მას ბრმად ვენდობოდი
უცნაურია ცხოვრება, როცა გგონია, რომ ყველაფერი კალაპოტშია და არსაიდან "საფრთხე" არ გემუქრება, სწორედ მაშინ იმისთანა "სიურპრიზს" მოგიწყობს,  გაგაოცებს. ასე დაემართა ჩემს რესპონდენტ ქალბატონსაც, რომელმაც თავის ცხოვრებაზე გულახდილად მიამბო...
ლალი გ.(42 წლის თბილისელი ქალბატონი): ჩემი და გოჩას სიყვარული სკოლიდან დაიწყო. ყველა დარწმუნებული იყო, რომ სკოლის დამთავრებისთანავე ვიქორწინებდით, რადგან ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. თუმცა, მამაჩემის თხოვნა გავითვალისწინეთ და ჯერ უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარეთ, ერთი წლის მერე კი ქორწილი დავგეგმეთ.

ნათქვამია, გადადებული საქმე ეშმაკისააო, მაგრამ
იმ პერიოდში უფროსებისგან დამოძღვრილი ვიყავით, რომ "ნაჩქარევად ქვეყანა არავის აუშენებია", ჰოდა, ჩვენც აღარ ვიჩქარეთ. ძნელია, წინდაწინ გათვალო, რა გელოდება მომავალში. ეს რომ შესაძლებელი იყოს, ამდენი უბედურება ან გამოუსწორებელი შეცდომა არ მოხდებოდა...

ერთხელ დასავლეთ საქრთველოში ვიყავით მეგობრის ბებიის დაკრძალვაზე, რომელიც 95 წლის გახლდათ და მისმა შვილიშვილმა
კარგად მოგვალხენინა, - იმის ასაკამდე არაფერი აგტკივდეთ, მადლიანი ქალი იყო და ასე დაიბარა, ლხენით გამასვენეთო... ჰოდა, 18-19 წლის ახალგაზრდებს მეტი რა გვინდოდა? იქიდან წამოსულებს ავარია მოგვიხდა... ნიკა (ვინც საჭესთან იჯდა) კარგად მართავდა მანქანას, ამიტომ უარი არ უთქვამს დალევაზე, შეშფოთებულ გოგოებს გვარწმუნებდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში უფრო უადვილდებოდა მანქანის ტარება... ავარია ქუთაისთან მოხდა. ნიკა ადგილზევე გარდაიცვალა, მე და გოჩა გონდაკარგული მიგვიყვანეს საავადმყოფოში, დანარჩენი ორიც მძიმე მდგომარეობაში იყო. დაზიანებების გამო ჩემთვის საშვილოსნოს ამოკვეთა აუცილებელი შეიქნა. საშინლად განვიცადე... გადავწყვიტე, გოჩას აღარ გავყოლოდი ცოლად და მის მშობლებს შევატყობინე. ეს ჩანაფიქრი დიდსულოვნებაში ჩამეთვალა და ერთ მშვენიერ დღეს, გოჩას დედამ შვილს უთხრა, რომ ჩემთან ურთიერთობა უნდა შეეწყვიტა, - ეს თავად ლალის სურვილია და ვერ გიმხელსო... გაგიჟებულა გოჩა და იმ დღესვე ჩემთან მოვიდა. ასე მითხრა: მთელი სამყარო რომ წინ გადამიდგეს, მაინც ვერ დამაშორებენ შენთან, მიყვარხარ და უშენოდ ერთი წუთიც არ მინდა სიცოცხლეო. მერე დიდხანს ვტიროდით ერთმანეთს გადახვეულები. უფროსებმა ვეღარაფერი თქვეს, თუმცა ვატყობდი, რომ გოჩას მამას არ სიამოვნებდა შვილის სიჯიუტე. არც ვამტყუნებ, მამაა და სურდა, გვარის გამგრძელებელი და საკუთარი შვილიშვილი ჰყოლოდა. მან უკვე გოჩასგან იცოდა, რომ ჩვენ ბავშვის აყვანა გვქონდა გადაწყვეტილი.. ჯერ მაინც ვსწავლობდით და არ ვჩქარობდით ბავშვის აყვანას.

