ქართული სისხლი, როგორც საკრალური სწავლება...
18-05-2010
მეგონა საუკუნეების მიღმიდან მესმოდა მისი ხმა. ხმაც ისეთი ჰქონდა, რაღაც უფრო მეტი იყო ვიდრე ძეხორციელის ყელიდან ამოსული... თითქოს ეს ხმა სიტყვების გარეშეც საბრძოლველად გეძახდა. თითქოს მისი გულიც მხოლოდ იმიტომ ძგერდა, რომ შენს მკერდქვეშაც აეჩქარებინა სისხლი "სად არ დაღვრილი... ნადიდგორალი, ნაშამქორალი". სახელიც ისეთი ჰქონდა - ძალიან ქართული და ჟღერადი, ხმადაბლა თქმა რომ არ მოუხდებოდა არაფრით. ამიტომ თუ დაასახელებდი, ომახიანად უნ
და დაგესახელებინა - მუხრან მაჭავარიანი!

ვერც კი წარმომედგინა ახალგაზრდა, მისი სიბრძნე ასაკისა და გამოცდილების შთაბეჭდილებას ქმნიდა, ჯერ კიდევ ათეული წლების წინ, როცა ასაკოვნობამდე დიდი გზა ჰქონდა სავალი. ეს "ასაკი და გამოცდილება" მის ყველაზე ადრეულ ლექსებშიც ჩანდა.
კიდევ ვერ წარმომედგინა მუხრან მაჭავარიანი სახლში, სავარძელში მოკალათებული, მოშვებული და განცხრომილი. ის ხმალივით იყო, რომელსაც ვადაში ჩაგების ჟამი ჯერ არ დასდგომოდა...
მისი აზიდული წარბები თითქოს მომართულ და დაჭიმულ სხეულსა და სულს ბოლო შტრიხს მატებდა. მისი სიტყვა მაშინაც კი საბრძოლო ყიჟინასავით ისმოდა, როცა ბრძოლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდა ისტორიულად ომებით გადაღლილსა და ძლიერი მეზობლის წნეხს ქვეშ მოყოლილ საქართველოს.

ის მოდიოდა და თავისი ქართული სისხლი მოჰქონდა როგორც ჩაუმქრალი ცეცხლი და როგორც საკრალური სწავლება ისე უნდა გადაეცა შთამომავლობისათვის. მოჰქონდა სისხლი, რომელსაც
"გზადაგზა სვამდნენ
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდნენ,
და...
მიუხედავად ამისა, მაინც -
გამოიარა
რუსთველის გული,
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული"...

საკრალური სწავლება შემთხვევით არ მიხსენებია. გენი და სისხლი, რასაც ასე ხშირად ვახსენებთ ხოლმე სხვა არაფერია, თუ არა ცნობიერება შენი ერის ფესვის ცოდნა-ცნობითა და წინაპრის სიბრძნით ნაკვები. ეს გენებთან ერთად კი გადმოგვეცემა, მაგრამ შესაბამისი სწავლებით თუ არ განმტკიცდა, ისე იკარგება, როგორც პეშვში ჩასხმული წყაროს წყალი.

მახსოვს დაღლილი, გაბრაზებული და განგებ მდუმარე პოეტი. ის დრო იყო, როცა უკვე საკუთარი თვალით ნახა, იქ, სადაც საქართველოს გადასარჩენი ომი უნდა ყოფილიყო, ერის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო, სულ სხვა მიზნებისთვის დუღდა ცხოვრება.
- როგორ მინდა, გესაუბროთ... - ვუთხარი მოკრძალებით.
- არ შემიძლია! მართლა არ შემიძლია... ვნახოთ, დრო გავიდეს, იქნებ გულმა სხვა მითხრას და მათქმევინოს კიდეც... ახლა რა უნდა ვთქვა?
გარეთ ზაფხულის ხვატი იდგა, ქანცგაწყვეტილი ქართველი ქალები ვინ იცის რომელი ქვეყნიდან ჩამოტანილი უხარისხო ტანსაცმლით სავსე დიდ ჩანთებს დაათრევდნენ... გადაგვარებამდე მისული უმუშევარი კაცები იქვე დახლთან ახლოს, სადაც ქალები ჭინჭებითა და ბოსტნეულით ვაჭრობდნენ, სახელდახელო სუფრასთან ისხდნენ და სადღეგრძელოებს აფრქვევდნენ. სუფრა იყო საჯაყი, ისეთი, როგორზედაც ადრე ძლიერ მეზობლებს დავცინოდით - ძეხვი, პური და არაყი... ან ლუდი, გამხმარი თევზი და პურის ყუა...
ქუჩაში გაჭირვებასა და პოლიტიკას დაესადგურებინა, პოლიტიკაში - კეთილდღეობასა და განურჩევლობას.
მას შემდეგ ლამის ათი წელიც გავიდა. რა შეიცვალა და რა - არა, მკითხველი თავად მიხვდება. მუხრან მაჭავარიანმაც, მართალია ძუნწად, მაგრამ რამდენიმე სიტყვა თქვა...

80 წლის იუბილარს პრეზიდენტი ეწვია. მაშინ მთელმა საქართველომ მოისმინა, რა ისურვა პოეტმა - წყარო გამოიყვანეთ ამ ულამაზეს სოფელშიო... ხალხს სასმელი წყალი შორიდან მოაქვსო. წყარო - სიცოცხლისა და სისუფთავის სიმბოლო - სიმბოლურად დაუტოვა მათ, ვისზეც ლოცულობდა: "იარონ, იარონ, იარონ! ამინ!"-ო
სხვა სურვილი ლექსით ჰქონდა ნათქვამი:

"ვერ მივაღწიე,
ვერ ვეღირსე უკეთუ მიზანს,
ვერ გავისწორე უკეთუ ხოში, -
რა ბედენაა დიდუბის და მთაწმინდის მიწა!..
თუ სიკვდილია, -
აი, წოლა მესმის შამქორში!"

ოღონდაც სად შამქორი იყო და სად "შამქორს" გვალანდებდნენ, ამისი გარჩევა უნდა შეგვძლებოდა...
ვერაფრით წარმოვიდგენდი მუხრან მაჭავარიანს დაწოლილს, სიკვდილთან შეხვედრის მომლოდინეს... ზეციურმა უკეთ იცის, ვის როგორ დასასრულს მიაგებს. მისი დასასრული რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგა. ფრიდონ ხალვაშის 85 წლის იუბილე ტარდებოდა. ის სიტყვით გამოვიდა. სიტყვა იყო ხმამაღალი და ომახიანი - ისეთივე, როგორც მისი სახელი - მუხრან! 81 წლის პოეტი იდგა სცენაზე და მას არ ჰქონდა ასაკი, ვერაფრით დაარქმევდი მოხუცებულს ან ხანდაზმულს, როგორც ამ ხნის ადამიანს ეგება.
იდგა დროზე მაღლა და ხმალივით შემართული. მერე შეტორტმანდა და ბოლო ამოსუნთქვა ვიდრე დადგებოდა, ვიდრე დაეცემოდა, სულ რაღაც წამით, მაგრამ მაინც დაიჩოქა... საქართველოსთვის, ცხადია...

 

"წასაწერი საფლავის ქვის ორივე მხარეზე:
(ქვედაზეც და ზედაზეც, -
მკვდარმაც რომ წაიკითხოს და ცოცხალმაც)

შენი არ იყოს, - ჩემო ირაკლი! -
ვერ ვიდევგმირე! - ვერ ვიწინაპრე! -
ჭირმა ჩემმა და ჩემმა სილაღემ! -
მამულმა შენებრ შემიწირა მე".

ilia
22 მაისი 2010 18:17
საქართველოს დააკლდა კიდევ ერთი თავისი ღისეული შვილი,ვერ დამიჯერებია რომ მუხრან მაჭავარიანი დღეს ჩვენთან აღარ არის,იგი იყო ყოველთვის ქართული სიტყვის და საქმის სადარაჯოზე
gocha
22 მაისი 2010 16:13
დღეს დაივანებს ამ გულქართველი კაცის სხეული მასსავით გულქართველ მამულიშვილთა შორის;
მარტო ლექსებით კი არა, სულით იყო დიდი რაინდი, დიდი ბურჯი კეთილშობიულებისა
მშვიდობით, დიდო მუხრან
მართლაც: "გმადლობთ, რომ არსებობდით"
მსუბუქი იყოს თქვენთვის მიწა, რომელსაც მუდამ გამოარღვევს თქვენი ხმა ვაჟკაცური.................


"ვერ მივაღწიე,
ვერ ვეღირსე უკეთუ მიზანს,
ვერ გავისწორე უკეთუ ხოში, -
რა ბედენაა დიდუბის და მთაწმინდის მიწა!..
თუ სიკვდილია, -
აი, წოლა მესმის შამქორში!"


ეს სტრიქონები ზარივით რეკენ და თვლემამოგვრილ ერს აუცილებლად გამოაფხიზლებენ.
enigma
20 მაისი 2010 18:58
...ვუყურებ ამ დიდი ადამიანის სახეს და გული ტირის...მე ეხლა ვსვამ მუხრანის შესანდობარს...სიტყვები არ მყოფნის... ხოლო მათ, ვინც მას გული ატკინა, განზე გასწია, მიივიწყა, დაიჩოქეთ და პატიება სთხოვეთ მის ნათელ სულს!

რედაქტორის რჩევით