სამყარო გისოსებს მიღმა
თეატრში ათონელზე პატარა დარბაზი ხალხით უკვე სავსე იყო. პარტერში ყველას ახალი წიგნი - "სამყარო გისოსებს მიღმა" ჰქონდა გადაშლილი და ინტერესით კითხულობდნენ. ჟურნალისტები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ინტერვიუს იწერდნენ, წუთი-წუთზე პრეზენტაციაც უნდა დაწყებულიყო...

 

KvirisPalitra.Geდარბაზში შეშინებულმა შემოიხედა. გამხდარ და დაუძლურებულ სხეულს აშკარად უჭირდა გზის გაკვლევა, მაინც სცადა. რამდენჯერმე წონასწორობაც დაკარგა, ხელი შეაშველეს და გზა დაუთმეს. სულ ბოლო რიგისაკენ წავიდა, იქ, სადაც ნაკლებად მოხვდებოდა მოყვასის თვალი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დროული

კაცისათვის ცრემლი არავის დაენახა, - იცოდა, აუცილებლად იტირებდა. მერე კი იმის გამო, რომ პატიმრის მამა იყო და ამ ტკივილით წელში გატეხილს რაც ნაკლებად შეამჩნევდნენ, ერჩივნა. შეეძლო, სულაც არ მოსულიყო, მაგრამ რა გააჩერებდა შინ, როცა მისი ერთადერთი შვილის შემოქმედება წიგნში შევიდა! ამაზე ვერც იოცნებებდა... შრომაში გალეულ
წლებს ბევრი არაფერი დაუნახებია მისთვის, თითქოს ცხოვრებამაც გვერდით ჩაუარა, შვილიც ისე გაუუცხოვდა, ვერაფერი შეატყო, ვიდრე არ დააპატიმრეს. ყველაზე უკეთეს ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენდა თავისი პირმშოს დაწერილ ნაწარმოებებს და აჰა - წიგნშია შესული!


KvirisPalitra.Geშუქი ქრება. სცენაზე პატიმართა შემოქმედების ლიტერატურულ კითხვას იწყებენ. ცხადია, ყველაფერს აქ ვერ კითხულობენ, მხოლოდ ნაწილი იმ დიდი ნაფიქრალიდან, რაც გისოსებს მიღმა გულში გაიტარეს ჩვენივე დებმა და ძმებმა, დედებმა და მამებმა.

"მე უკვე პატიმარი ვარ. მორიგე ზედამხედველი ჩემს პირად ნივთებში იჩხრიკება, რადგან შეიძლება ციხისათვის აკრძალული ნივთები აღმომაჩნდეს. მეგონა არაფერი მქონდა, თუმცა ბევრი რამ იპოვეს:
ახალგაზრდობა - აღარ გჭირდებაო...
თავისუფლება - ჯერ ვერ დაგიბრუნებთო...
ნატვრა - არ შეიძლება, თავისუფლებას ინატრებო...
ღიმილი - არ გინდა, აქ ვერ გამოიყენებო..."


ყველაფერი ხდება! ეს ადამიანებიც ოქროს კულულებითა და ბუთხუზა ლოყებით იზრდებოდნენ, მათაც მარტო შინაურები კი არა, უცხოებიც ეფერებოდნენ ქუჩაში... ეგონათ, გაიზრდებოდნენ, მთებს დასძრავდნენ! მაგრამ მერე ცხოვრებას თავისი მიჰქონდა და მოჰქონდა. ხან პატარა წაბორძიკება იყო, ხანაც დაუფიქრებელი შეცდომა...

"ქვიშით სასახლეს ვაშენებდი ციცაბო კლდეზე,
ცრემლით ზღვას ვქმნიდი უდაბნოში,
მაგრამ ამაოდ!"... (მათე ხოსიტაშვილი)


ქვიშის სასახლეები ინგრეოდა და გისოსებს მიღმა სულ სხვანაირად იწყებდა ფიქრს ცხოვრებაზე...

"პატიებას ვთხოვ ყველა სულიერს,
ჩემი არსებით ვინც გავაწვალე", (ზაზა კარსანიძე)

გულწრფელად წუხდნენ... კიდევ კარგი, გამოჩნდა ხალხი, ვისაც ამ ადამიანების ფიქრების წაკითხვა და წიგნად შეკვრა მოუნდა...

