კლასი,ძამიკო,კლასი - კვირის პალიტრა

კლასი,ძამიკო,კლასი

მე-3 ტური

С  ჯგუფი

სლოვენია – ინგლისი 0:1

გოლი: დეფო(23)

აშშ – ალჟირი 1:0

გოლი: დონოვანი(92).

ინგლისის ნაკრებმა თამაშის წინ თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენა, რომ მტერს არ ვუსურვებთ. ორი უსახური ფრის შემდეგ კაპელოს ბიჭებს, სხვა ფავორიტებისგან განსხვავებით, ლავირების საშუალებაც აღარ ჰქონდათ მესამე ტურში. მათ წინაშე იდგა მოკლე და კონკრეტული ამოცანა – მხოლოდ გამარჯვება! დაუდევრობა ახლდა სლოვენიის ნაკრებსაც წინა ტურში, როცა ორბურთიანი ჰანდიკაპი ქარს გაატანეს ამერიკელებთან და თავიანთი ბედი უკანდასახევი გზის არმქონე ინგლისელებს მიანდეს. ფაბიო კაპელომ არა მარტო შემადგენლობა შეცვალა, არამედ გუნდის ფორმაც. წითლებში გამოწყობილი ბრიტანელების გათვლა მარტივად ასე აღიქმებოდა: ამ ფერის ამუნიციით ინგლისი იშვიათად გამოდის მინდორზე, მაგრამ როცა გამოდის, უმეტეს შემთხვევაში წარმატება ახლავს თან. რაც შეეხება სირთულეს, მხოლოდ ფორმის ფერებში რომ იყოს გამარჯვების პანაცეა, რა ხანია საქართველოს ნაკრები წითელ მაისურებს ხმარობს და...

რთული ამოცანა კი იყო, მაგრამ ინგლისმა, ავად თუ კარგად, იგი გადაჭრა და გააღწია შემდგომ ეტაპზე. დასაწყისი შებოჭილი კი გამოუვიდათ კაპელოს ბიჭებს, მაგრამ მერე თითქოს გირები მოიხსნეს ფეხებიდან და გოლი მოამწიფეს. 23 წუთი ელოდა საკუთარ შანსს დეფო და პირველივე ხელსაყრელი მომენტით გაახარა ინგლისელი ქომაგი. ლამაზი კომბინაცია იყო და დასასრულიც მშვენიერი გამოვიდა. ეს უკვე კაპელოსთვის სასურველი `კლიმატი” აღმოჩნდა. ისედაც, სლოვენიელებს შეტევა არც აქამდე უვარგოდათ და რაღა ახლა გახდებიდნენ ამ საქმის გენიოსები? ინგლისმა ტაიმი `მიაძაღლა”, მეორეში კი, როცა  გაუცინარმა იტალიელმა რუნი მოხსნა თამაშიდან და ნახევარდაცვა უფრო გააძლიერა, ნათელი გახდა რომ მშრალ ანგარიშს შეინარჩუნებდა. პრინციპში, სლოვენიას არც ჰქონია დიდი ილუზია, რომ ინგლისს აჯობებდა. ისინი უფრო ჯგუფის პარალელურ მატჩზე იყვნენ გაფაციცებულნი, სადაც ამერიკა ვერ ამარცხებდა ალჟირს და როცა ბალკანელებს თავი სამშვიდობოს ეგონათ, სწორედ მაშინ მოვიდა `ტელეგრამა” იანკების გამარჯვების გოლის შესახებ და სლოვენიამაც ბარგი ჩაალაგა. მე ვიტყოდი, სრულიად სამართლიანადაც.

ამერიკელებმა ჯერჯერობით ყველაზე ბრძოლისუნარიანი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს. უცნაური ნაკრებია: ჯერ ირთულებენ საქმეს, მერე კი თავს აკლავენ მის გამოსწორებას. ასე იყო ამ შეხვედრის დებიუტშიც, როცა აფრიკელებმა შეუტიეს და ამერიკელები გოლისგან ხარიხამ იხსნა. ალჟირის ტაქტიკაც ასეთი იყო: როგორმე ერთი ბურთის შეგდება და მერე 10 კაცით დაცვაში ჩაჯდომა ანგარიშის შესანარჩუნებლად (`გენიალური” სტრატეგიაა და საერთოდ რა უნდათ ამ სტრატეგოსებს მუნდიალზე?). ამერიკა დააჯდა მეტოქეს და თავ-ბედი აწყევლინა, გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯები, აგერ უკვე მეორე შეხვედრაა, საოცარი დაჟინებით უუქმებენ იანკებს ალალად გატანილ ბურთებს. არც ამის შემდეგ შეუწყვეტიათ მეტოქის კარის ბომბარდირება ამერიკელებს. იყო მომენტები, როცა მხოლოდ სასწაული შველოდა ალჟირს, მაგრამ საოცარმა ჟინმა და თავდადებამ ამერიკელებს მაინც აჩუქა მერვედფინალის საგზური – დამატებით დროში მშვენიერი კონტრშეტევა გამოუვიდათ და დონოვანმა შეტენა ბურთი მეტოქის კარში. აფრიკელებს ბოღმამ დარია ხელი და ბურთით რომ ვერაფერი გამოადნეს, მეტოქეებზე მუშტი-კრივით სცადეს რევანში. აირია მონასტერი, მსაჯიც ისე დაიბნა, რომ ნამდვილი დამნაშავეების მაგივრად ალჟირელთა კაპიტანს იაჰიას აუფრიალა წითელი ბარათი, თუმცა ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ისევე როგორც აფრიკელთა ლიდერის ზიანის გაცეცხლებას და არაჯენტლმენურ საქციელს, როცა მან ალიყური აჭამა თავის თანამემამულე ჟურნალისტ გოგონას(სხვათაშორის, ხურდაც მაგარი მიიღო!).

