განა წინ მიიწევს - კვირის პალიტრა

განა წინ მიიწევს

1\8 ფინალი

ურუგვაი – სამხრეთ კორეა 2:1

გოლები: სუარესი,8(1:0); ჩუნგ-იონგი,68(1:1); სუარესი,80(2:1).M

მუნდიალზე გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო. როგორც გულშემატკივრებშია ცნობილი გამოთქმა – ნამდვილი ჩემპიონატი ახლა იწყება! ყველაფერი `მარტივია”: უნდა გაიმარჯვო და გაიკაფო გზა მსოფლიო თასისკენ. სათქმელად იოლია არა? არადა, როგორი გასაკაფია, როცა ეს გზა ისეთი ნარ-ეკლითაა ჩახერგილი, ოფლთან ერთად სისხლის გაღებაც რომ ჭარბად სჭირდება. სხვანაირად მწვერვალზე ვინ ასულა და ვის მოუკრეფია ვარდი უეკლოდ?

1\8 ფინალური სტადია ურუგვაისა და სამხრეთ კორეის დაპირისპირებამ გახსნა და წინასწარვე შეიძლება ითქვას, რომ თამაში სანახაობრივად ურიგო არ გამოსულა. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკელებმა მიმდინარე მუნდიალზე პირველი გოლი გაუშვეს, მაინც ეყოთ კლასი საიმისოდ, რომ აზიელები სეულის რეისზე გაეშვათ.

ეს გუნდები მუნდიალზე პირველად 1990 წელს გადაეყარნენ და მაშინ ფონსეკას მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით გამარჯვება ურუგვაის დარჩა. მას შემდეგ ურუგვაი ყველგან და ყოველთვის უგებდა კორეას, მაგრამ კაცმა არ იცის, როგორ განვითარდებოდა ეს ტრადიცია, პაკის დარტყმული საჯარიმო ძელის ნაცვლად ურუგვაელთა კარში რომ აღმოჩენილიყო. მე-5 წუთზე იღბლად გადარჩენილმა ტაბარესის გუნდმა სამიოდე წუთში გოლის სიხარული იზეიმა და ყოველივე კორეელთა მეკარის სინდისზე იყო.

გოლკიპერი აიჭრა და ვიდრე ის ფიქრობდა რა მოეხერხებინა არცთუ სახიფათო ჩამოწოდებისთვის, ბურთი გაუმართლებლად გაატარა სუარესისკენ, რომელმაც მოულოდნელი საჩუქარი დედის რძესავით შეირგო და ურუგვაი დააწინაურა. თუმცა, აზიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყურები არ ჩამოუყრიათ და რაც შეეძლოთ, იბრძოლეს. მათი შემართება მეორე ტაიმის დასაწყისში უფრო გამოიკვეთა, როცა შეტევები გააძლიერეს. ურუგვაელები პანიკის გარეშე იგერიებდნენ ზეწოლას, მაგრამ მათ თამაშს ანგარიშის შენარჩუნების ელფერი გასდევდა და განცდა იმისა, რომ კორეას შეეძლო დაესაჯა მეტოქე, არავის მოცილებია. ასეც მოხდა და არც ამჯერად ჩაუვლია საპასუხო გოლს გოლკიპერის შეცდომის გარეშე. მუსლერა გამოსვლაზე შეცდა და კორეელთა ზუსტ თავურს ვეღარაფერი მოუხერხა.

რას მოუხერხებდა, ბურთიც დაეკარგა და კარიც. როგორც ჩანს, ამ წარუმატებლობამ ურუგვაი გვარიანად გააღიზიანა. სისწრაფესაც მოუმატეს და ხელიც გამოიღეს(უფრო სწორედ,ფეხი!). მოუმატებდნენ, აბა რას იზამდნენ. ისეთმა წვიმამ დასცხო, ერთ ადგილზე გაჩერება და ფილტვების ანთების აკიდება ერთი იქნებოდა. ახლა უკვე კორეას გაუჭირდა დაცვაში და მხოლოდ მე-80 წუთამდე გაძლეს. სუარესმა ფილიგრანული დარტყმით გაუშვა `პარაშუტი” მეტოქის კარისკენ და იმდენად ოსტატურად ჩაახვია ბურთი, რომ ამჯერად კორეელთა მეკარეს ვერაფერს დავაბრალებთ, ულამაზესი გოლი გამოვიდა და რაც მთავარია, გამარჯვების მაუწყებელიც იყო სუარესის დუბლი. არადა, აზიელებს შეეძლოთ მატჩის ოვერ-ტაიმში გადაყვანა, მაგრამ მუსლერასთან პირისპირ გასულ დონგ-გუკს ფეხი ან გუბეში ჩაუვარდა, ანდა თქეშმა თვალებზე ფარდა ჩამოაფარა. დარტყმა სუსტი გამოვიდა, ურუგვაელთა მცველმა პირით ხაზს იქით მოისროლა ბურთი და თან გააყოლა კორეელთა იმედებიც. მეტის უფლება სამხრეთ ამერიკელებს მოწინააღმდეგისთვის აღარ მიუციათ.

