დაიწყო მგლის კანონი, წააგებ – წადი! - კვირის პალიტრა

დაიწყო მგლის კანონი, წააგებ – წადი!

G   ჯგუფი

პორტუგალია – ბრაზილია 0:0

კოტ’დივუარი – ჩრ.კორეა 3:0

გოლები: ია ია ტურე,14(1:0); რომარიკი,20(2:0); კალუ,82(3:0)

ამ ჯგუფში გასარკვევი ბევრი აღარაფერი გახლდათ.ლიდერებს განაღდებული ჰქონდათ შემდგომი ეტაპი და ახლა პირველ-მეორე ადგილოსანთა ბედს არკვევდნენ, კოტ’დივუარელებს კი ჰქონდათ შანსი ფანტაზიის სფეროდან, თუკი მოუგებდნენ გასაცოდავებულ კორეას 10:0-ს(!), ისიც იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალია აუცილებლად დამარცხდებოდა ბრაზილიასთან. მოკლედ, მინდორში ქარის დევნა არ გამოვიდოდა და ასეც მოხდა. დროგბამ და კომპანიამ მძაფრი შეტევები კი დაატეხეს თავს აზიელებს, ძელებიც `დაუღუნეს” და მომენტებიც უხვად შექმნეს, მაგრამ ორნიშნა ანგარიშამდე მაინც ვერ მიაღწიეს. არადა, მე-20 წუთისთვის უკვე 2:0 იყო ანგარიში და მინიმუმ სამი ქარს გატანებული საგოლე მომენტი. რატომღაც, `სპილოებმა” პუბლიკაზე თამაში დაიწყეს, ბურთით `მარიაჟობა და ტკბობა” და სურვილიც არ ეტყობოდათ რაიმეს შეცვლისა. მხოლოდ მატჩის მიწურულს კალუმ `დაასველა” ანგარიში და სულ ეგ იყო. თამაშის შემდეგ დროგბამ ტრიბუნებს შემოურბინა და ამუნიცია ნაწილ-ნაწილ ისე არიგა გულშემატკივრებში, თითქოს მსოფლიო თასი მოეგოს.

თუმცა, ვისაც დიდიეს ოფლიანი ბუცი(ისიც ცალი!) შეხვდა, იმდენად ბედნიერად გამოიყურებოდა, რომ შეუძლიათ აფრიკელებს თავი ვალმოხდილად ჩათვალონ.

არც ბრაზილიელებს და პორტუგალიელებს დაუხოცავთ თავები. ყურადღების ცენტრში უფრო მექსიკელი არბიტრი მოექცა, რომელმაც პირველ ტაიმში მოსაწყენი თამაში იმით გაამხიარულა, რომ 7(!) ყვითელი ბარათი გასცა დამნაშავეებზე. ორი კარლოსის(კეირუშისა და დუნგას) სტრატეგიულ ჭიდილში პორტუგალიელმა ჩაკეტილი სტილი აირჩია. ისე კი, რა დიდი სტრატეგია უნდოდა იმას, რომ ძალები უნდა შეენახათ მერვედფინალისთვის. ბრაზილია მაინც ბრაზილიაა და რაღაც მაინც შექმნა ამაღელვებელი პირველ ნახევარში. სამაგიეროდ მეორე ტაიმში პორტუგალიელებმა გაზარდეს სიმძლავრე და მათაც ჰქონდათ საგოლე მომენტები. საბოლოოდ, არაფერიც არ შეცვლილა და უგოლო ფრეზე გაიყარნენ გუნდები. ბრაზილია მეტად კმაყოფილი იყო, რადგან ჩილეს უნდა შეხვდეს, პორტუგალიას კი უმძიმესი ბრძოლა ელის ესპანელებთან.

H  ჯგუფი

შვეიცარია – ჰონდურასი 0:0

ჩილე – ესპანეთი 1:2

გოლები: ვილია,24(0:1); ინიესტა,37(0:2); მილიარი,47(1:2)

ამ ტურის წინ, კაცმა რომ თქვას, შვეიცარიას უფრო დიდი შანსი ჰქონდა, რადგან ყველა პროგნოზის მიხედვით, ესპანეთთან გამარჯვებულ გუნდს არ უნდა გასჭირვებოდა ჰონდურასელთა დამარცხება. თუმცა, სურვილი ერთია და მისი ხორცშესხმა მეორე. რაც ასწავლა ჰიტცფელდმა ბანკების ქვეყნის შვილებს, გადამწყვეტ შეხვედრაში სულ ამაო გამოდგა. როგორი ყოფილა, როცა მეტოქე ყველა შესაძლო ხერხითა და ანტიფეხბურთით ცდილობს თავდაცვას და შენ კი არაფერი გამოგდის კარში ჩამდგარი ათი კაცის წინააღმდეგ? მიემსხვრა შვეიცარელთა უგერგილო შეტევები მეტოქის დაცვის ბასტიონებს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ის კი არა, მეორე ტაიმში მოგების უფრო მეტი შანსი ჰონდურასელებს ჰქონდათ. ვერც ჰერ ოტმარის დაცვითმა მოდელმა გაამართლა მუნდიალზე მთლად.

ესპანეთთან, უბრალოდ, გაუმართლათ და თანაც ძალიან, ჩილესთან კი ამ მოდელმა ნაპრალები დაიხეთქა. მართლაც დიდი უსამართლობა იქნებოდა, რომ ლამაზი ფეხბურთის მეხოტბე ჩილე მერვედფინალის გარეშე დარჩენილიყო(ესპანეთზე აღარაფერს ვამბობ) და შვეიცარიას მეოთხე მატჩშიც მოეწამლა ნერვები გულშემატკივრებისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მატჩის მიწურულს გაირკვა და მანამდე ესპანეთი – ჩილეს დაპირისპირებაში დიდი ბრძოლა ატყდა. მეტოქისგან განსხვავებით, ევროპის ჩემპიონებს მხოლოდ გამარჯვება აწყობდათ, არც ჩილელები დახვდნენ ჯაბნად და მშვენიერი საყურებელი გამოდგა დებიუტი. ახლა, უეჭველ მოგებაზე დაგეშილი ესპანეთის შეჩერება უკიდურესი ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია. სამხრეთ ამერიკელებმა კოჭების დალურჯებით სცადეს ფონს გასვლა, მაგრამ მექსიკელმა არბიტრმა ისეთი სიმკაცრე გამოიჩინა, რომ მალევე მიაშოშმინა ყასბებად ქცეული მცველები.

KvirisPalitra.Geტაიმის შუა წელში კი ჩილელთა გოლკიპერმა რაღაც ახალი გამოიგონა, ფლანგზე გავარდა ტორესის შესაჩერებლად, მაგრამ ბურთი ვილიაზე მოიგერია, რომელმაც ეგრევე სწყვიტა 40 მეტრიდან ცარიელი კარისკენ და ანგარიში გაიხსნა. ჩილე თითქოს ცდილობდა კონტრთამაშის შექმნას, მაგრამ იქით გაეპარათ სწრაფი გარღვევა და ინიესტამ მოხდენილად ჩასვა ბურთი კარში. ამით არ დასრულებულა ჩილელების უბედურება, რადგან იქვე არბიტრმა მათ კაცი გაუგდო და 10 ფეხბურთელით დარჩენილ ჩილეს  რომ მოგებაზე და თუნდაც ფრეზე აღარ უნდა ეოცნება დელ ბოსკეს ბიჭებთან, ყველასათვის ცხადი გახდა. ბიელსამ შესვენებაზე სცადა გარდატეხა და უნდა ითქვას, რომ ცვლილება, რომელი მან განახორციელა, შედეგიანი გამოდგა. თამაშის განახლებისთანავე მილიარმა რიკოშეტით(ესპანეთი ჯერ მხოლოდ რიკოშეტით უშვებს ბურთებს) ჩაუშვა ბურთი კასილასის კარში და თითქოს ინტრიგა გააღვიძა, მაგრამ ესპანელებმა მალევე ჩაიგდეს ხელში სადავეები და აღარც მიაკარეს ჩილე თავის კარს.

რაც დრო გადიოდა, ჩილელები უფრო პარალელურ მატჩში მიმდინარე მოვლენებით უფრო იყვნენ დაინტერესებულნი, ვიდრე უშუალოდ მოედანზე არსებული ვითარებით. შვეიცარია ვერ უგებდა ჰონდურასს და ისიც თითქმის ნათელი იყო, რომ ორი ბურთის გამტანიც არ იყო დარჩენილ მცირე დროში. თამაშიც აქ მორჩა, ბოლო წუთები მხოლოდ აგორავეს ბურთი ესპანელებმა და ჩილე არც ცდილა შეწინააღმდეგებას. შედეგად, ვნახეთ გუნდიც, რომელსაც არნახულად გაუხარდა დამარცხება, რომლის წყალობით შემდგომ ეტაპზე გააღწია.

ერთი სიტყვით, მუნდიალის მთავარი პერიპეტიები დღეიდან იწყება. აქ აღარ გამოვა ფრეზე თამაში და სხვა გუნდების შედეგების ლოდინი. აქ მგლის კანონია: წააგებ – წადი!