ცოდნა – წარმატებული კარიერისთვის თუ "საცნობლად თავისადაო"?! - კვირის პალიტრა

ცოდნა – წარმატებული კარიერისთვის თუ "საცნობლად თავისადაო"?!

ილია ვიცი, აკაკიც, ვაჟაც... "სინუს, კოსინუს, ტანგეს, კოტანგეს – ამ ფორმულებმა მტანჯეს და მდაგეს"– მათემატიკაც მხსომებია. ფიზიკიდან – ნიუტონის სამივე კანონი, ფარდობითობის თეორია. ბიოლოგიიდან ამება მახსოვს და ფოტოსინთეზი. ქიმიიდან? – მხოლოდ ის, რომ "რაოდენობა ქმნის თვისობრიობას". მიყვარს ეს ფრაზა, მიყვარს და მჯერა!

ამ ბოლო დროს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური მამათა და შვილთა დაპირისპირება. მამები შვილების გაუნათლებლობას, უწიგნურობას და "დაუნობას" დაუპირისპირდნენ. დაუნიზმი სამედიცინო ტერმინია, სხვათა შორის გენეტიკური დაავადებაა და სამწუხაროდ, განუკურნებელი. დაუნობას საკუთარი ნებით არავინ ირჩევს უცოდინრობისგან განსხვავებით. ასე რომ, ამჯერად ნებაყოფლობით არჩევანზე ვისაუბროთ – უცოდინრობაზე ან სულ სხვანაირ ცოდნაზე...

ის რომ, ნებისმიერი თაობა მისი შემდგომით უკმაყოფილოა, უკვე აქსიომად იქცა. ვინ იცის, მეც რამდენჯერ მითქვამს ეს საზიზღარი ფრაზა: "ჩემ დროს ასე არ იყო!" ჩემი დრო კი სულ რაღაც 6–7 წლით უსწრებს ახლანდელ პირველკურსელებს და ცოტათი უფრო მეტად იმ სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც ვესაუბრე. ვისაუბრეთ დიქტოფონის (ამბობენ, უმრავლესობას აბნევსო) და "ჩამჭრელი" შეკითხვების (სასკოლო თუ არასასკოლო) გარეშე. როგორები არიან? – ლაღები და თამამები. რა აინტერესებთ? – ინტერნეტი, კომპიუტერული თამაშები, მოდა, სპორტი, ჰოლივუდი, ბრეიქდანსი... რას კითხულობენ? – კოელიოს, უნარების და მართვის მოწმობის საგამოცდო ტესტებს, უყურებენ "სიმართლის დროს", სერიალებს, გადაცემებს ვარსკვლავებზე (შოუ–ბიზნესის), სწავლობენ იმას, რაც "ცხოვრებაში გამოადგებათ", ეს კი თითქმის ყველა მათგანის შემთხვევაში კომპიუტერი, უცხო ენა და ერთი–ორი საგანია (ეკონომისტობისთვის და ბიზნესმენობისთვის საჭირო), ოცნებობენ წარმატებულ კარიერაზე და უცხოეთში წასვლაზე, უფრო სწორად, უცხოეთში სწავლა და წარმატებული კარიერა გაიგივებულია, კარიერა კი უზრუნველი ცხოვრებისთვის და პატარ–პატარა სურვილების ასასრულებლად სჭირდებათ. პრაგმატიკოსები არიან, არა?! ალბათ, ყველა წინა თაობაზე მეტადაც.

თერგდალეულები – რუსეთში განათლებამიღებული ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც XIX საუკუნის 60–იან წლებში საზოგადოებრივ–პოლიტიკური და ლიტერატურული ბრძოლა გამოუცხადეს არსებულ მდგომარეობას და ძველის ახლით, უკეთესით შეცვლა სცადეს.

ჰო, შეუსაბამო მაგალითი მოვიყვანე. რაღა დროს 2 საუკუნის წინანდელი, გულუბრყვილო ქართველების გახსენებაა, უცხოეთში შეძენილ ცოდნას პირად კეთილდღეობაზე მეტად საქვეყნო საქმეებს რომ ახმარდნენ, რაღა დროს "ერი და ისტორიაა", ჩვენ ახლა ქვეყნის ასაშენებლად ხომ პროფესიონალი ბუღალტრები, მენეჯერები, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტები და სოციოლოგები გვჭირდება, ახალგაზრდები – ერთ საქმეში განსწავლულები. ასე რომ, ბატონებო, ცდებით, როდესაც მომავალ თაობას უცოდინრებს უწოდებთ! უცოდინარი, ალბათ, ახლაც იმდენია, რამდენიც ჩემ დროს, თქვენ დროს იყო. უბრალოდ, ცოდნაა სულ სხვანაირი: ვიწრო, პრაგმატული და სპეციალიზებული. პატარა ქვეყნისთვის არასაკმარისია? – შეიძლება! თუმცა დამეთანხმეთ, ისტორიის, წარსულის ცოდნა და განსწავლულობა ადამიანს ამძიმებს, აფიქრებს, მომთხოვნს და ფრთხილს ხდის, ჰოდა რატომ უნდა გავირთულოთ ცხოვრება, ეს არც ჩვენ გვჭირდება, მათ -  მითუმეტეს!

ვისაც უბრალოდ კარგი ბუღალტრობა და ეკონომისტობა არ გაკმაყოფილებთ, კი ბატონო, ვიკითხოთ, ვუყუროთ, ვუსმინოთ, ვიფიქროთ, გვახსოვდეს :

"ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:

ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?"

ახლა ჩვენთან, საქართველოში, X XI–ე საუკუნის დემოკრატიაა. ფიქრიც შეგიძლიათ და უფიქრელობაც, სწავლაც, ხსოვნაც და დავიწყებაც. მთავარი არჩევანია!..

 პ.ს. რა ადვილი იქნებოდა ცხოვრება, ქიმიიდან ის ერთი კანონიც რომ არ მხსომებოდა: "რაოდენობა ქმნის თვისობრიობას".

ანნა დროული

ანნა დროულის ბლოგი