KvirisPalitra.Geნიკა ჩხარტიშვილი - "დემოკრატიულ ინიციატივათა ცენტრის" თავმჯდომარე:

- ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციაში გაჩნდა იდეა, რომ შეგვეკრიბა და გამოგვეცა პატიმართა შემოქმედება. მოგეხსენებათ, საპატიმროში ისეთი სიტუაციაა, ადამიანები მეტ დროსა და საშუალებას ნახულობენ ლიტერატურული საქმიანობისათვის. სადაც ჩნდება ლიტერატურა, იქ ყველაფერი იცვლება. ჩვენ მოვაწყვეთ ლიტერატურული კონკურსი პატიმრებს შორის და შერჩეული ლექსები და მოთხრობები წიგნად გამოვეცით. დარწმუნებული ვარ, ეს დიდი სტიმულია მათთვის და სერიოზული მოტივაცია, რომ საპატიმროში, სადაც ყველაზე ხშირად სასაუბრო თემა ალბათ კრიმინალური ისტორიებია, ილაპარაკონ ლიტერატურაზე, გაუჩნდეთ რწმენა, ლიტერატურა შეიძლება იქცეს საძირკვლად მათი მომავალი ცხოვრებისათვის.

- ხომ არ იყო პატიმართა შემოქმედებიდან რომელიმე ნაწარმოები თქვენთვის აღმოჩენა?

- თავიდან საერთოდაც სკეპტიკურად ვუყურებდით ამ საკითხს, ვფიქრობდით, ვერ ვიპოვიდით ნამდვილად ღირებულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, მაგრამ ასე არ მოხდა. გაოცებულიც კი დავრჩი, როცა მათ შემოქმედებას გავეცანი. წაიკითხავთ და ნახავთ, რამდენად ნიჭიერი ადამიანები გვყავს.

- პრეზენტაციას პატიმრები არ ესწრებოდნენ...

- ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, არ მოგვეყვანა ისინი, რადგან ყველას - 46 ავტორს ვერ მოვიყვანდით, მათგან კი რამდენიმეს შერჩევა, შეიძლება გულსაწყვეტი გამხდარიყო დანარჩენებისთვის. ასეც რომ არ ყოფილიყო, ამ ლიტერატურული საღამოს შემდეგ საპატიმროში დაბრუნება კიდევ ერთ ტკივილად ექცეოდათ... ამიტომაც, ჩვენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის დახმარებით საპატიმროშიც მოვაწყობთ პრეზენტაციას.

"სამყარო გისოსებს მიღმა" გადავშალე:

"დამაქვს ტკივილი მთათა ოდენა,
მწუხარე ხმაზე რეკენ ზარები,
ცივმა ქარებმა ისევ მოდენა
ღრუბლები სევდის მათოვარები!" (გ.გოგოლაძე)

იცი, როგორია არყოფნა? ერთ დღეს რომ მიხვდები, ძალიან გეტკინა სულში რაღაც, იმიტომ რომ ეს ლამაზი ფიფქები, ახლა რომ თავზე გათოვს, იმ ვიღაცისთვის აღარ არსებობს... გისოსებს მიღმა ამაზე ფიქრის დროს რა გამოლევს:

"გარეთ თოვს. დედა და მამა ოთახში სხედან და რაღაცაზე საუბრობენ. მე ფანჯარასთან ვდგავარ. ვხედავ ლამპიონის შუქზე ლამაზად მოფარფატე ფიფქებს. ვხედავ როგორ მიმოდიან მანქანები, როგორ მიიჩქარიან ადამიანები სახლებში, რათა დროზე დააღწიონ თავი ზამთრის სუსხს და ვხვდები, ცხოვრება მშვენიერია. მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული: - ვერასოდეს დაათოვს ნათათოს კოხტა კულულებს, ნინო დეიდას თბილ, ლამაზ სახესა და ირაკლი ძიას ჩია, გამხდარ მხრებს". (გოჩა შიმშინაშვილი)


უკან გახედვა მომინდა, ალბათ ის, პატიმრის მამა, ფარფატით რომ შემოვიდა დარბაზში, ტირის... ნეტა რომლის მამაა? ან რა მნიშვნელობა აქვს... ყველა პატიმრის მამა ერთმანეთს ჰგავს ალბათ. მთავარია გაძლოს! გაძლოს მამამაც გისოსებს აქეთ და შვილმაც გისოსებს იქით, რომ მერე, როცა ყველაფერი ცუდი დასრულდება, როცა ერთ დღეს ლამაზი, მადლიანი ფიფქებით მოთოვს, ორივემ ერთად ლაღად შეუშვიროს მხრები თეთრ საბურველს... მხრები, რომლებსაც აღარასოდეს დაამძიმებს ძველებური ცოდვა...

გვანცა
22 ივლისი 2010 11:09
შემთხვევით გავიგე რომ ამ წიგნში შესულია ჩემი მეუღლის ლექსი. წიგნების მაღაზიაში მოვიძიე, თუმცა ვერსად ვერ ვიპოვე... ხომ ვერ მეტყვით სად შემიძლია შევიძინო ეს წიგნი?
marina
06 ივნისი 2010 12:20
დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც იფიქრა და განახირციელა კიდევაც ეს პროექტი! მართლაც რტულია და განუსაზღვრელია ადამიანის ბედი. ერთი წამიც კი საკმარისია ადამიანის ბედის წაღმა სვლა უკან დატრიალდეს! ციხეში მარტო რეციდივისტები , სერიული მკვლელები და სისიხლისმსმელები ხომ არ იხდიან სასჯელს! ამ ხალხს მიხედვა უნდათ. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
henri
05 ივნისი 2010 22:47
"ასეც რომ არ ყოფილიყო, ამ ლიტერატურული საღამოს შემდეგ საპატიმროში დაბრუნება კიდევ ერთ ტკივილად ექცეოდათ..."



გაიხაროს, ვინც ასე ფიქრობს და გრძნობს თა ვისუფლებააღკვეთილი ადამიანების განცდებს.
რა არის, იცით?
პატიმრები ყველა ქვეყანას ჰყავს. მაგრამ გააჩნია მათ რაოდენობას, მათ დოსიეებს და ..........მათი პატიმრობის პირობებს.
ევროპაში პატიმარს არავინ აწამებს "დანაშაულის აღიარების" მიზნით.
შეკერილი ბრალდებით დაპატიმრებაზე (რაც ნორმად იქცა საქართველოში)ხომ საუბარიც არაა.
პატიმრებს აქვთ ნორმალურთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები: კვება, ძილი, სისუფთავე, მკურნალობა.
დოსიეებს რაც შეეხება, რაც მთავარია, შეკერილი ბრალდებით არავის აპატიმრებენ! პატიმართა კატეგორია მიეკუთვნება ძირითადად აგზაო შემთხვევების, უნებლიე სასამსახურო შეცდომების და სხვა წვრილმანის გამო დაპატიმრებულებს.
სხვა სურათია არალეგალ ემიგრანტებში: ისინი ქურდობის გამო იხდიან სასჯელს(თუ დეპორტაციას გადაურჩა) და იმათაც კი არავინ ექცევა ცინიზმით.
რაოდენობაზე აღარაფერს ვამბობ, რადგან პროცენტულად იგი დაბალია.
ევროპას დავეწარი და გავუსწარიო, რომ ტრაბახობს სააკაშვილი, ვის ატყუებს, ვის? ევროპას, ჩვენ თუ თავისთავს?
მერე, ევროპა არამარტო აპატიმრებს, არამედ ზრუნავს დანაშაულის რეციდივის აცილებაზე პატიმართან სხვადასხვანაირი მუშაობის მეთოდით.
ასეა საქართველოში?
ყველა ღვთის შვილია: პატიმარიც ისეთივე ადამიანია, როგორიც პრეზიდენტი. მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს სწორ გზაზე დადგომაში. საქართველოში კი პატიმრობა და სიკვდილი ლამის გაიგივებული ცნებებია.


ბრიტანეთის პრინცს, გამეფების უფლება რომ ჩამოართვეს (არაშესაფერისი ქორწინების გამო)და ნაცისტებთან კავშირი დაუმტკიცეს, ბრიტანეთში ფეხის დაბიჯება აუკრძალა ჩერჩილმა.
ამის მიუხედავად მას ძმის და დედის დაკრძალვაზე დასწრების უფლება მისცეს.
საქართველოში მამის დაკრძალავზე არ მიიყვანეს პატიმარი!
ეს რა ქვეყანაა, ეს რა მთავრობაა, რომელი გამოქვაბულია ამ მთავრობის საქმეთა მწარმოებელი?


რუბრიკის სხვა სიახლეები