეგობრდით, ერთმანეთს გულწრფელად ვგულშემატკივრობდით. დღეს უკვე ხშირად ვეხმიანებით ერთმანეთს.…საღ და თბილ ურთიერთობაზე ძვირფასი არაფერია ამქვეყნად.

- რა საჩუქარი გერგოთ?

- მობილური ტელეფონი გვაჩუქეს და ზედ დარიცხული აღმოჩნდა 500 ლარი.

- თუმცა ხალხი თქვენთვის მეტ საჩუქარს და გრანდიოზულ სანახაობას ელოდა კონცერტის ბოლოს.

- არ ვიცი, ამაზე ვერაფერს გეტყვით. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დღეს უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ერთხელ მაინც დამიმესიჯა, მადლობელი ვარ ჩემი ლეჩხუმელების, რომელთა ყურადღება და სიყვარული წუთითაც არ მომკლებია. ახლა დიდი იმედით შევყურებ მომავალს, მინდა სიმღერები ჩავწერო და ჩემი ხალხი კვლავ გავახარო...

უზომოდ ბედნიერი ვიყავი, როცა სრულიად უცნობები მიღიმოდნენ, მილოცავდნენ და მეუბნებოდნენ: - გმადლობთ იმ ლამაზი წუთებისთვის, ქართული სიმღერებით რომ მოგვანიჭეო...