აშშ – განა 1:2

გოლები: ბოატენგი,5(0:1); დონოვანი,62-პენ.(1:1); გიანი,93(1:2)

ეს მატჩიც სწრაფი გოლით დაიწყო და არც მას ჩაუვლია მეკარის შეცდომის გარეშე. ბოატენგმა კონტრშეტევისას დაბალი ბურთი დაურტყა ამერიკელებს და ჰოვარდმა ახლო კუთხეში გაუშვა. იანკებისთვის მოულოდნელ დასაწყისს თავგზა არ უნდა აებნია, ისინი ხომ მიჩვეულნი არიან მეტოქის დაწინაურებას და მერე იციან მობილიზება. სლოვენიასთან, სულაც, 2-ბურთიანი ჩამორჩენა გააბათილეს. თუმცა, ამერიკელთა უბედურება ის არის, რომ შეზარხოშებული ქართველი აზნაურივით უმოწყალოდ ფანტავენ და ფლანგავენ ბოძებულ შანსებს. ამდენი საგოლე მომენტის გამოუყენებლობას ვისთვის დაუყრია ხეირი, რომ მათთვის მოეტანა სარგებელი? თუმცა, ქარს გატანილი შანსების მიუხედავად ამერიკელები მაინც ჯიუტად იწევდნენ მეტოქის კარისკენ და დაუფასდათ კიდეც გარჯა. მონსამ საჯარიმოში შეჭრილი დემპსი აკრძალული ილეთით დასცა და არბიტრმაც 100% პენალტით დასაჯა აფრიკელები. საპანალტე ნიშნულთან დონოვანი მივიდა, ფაქიზად გაასწორა ბურთი, უკან გაიმანძილა და გამორბენამდე, რატომღაც, ჩაცუცქდა. როგორც ჩანს, ნერვების დაოკებას ცდილობდა ამერიკელთა ათიანი. ბოლოს მაინც ზუსტი გამოუვიდა დარტყმა, მაგრამ წკიპზე იყო დონოვანი 11-მეტრიანის გაფუჭებასთან – ბურთი ძელმა აისხლიტა და ისე აღმოჩნდა ბადეში. წარმატებით ფრთაშესხმულ ამერიკელებს შეეძლოთ მოეთავებინათ ხელი განელებისთვის, მაგრამ ზედმეტად გაპიარებულმა ალტიდორმა ვერ აჯობა აფრიკელთა გოლკიპერს და თანაგუნდელებს შრომა წყალში ჩაუყარა.

პირველი დამატებითი დრო ამ მუნდიალზე. განამ ისეთივე აღმაფრენით დაიწყო ოვერ-ტაიმი, როგორც მატჩი და ასამოა გიანმა გააკეთა ის, რაც ვერ შეძლო ალტიდორმა – მას მეტი ოსტატობა აღმოაჩნდა და ზუსტად დაურტყა ჰოვარდს. ამერიკელები ისევ მიაწყდნენ განელთა საჯარიმოს, მაგრამ გამარჯვება ვეღარ გამოგლიჯეს ხელიდან მეტოქეს და მუნდიალს დაემშვიდობნენ. განა 1\4 ფინალში(?!). ეგრეა, იტალია და საფრანგეთი სახლებიდან უყურებენ ჩემპიონატს და მათ საომარს მინდვრებს სხვები თელავენ. ყოჩაღ აფრიკელებს, მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს. ახლა საკითხავია, სადამდე გააღწევენ განელები. მათი მომდევნო მეტოქე ურუგვაის ნაკრებია და სულაც ვერ ვიტყვით, რომ ფორლანი და კომპანია უპირობო ფავორიტები არიან ამ დაპირისპირებაში. ნურავის გაუკვირდება, თუკი მუნდიალს შემორჩენილი ერთადერთი აფრიკული გუნდი ამ ბარიერსაც გადალახავს და 1\2 ფინალამდე მიაღწევს. იქიდან კი მსოფლიო თასამდე ერთი ნაბიჯია.