D  ჯგუფი

ავსტრალია – სერბეთი 2:1

გოლები: კეჰილი(69 - 1:0), ჰოლმანი(74 - 2:0), პანტელიჩი(84 - 2:1)

გერმანია – განა 1:0

გოლი: იოზილი(60)

ტურნირის წინ სიკვდილის ჯგუფად ბრაზილიის კამპანიონებს მიიჩნევდნენ, მაგრამ ამ კრებულს ვერავინ შეედრება ამ მხრივ. ბოლო ტურის ჩატარებამდე ოთხივე გუნდს თამამად შეეძლო განაცხადი გაეკეთებინა მერვედფინალში გასასვლელად და ეს კვანძი მხოლოდ ორივე შეხვედრაში საფინალო სასტვენმა გახსნა. თითო გოლი ისე ცვლიდა სიტუაციას, ყველაფერი თავდაყირა დგებოდა. მაგარი საღამო გამოვიდა, ვერაფერს ვიტყვით. ვწერდით მეორე ტურის მიმოხილვაში, რომ განამ ლომის ხახაში შეყო თავი, როცა მწვანე კონტინენტის წარმომადგენლების დამარცხება ვერ შეძლო და მოსაგებად შემართულ გერმანიას დაეტაკა გადამწყვეტ მატჩში. იცის გერმანიამ, სამკვდრო-სასიცოცხლო შეხვედრა როგორ მოიგოს და ისიც განის დონის გუნდებთან. გამოცდილება და დონე როდესაც ძალას და ნაკლებად განსწავლულობას ერკინება, გადამწყვეტ  სიტყვას ფეხბურთში მუდამ ამბობს კლასი. ეს ჭეშმარიტება კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ შეხვედრაში.

KvirisPalitra.Geგერმანელებს თეორიულად ფრეც აწყობდათ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ სერბები ვერ მოუგებდნენ ავსტრალიელებს(ასეც მოხდა!), მაგრამ სხვის ნება-სურვილზე დამოკიდებულება გერმანელთა ხასიათში არასოდეს მჯდარა და მათ ისე მოაწყეს საქმე, რომ თავად გაიკაფეს გზა მერვედფინალში. თუმცა, ბარაქალა განის ნაკრებს, მართლაც ვაჟკაცურად იომეს და ერთადერთი, რაც დააკლდათ, სწორედ კლასი იყო. პირველ ტაიმში განა იყო დომინანტი და შეეძლოთ კიდეც ანგარიშის დასველება, მაგრამ გერმანიას, გარდა იმისა, რომ შემსრულებლები ჰყავს ყველა რგოლში, დამატებითი კოზირი აქვს თავისი კაპიტნის სახით. ფილიპ ლამი ყველაზე გაწონასწორებული, მშვიდი და მოაზროვნე გერმანელთა შორის ღირსეულად სწევს გუნდის გაძღოლის ჭაპანს და თავგანწირვის მაგალითია თანაგუნდელებისთვის. ორჯერ, სწორედ მისმა ვაჟკაცობამ იხსნა გერმანია გოლისგან. განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როცა განელებს 100%-ანი მომენტი ჰქონდათ. საიდან გაჩნდა გერმანელთა მიერ უყურადღებოდ KvirisPalitra.Geმიტოვებული აიუს(სხვათა შორის, აიუ განელთა ლეგენდის აბედი პელეს ვაჟია) ფეხებთან ლამი,ახლაც ვერ აგვიხსნია და ისე დააფარა ბურთს ვარდნაში ფეხი, რომ ერთადერთი შანსი გადარჩენისა მხოლოდ ეს იყო. მერე კი გერმანელებმა გაიტანეს გოლი და ზუსტად ეს იყო კლასი. იოზილმმა გამოზომილად დაახვია ბურთი, განელთა გოლკიპერს მცველთა ჯგრო ეფარებოდა და როცა ბურთს თვალი მოჰკრა, ის უკვე ბადეში ფართხალებდა.

განამ სცადა გარდატეხის შეტანა, მომენტებიც შექმნა და მიზანთანაც ახლოს იყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მას მერე კი, რაც პარალელურად მიმდინარე მატჩის ანგარიში შეიტყვეს(ავსტრალია სენსაციურად ამარცხებდა სერბეთს),არც ერთ გუნდს თავი აღარ მოუკლავს და ორივე მერვედფინალში აღმოჩნდა.

ავსტრალიამ კი კარი გაიჯახუნა და სერბეთს შიგ თავი მოაყოლა. მატჩის წინ ფავორიტებად სერბები იყვნენ შერაცხულნი, მაგრამ მეტოქემ მათი ავანსები არად ჩააგდო და არნახული ჟინითა და ბრძოლისუნარიანობით ბალკანელები დააშამათა. ორი სწრაფი კონტრშეტევა და ორი გოლი. სერბეთი შოკში ჩავარდა და როცა გამოფხიზლდა, ერთი საპასუხო კი გაქვითა, მაგრამ ყველაფერი ძალიან გვიან იყო. ავსტრალია თავადაც ჩაიძირა და ფსკერზე მეტოქეც ჩაიყოლა. კაცმა რომ თქვას, არ იყვნენ ღირსები თუ რა?