ერთხელ ჩემმა მამამთილმა დამიმარტოხელა და გული გადამიშალა: გთხოვ, ყურადღებით მომისმინე და გონებით განსაჯე ყველაფერი. ჩემი ჩანაფიქრი ცოტა უხერხული კი არის, მაგრამ უნდა გამიგო... სხვისი შვილის გაზრდას, არ გირჩევნია, გოჩას შვილი გაზარდო? მეც მეცოდინება, რომ ჩემს სისხლსა და ხორცს ვუტოვებ მთელს ავლადიდებასო... მას უკვე კანდიდატურაც ჰყავდა შერჩეული. ერთ ნაცნობს მისთვის ახალგაზრდა ქალი გამოეძებნა, რომელიც განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ, ბავშვს გაუჩენდა გოჩას და უპრობლემოდ მისცემდა მერე. რა თქმა უნდა, გულს შემომეყარა, რომ წარმოვიდგინე, გოჩა სხვა ქალთან უნდა წასულიყო, თუნდაც მცირე ხნით, მაგრამ კარგად მესმოდა გოჩას ახლობლებისაც... ისევ იმ აზრზე დავდექი -  სჯობდა, გავცლოდი, მაგრამ ყველამ ხელები გაასავსავა, - გოჩა მოგვიკვდება უშენოდ, ხომ იცი, როგორ უყვარხარო... ახლა ჯერი ჩემზე იყო, უნდა დამეთანხმებინა ქმარი ამ გადაწყვეტილებაზე. სამი დღე გაგრძელდა ჩვენ შორის მოლაპარაკება და საბოლოოდ, გოჩაც დავარწმუნე, რომ ასე სჯობდა.

...ერთი წლის თავზე უკვე გვყავდა პატარა და ძალიან საყვარელი ლევანი. მასზე სული ამოსდიოდათ გოჩას მშობლებს, ბავშვის ბიოლოგიურ დედას არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა პატარაზე და არც არასოდეს ექნებოდა. ლევანი მისთვის უკვე მეოთხე გასხვისებულ-გაყიდული შვილი იყო. არადა, ასეთი რა უჭირდა იმ დალოცვილს, რომ ძალ-ღონით აღსავსე, 28 წლის ახლაგაზრდა ქალი აჩენდა და მერე ყიდდა თავის შვილებს! თუმცა ამ ფიქრებით მაშინ თავი აღარ ამიტკიებია. მთვარი ის იყო, რომ მე და გოჩა ლევანიკოს მშობლები ვიყავით და ჩვენი პატარა უსაზღვროდ გვიყვარდა. ბავშვი ისე ჰგავდა მამამისს, თითქოს ვაშლი შუაზე გაეჭრათ. გავიდა დრო. გოჩას კარგი სამსახური ჰქონდა, მე არ ვმუშაობდი, სულ ლევანიკოთი ვიყავი დაკავებული. ბავშვი სკოლაში რომ შევიყვანეთ, მაშინ გამომიცხადა გოჩამ: ცოდოა ჩვენი ლევანიკო მარტო, მას და ან ძმა უნდაო... ის ქალი თანხმაა ერთი ბავშვი კიდევ გამიჩინოს, მერე კი მიცემული თანხით საზღვარგარეთ აპირებს გამგზავრებას, მოდი, ერთი შვილიც გავაჩენინოთო. გოჩასი ყველაფერი მჯეროდა, მან ჩემი გულისთვის იმდენი რამ გააკეთა, უდავოდ იმსახურებდა ნდობას და პატივისცემას. სიხარულით დავეთანხმე და დავიწყე მზადება მეორე ბავშვისთვის. განვაახლე ბავშვის გარდერობი, სარდაფიდან ამოვიტანე ლევანიკოს პატარა საწოლი, ხოლო როცა გავიგე, რომ ბავშვი გოგონა იყო, კაბები, გოგონასთვის განკუთვნილი სათამაშოები და ვარდისფერი ტანსაცმელი შევიძინე. მართლა ძალიან მიხაროდა, რომ მალე ახალი პატარა წევრი გაჩნდებოდა ჩვენს ოჯახში და ახალ სიხარულსა და სასიამოვნო საზრუნავს შემოიტანდა. ანასტასია (თავიდან მეგონა, გოჩამ აურჩია ეს სახელი.
მოგვიანებით კი გავიგე, რომ ბვშვების ბიოლოგიურ დედას დაურქმევია) საოცრად ლამაზი და საყვარელი ბავშვი იყო. ზედ ვყვებოდი ორივეს. მეშინოდა, ლევანს არ ეეჭვიანა, ამიტომ ბიჭს უფრო ვეფერებოდი. მერე თავს გამოვუტყდი, რომ მართლაც ლევანიკოს უფრო წინ ვაყენებდი, ალბათ იმიტომ, რომ მასზე ძალიან დიდი ამაგი მქონდა, თან მამის ასლი იყო. ანასტასიას სიყვარული აღარ დამცალდა. ჩემს თავს ისეთი რამ დატრიალდა, შოკირებული ვიყავი და ვერც კი ვლაპარაკობდი. ლაპარაკს ვინ დაეძებს, საჭმელს და სასმელს პირს ვერ ვაკარებდი... ცოტა რომ გონს მოვეგე, თავის მოკვლაც კი მინდოდა. მიხვდით რა მოხდა? თუ თქვენთვისაც წარმოუდგენელია ისეთი კაცისგან ღალატი, როგორიც გოჩა იყო?! დიახ, გოჩამ იმ ქალს მანაცვალა და მასთან ერთად არჩია ცხოვრება..

