აი, ასეთი სიმდიდრის პატრონები ვართ! - კვირის პალიტრა

აი, ასეთი სიმდიდრის პატრონები ვართ!

ალბათ მას მერე, რაც პირობითად აზიისა და ევროპის საზღვარი გაივლო და იმ საზღვარზე თავი აღმოვაჩინეთ, ხან ღიმილით და ხან მთელი სერიოზულობით, ხან გაბრაზებულები და ხანაც გაბეზრებულები ვარკვევთ ევროპა ვართ თუ აზია... ამაზე კამათი და მსჯელობა ახლა ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ჩვენს ეროვნულ მუზეუმში ინახება კულტურა, რომელზეც არც ევროპა იტყოდა უარს და არც აზია.

გამოფენათა ციკლით "ეროვნული მუზეუმის საგანძურიდან" 2010 წლის 15 მაისს სიღნაღის მუზეუმში ევროპის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილია უნიკალური ექსპოზიცია - "დასავლეთ ევროპის ფერწერა XVI-XIX საუკუნეები".

 

შეიძლება არც იცის ბევრმა, რომ ჩვენს ხელოვნების მუზეუმში დაცულია XVI-XIX საუკუნეების იტალიის, გერმანიის, ჰოლანდიის, ფლანდრიისა და საფრანგეთის ფერწერულ სკოლათა ნამუშევრები ქრონოლოგიურ-გეოგრაფიული და მხატვრულ-სტილური მთელი მრავალფეროვნებით.

გაგახსენებთ, რომ ხელოვნების მუზეუმის  შექმნას საფუძველი 1920-იან წლებში დიმიტრი შევარდნაძემ  ჩაუყარა. 1954 წელს ეროვნული გალერეის, მუზეუმ "მეტეხის", წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, თბილისის უნივერსიტეტის მუზეუმის დასავლეთევროპულ ექსპონატთა კოლექციები  გაერთიანდა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ცალკე განყოფილება შეიქმნა. მისი ფონდები წლების მანძილზე მდიდრდებოდა შემოწირული და კერძო პირებისგან შესყიდული ფერწერული და გრაფიკული შედევრებით.

ცოტა რამ იმ ხელოვნების ნიმუშებზე, რომელიც გამოფენაზეა წარმოდგენილი...

XVI საუკუნის იტალიური რენესანსის ფერწერა ტიციანის (1487/90-1576)  სკოლის უცნობი მხატვრის ნიმუშით არის წარმოდგენილი. "სენატორ კონტარინის პორტრეტში" კომპოზიციური აგების ლაკონიზმი, რბილი შუქჩრდილოვანი მოდელირება დიდი მაესტროს პორტრეტული შემოქმედების ტრადიციებზე მიანიშნებს. ფიზიკურად და სულიერად ლამაზი პიროვნების მხატვრული სახის საშუალებით იხსნება აღორძინების ეპოქის ადამიანის ზოგადი, ტიპური ნიშნები - შინაგანი ძალისა და საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნება. 

იტალიურ მანიერიზმის წარმომადგენელის გვიდო რენის ფერწერა შეუძლებელია არ გაინტერესებდეთ. მის ნამუშევრებში შერწყმულია მიქელანჯელო და კარავაჯოს ნოვატორული, კონტრასტული შუქჩრდილის დრამატული ეფექტები და ბოლონიის სკოლის აკადემიზმი. ფერწერული ტილო "მიქაელ მთავარანგელოზი" გვიდო რენის მიერ 1636 წელს შესრულებული მონუმენტური ფერწერული ნამუშევრის დაზგური ვარიანტია.

KvirisPalitra.Geმართლაც საამაყოა რომ ამ სურათს ჩვენი ეროვნული მუზეუმის ფონდი ინახავს. გერმანული რენესანსის ყველაზე ორიგინალური შემოქმედის, ლუკას კრანახ უფროსის (1472-1553)  "მაჭანკალი" ჩვენი კოლექციის უძვირფასესი ექსპონატია. "მაჭანკლის" ბედი მართლაც რომ ტრაგიკულია. სურათმა ქართული საგანძურის სხვა ძეგლების მსგავსად ათეულობით წელი ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად ემიგრაციაში დაჰყო. 1990-იან წლებში იგი მუზეუმიდან გაიტაცეს და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დაუბრუნდა ეროვნულ საგანძურს.

განსაკუთრებული სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით XVII საუკუნის ჰოლანდიური და ფლამანდიური ფერწერის ნიმუშთა კოლექცია გამოირჩევა. ჰოლანდიური ხელოვნების  უდიდეს შემოქმედთა, ჰარმენს ვან რეინ რემბრანდტის, პიტერ ჰალსისა და იან ვერმეერის გვერდით, რომელთა შემოქმედებამ გარკვეულწილად განსაზღვრა მომდევნო პერიოდის ევროპული ხელოვნების განვითარება, ჰოლანდიაში "მცირე ჰოლანდიელების" ფერწერული სკოლა ჩამოყალიბდა. ეს სახელი ამ მხატვრებს მცირე ზომის ნამუშევრებისთვის (პეიზაჟი, ინტერიერი, ყოფითი თემა) შეარქვეს. მათი ფერწერა ხასიათდება წერის დახვეწილობით, მცირე დეტალების გამოსახვის სიზუსტით, შუქჩრდილოვანი და კოლორისტული ნიუანსების იუველირული დამუშავებით.

XVII საუკუნის ფლამანდიური ფერწერის სკოლის წამყვანი მხატვრული სტილია ბაროკო. მის სათავეში გენიალური რუბენსი (1577-1640) დგას. ეპოქის ძირითადმა ტენდენციებმა - სივრცის, დროის, სიცოცხლის დინამიკური რიტმის ახლებურმა გააზრებამ ფლამანდიურ ხელოვნებაში მკაფიო და თვითმყოფადი გამოხატულება ჰპოვა. ფლამანდიელმა ოსტატებმა აღბეჭდეს სამყაროს გრძნობადი სილამაზე და  შექმნეს სიცოცხლით სავსე ადამიანების მხატვრული სახეები.

KvirisPalitra.Geგამოფენაზე იხილავთ პიტერ პაულ რუბენსის სახელოსნოს უცნობი მხატვრის მიერ შესრულებულ "სასიყვარულო სცენას", იორის ვან სონის (1623-1667) ნატურმორტს ყვავილებითა და ლობსტერით, რომელიც ფლამანდიური ნატურმორტებისთვის დამახასიათებელი სადღესასწაულო განწყობითა და დეკორატიულობით გამოირჩევა.

ფრანგული ფერწერა ჩვენს კოლექციაში XVII-XIX საუკუნეების მხატვრულ სტილთა უდიდეს შემოქმედთა და მათი სკოლების მხატვართა ფერწერული სურათებით არის წარმოდგენილი. ნიკოლა პუსენი (1594-1665) ფრანგული კლასიციზმის ფუძემდებელია. მისი ხელოვნება მთავარ იდეას - ადამიანისა და საზოგადოების ჰარმონიულ ურთიერთდამოკიდებულებას გადმოცემს. მხატვარი სიუჟეტებს ანტიკური და ბიბლიური თემებიდან იღებს და მათი საშუალებით თანამედროვე ეპოქის სულისკვეთებას გამოხატავს.

გამოფენაზე იხილავთ დიდი მხატვრის ნამუშევარს - "პროზერპინას მოტაცება პლუტონის მიერ". კლოდ ლორენის (ჟელე. 1600-1682) პეიზაჟური სკოლის უცნობი მხატვრის ნამუშევარს ელეგიურ-მეოცნებე განწყობა ახასიათებს. კლასიციზმის სტილის რეპრეზენტაციულ ჰეროიკულობასა და დრამატულობას ცვლის როკოკოს დეკორატიულ-კამერული სტილის მომხიბვლელობა და დახვეწილობა, რომელსაც ანტუან ვატოს (1684-1721) სკოლის უცნობი მხატვრის მცირე ზომის ფერწერით გაეცნობით.

შარლ ფრანსუა ლაკრუა (1700-1782) ფრანგული რომანტიზმის ერთ-ერთი წინამორბედია. გამოფენაზე წარმოდგენილი მისი პეიზაჟის რომანტიკულ-დრამატულ ხასიათში აშკარად იჩენს თავს იტალიური ხელოვნების გავლენა.

ჟან ბატისტ გრიოზის (1725-1805) შემოქმედების მორალისტური განწყობა და სენტიმენტალიზმი ახასიათებს მისი სკოლის უცნობი მხატვრის ნამუშევარს - "მთვრალი მამა".

XIX საუკუნის 50-60-იან წლებს მიეკუთვნება ფრანგული კრიტიკული რეალიზმის უდიდესი შემოქმედის, ონორე დომიეს (1808 - 1879) ფერწერული ნამუშევრები, რომელთა თემას მხატვარი უბრალო ხალხის ცხოვრებიდან იღებს. ექსპონირებული ფერწერული სურათი "ვაგონში" მხატვრის ცნობილი ტილოს - "მესამე კლასის ვაგონის" ერთ-ერთი ვარიანტია.

აი, ასეთი სიმდიდრის პატრონები ვართ... ვისაც კიდევ მეტი უნდა რომ გაიგოს ევროპული ხელოვნების განვითარების ძირითად ტენდენციებზე XVI საუკუნიდან XIX საუკუნემდე, მათთვის საგანმანათლებლო ლექციებიც ჩატარდება...

და როცა საქართველოზე ისევ იკითხავენ: მაინც რომელია ეს ქვეყანა - ევროპული თუ აზიური სახელმწიფოო, თამამად შეგვიძლია ვუპასუხოთ: რომელიც არ უნდა იყოს, მთავარი ისაა, რომ ძალიან საინტერესო კულტურის ქვეყანაა და თავისი კულტურული მონაპოვარის გვერდით იცავს და პატრონობს როგორც ევროპული, ისე აზიური ქვეყნების კულტურას...