ერთ მშვენიერ დღეს, როცა ლევანიკოს ცეკვაზე მივაკითხე, მასწავლებელმა მითხრა, - მამამ მოვიდა და წაიყვანაო. გამიკვირდა, გოჩასთან შეთანხმებული ვიყავი, რომ მე უნდა მიმეკითხა. გულმა ცუდი მიგრძნო, მაგრამ ის მაინც ვერ წარმომედგინა, რაც ჩემს თავს ტრიალებდა... შინ მივედი თუ არა, მაშინვე ბავშვების ოთახს ვეცი, იქ სიცარიელე დამიხვდა. ჩვენს საძინებელში გავედი, იქ უკვე მელოდა გულისგამხეთქავი "სიურპრიზი". გოჩას ჩემთვის წერილი დაეტოვებინა, რომელშიც გულწრფელად მიბოდიშებდა(!), თან მაგებინებდა ყველაფერს... თურმე, "იმ ქალს ისე მიეჩვია, თვითონაც ვერ მიხვდა, რაში იყო საქმე. გვიან გააცნობიერა, რომ სიყვარული გასჩენოდა. იმ ქალს კი უთხოვია ჩემი ქმრისთვის, თუ აპატიებდა წარსულს და შვილებს დაუბრუნებდა, სიკვდილამდე მისი ერთგული და მონა-მორჩილი იქნებოდა... გოჩამაც აპატია... მოკიდა ბავშვებს ხელი და წავიდა...

თავზარდაცემული ვიდექი, ხმას ვერ ვიღებდი. გოჩას მშობლები ბობოქრობდნენ, მაგრამ რა უნდა ექნათ? ბოლოს შეეგუენ ბედს, მით უმეტეს, რომ შვილიშვილებზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ. მე ცალკე მომცეს ბინა და მოკლედ, ყველამ "თავისი" მიიღო. შეურაცხყოფილად და მიტოვებულად ვგრძნობდი თავს. დრო რომ გავიდა, ლევანიკო ისე მომენატრა, კინაღამ გავგიჟდი. თავმოყვარეობას გადავაბიჯე და გოჩას დავურეკე, ორივეს მოყვანას თუ ვერ შეძლებ, ლევანი მაინც მანახე-მეთქი. თურმე, ლევანიკოც სულ მე მახსენებდა.

გოჩამ ბავშვი ორი საათით მომიყვანა და თვითონ სადღაც წავიდა. შევთანხმდით, რომ კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს გამომიყვანდა ლევანიკოს და საღამომდე დამიტოვებდა. მაგრამ გოჩამ პირობა ვერ შეასრულა. თურმე, მეორე ცოლს არ სიამოვნებდა, მისი ქმარი რომ ყოფილ ცოლს სტუმრობდა და ჩემი გაზრდილი ბავშვი სანახავად მოჰყავდა... ისეთ დეპრესიაში ჩავვარდი, ჩემი მშობლები და მეგობრები რომ არა, ნამდვილად ვერ ვიცოცხლებდი. მათ მირჩიეს, რომ ბავშვი მეშვილა. პატარაზე ზრუნვა, მისი სითბო თუ მომაბრუნებდა. მართლაც, როცა 2 თვის ლიზიკო შინ მოვიყვანე, მივხვდი, თავიდან ვიწყებდი ცხოვრებას. ბევრი ტკივილის მიუხედავად, ჩემს პატარასთან ერთად, რომელიც ახლა 9 წლისაა, ისეთი ბედნიერი ვარ, რომ არ შემიძლია ბედზე ვიწუწუნო. გოჩა და მისი ცოლ-შვილი ახლაც ერთად არიან. საოცარი ის არის, რომ ვერც კი გრძნობენ, რამხელა ტკივილი მიაყენეს სრულიად უდანაშაულო ადამიანს...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები