რწმენა გამარჯვებას მოაქვს, გამარჯვება კი - რწმენას - კვირის პალიტრა

რწმენა გამარჯვებას მოაქვს, გამარჯვება კი - რწმენას

1/8 ფინალი

ჰოლანდია – სლოვაკია 2:1

გოლები: რობეი,18 (1:0); სნეიდერი,84 (2:0); ვიტეკი,93 (2:1).

ნიდერლანდების მეტოქე მერვედფინალში იტალიის ძლევით მოხვდა. ეს უკვე გმირობის ტოლფასი იყო მათთვის და არც ახლა ჰქონდათ რაიმე დასაკარგი, როცა ჰოლანდიელთა წინააღმდეგ გამოვიდნენ მინდორზე. თუმცა, პირველ ტაიმში სლავებმა ვერ იქნა და ვერ ირწმუნეს, რომ რწმენა გამარჯვებას მოაქვს, გამარჯვება კი - რწმენას. მსოფლიო ჩემპიონებთან მოგება მათთვის ასევე დარჩა – წარმატება სენსაციის სფეროდან. სხვანაირად ვერ აიხსნება მათი რიდი ჰოლანდიის მიმართ და საკუთარი ძალებისადმი უნდობლობა დებიუტში. ერთი-ორჯერ კი გაისროლეს შორიდან მეტოქის კარისკენ, მაგრამ არ სჯეროდათ, რომ კიდევ ერთი გრანდის ჩაჩოჩება შეეძლოთ და ამ ქვეცნობიერ შიშს ეწირებოდა მათი მოკრძალებული ამბიციები. ჰოლანდიამ იგრძნო ფსიქოლოგიური უპირატესობა და მარწუხები მალევე მოუჭირა მეტოქის დაცვას. ჯერ სნეიდერმა სცადა სამიზნის გასწორება, მერე კი რობენმა გაილაღა მარჯვენა ფრთაზე, საფირმო დრიბლინგი ჩაატარა, ცენტრში შეწია და გამოზომილი დარტყმით ჩასვა ბურთი სლოვაკიის კარის დაბალ კუთხეში. რა თქმა უნდა, არ მიეკუთვნებოდა ეს გოლი უსაშველოთა კატეგორიას, მაგრამ ვერც მცველებმა და ვერც გოლკიპერმა საფრთხე ვერ უკუაგდეს. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო და რაც აქამდეც არაერთხელ გვიჩვენა ნიდერლანდიის კრებულმა. მათ ბურთის "გაკატავება” დაიწყეს და ტემპი მიანელეს. ერთადერთი საფრთხე, რასაც ჰოლანდიელები ელოდნენ, სლოვაკთა მეგოლის ვიტეკის მხრიდან იყო მოსალოდნელი და უნდა ითქვას, რომ იგი მშვენივრად გააუვნებელყვეს. პირველი ნახევარი ისე მიილია, რომ სლავთა ბომბარდირს არაფერი დასამახსოვრებელი არ შეუქმნია.

 

მეორე ტაიმის დებიუტიც პირველის იდენტური გამოდგა. ისევ რობენმა იაქტიურა და ააღელვა მაყურებელი. ჯერ თავად დაარტყა და ბეწვზე გადარჩა სლოვაკია, მერე კი მატიასენს შეუქმნა იდეალური მომენტი კარის ასაღებად, მაგრამ თანაგუნდელმა გარჯა ვერ დაუფასა. შლოვაკები, როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ სტატისტების როლში ყოფნით ულაპარაკოდ ჰქონდათ გამოწერილი სახლის ბილეთები და ხელი გამოიღეს. მოდუნებული და თავდაჯერებული ჰოლანდიელები ამას არ მოელოდნენ და მათ საჯარიმოში შავი ღრუბელი ჩამოწვა. ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან სლავები და რომ არა ეინდჰოვენის გოლკიპერი სტეკელენბურგი, მორიგ სენსაციასაც გამოაცხობდნენ. ვერ დაიჯერეს მეთქი, აკი ვთქვი, სლოვაკებმა საკუთარი ძალების და დაისაჯნენ კიდეც. ჰოლანდიელებმა მიიჩნიეს, რომ ასეთი სიუჟეტი კარგს არაფერს უქადდა მათ ფავორიტობას და გადაწყვიტეს ყველაფრის მომთავრება. კარგადაც გამოუვიდათ: კუიტი ლივერპულულად გაიქცა, მეკარე ჩამოიტოვა და ზუსტად უპასა სნეიდერს, რომელმაც გამარჯვების ჩეკი გამოწერა. ბოლოსკენ სლოვაკიამ წაიფაფხურა და ზედ საფინალო სასტვენის წინ ერთი "გაჯახუნების” გოლი გაიტანა. ჰოლანდიალებმა ბურთის ბადიდან გამოტანა და პატარა შეშფოთება მოასწრეს, მაგრამ პან გი მუნივით მალევე გადაუარათ ნერვიულობამ და მორიგი გამარჯვებით კმაყოფილებმა და ენერგიაშემონახულებმა გასახდელს მიაშურეს. თუმცა, აქამდე თამაშ-თამაშით მოსულებს მეოთხედფინალში ისეთი გამომცდელი ჰყავთ, ძალთა დაზოგვა და ნაკლები ოფლის გამოშვება ვეღარ უშველით. 2 ივლისს ბრაზილიასთან მოუწევთ იმის დამტკიცება, თუ რა შეუძლია მათთვის ავანსად გაცემულ ფავორიტის სტატუსს და იმისაც, რომ აქამდე ალაგ-ალაგ ნაჩვენები გამართული ფეხბურთის ჩვენება არა მარტო ცალკეულ ეპიზოდებში შეუძლიათ, არამედ 90 წუთის(იქნებ მეტი დროის)მანძილზეც.

 

ბრაზილია – ჩილე 3:0

გოლები:ჟუანი,34 (1:0); ლუიშ ფაბიანო,38 (2:0); რობინიო,59 (3:0)

ბოლო წლებში ბრაზილიელებს შტამბეჭდავი სტატისტიკა აქვთ ჩილეს ნაკრებთან. უკანასკნელ ექვს შეხვედრაში ბურთის ჯადოქრებმა სამ გოლზე ნაკლები არც ერთში არ აკმარეს მეტოქეს. შესარჩევშიც ორჯერ მოუგეს 3:0 და 4:2. 1\8 ფინალშიც გადაიკვეთა მათი გზები მუნდიალზე. 1998 წელს, საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიამ 4:1 დაამარცხა ჩილე. გოლების სიუხვე წუხელაც განმეორდა და ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა – ბრაზილიამ კვლავ იმარჯვა.

 

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჩილეს ნაკრების თამაშს გულგრილი არავინ დაუტოვებია. ისინი მშვენივრად გამოიყურებოდნენ ჯგუფურ ეტაპზე და რაც მთავარია, ლამაზი და გახსნილი ბურთაობით მოინადირეს გულშემატკივრის გული. ბრაზილიასთან დაპირისპირების წინ კი ბიელსას გუნდი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთი, რომ ტრადიციულად უხერხულ მეტოქესთან უწევდათ ბრძოლა და მეორეც – ესპანელებთან შერკინებაში იმდენი და ისეთი მნიშვნელობის დანაკარგი ჰქონდათ დისკვალიფიცირებული, წამყვანი ფეხბურთელების სახით, რომ ფაქტობრივად, წინასწარ იყვნენ განწირულები. და მაინც, ჩილემ ღირსეულად ითამაშა. განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ბრაზილიამ კი მათზე გაცილებით აკადემიურად და დამაჯერებლად. ეს გუნდი აღარ არის მხოლოდ ლაღი შეტევის მიმდევარი. დუნგამ მათ დაცვაც ასწავლა და როცა ამ პრაგმატულობას ბრაზილიური `აფეთქებები” ემატება, წარმატებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება. ასე იყო ამჯერადაც, პირველი ნახევარი საათი დუნგას ბიჭებმა მშვიდად აგორეს ბურთი და ნელ-ნელა გაუშინაურდნენ ჩილელთა საჯარიმოს. გოლი მხოლოდ დროის საქმე იყო და ეს წუთიც დადგა: კუთხურიდან ჩაწოდებულს ჟუანმა ოსტატურად დაჰკრა თავური და შეჭედა კიდეც ბურთი ცხრიანში. თამაში გაიხსნა და ოთხ წუთში ნამდვილი ბრაზილიური აფეთქება მოჰყვა: კლასიკური კომბინაცია, სწრაფი დრიბლინგით შეზავებული საფეხბურთო აზროვნება, რომელსაც დიდოსტატური აკორდი დაუსვა კაკამ – წამის მეასედებში გაკეთებული დასკვნა და დროული ბოლო პასი (რის გაკეთებაც ასე უჭირთ ფეხბურთელთა უმეტესობას) თამაშგარის ზღვარზე მყოფი ფაბიანოს მისამართით. წამის დაგვიანება საგოლე გადაცემის ავტორის ანდა ნახევარი ნაბიჯის დროზე ადრე გადადგმა მეგოლისთვის ნიშნავდა იმას, რომ შეტევა იშლებოდა. იდეალურად შესრულებული პასის შემდეგ კი ბრაზილიელთა ბომბარდირმა მეტოქე ბრაზილიური ტექნიკით სულ იოლად დააშამათა. 2:0 ასეთ თამაშში და ძალთა ასეთ განლაგებაში 99,9% პროცენტიანი გამარჯვება იყო და ჩილეს შეეძლო მხოლოდ პუბლიკაზე ეთამაშა. იმიტომაც გაახალისა მეორე ტაიმი მეტოქეთა ლამაზმა თამაშმა. ჩილეს ნაწილობრივ გამოუვიდა ჩანაფიქრი და ამაში უიღბლობასაც მიუძღვის გვარიანი წვლილი, თორემ მათ მოქმედებას სილამაზე და მაღალი ტექნიკის დემონსტრირება არ დაჰკლებია. ახლა, ბრაზილიას რომ ქუსლებით დაუწყებ გამოწვევას, მისასალმებელია, მაგრამ ისიც რომ `წამოეგება ანკესზე” და უარესს იზამს, რად უნდა ამას ლაპარაკი? მხოლოდ, ანკესზე წამოგება მონადირის ხელში ჩავარდნას არ ნიშნავს მუდამ და იქნებ იმისთანა დიდიც აღმოჩნდეს პოტენციური მსხვერპლი, რომ მეთევზეს ხელი ანკესიანად მიაჭამოს. ასეთი ზვიგენის როლი რამირესმა შეასრულა. შეტევის იშტაზე მოსული ჩილეს უკანა რიგებში რომ ნაპრალები გაჩნდებოდა, ამას დუნგა კი არა ბავშვების მწვრთნელიც მიხვდებოდა. რამირესმაც ეს ხვრელი დალანდა, წარმოუდგენელი სისწრაფის სლალომით ჩაიდრიბლინგა მეტოქის შეთხელებულ რიგებში და მიართვა ზუსტი ბოლო პასი რობინიოს. დამამთავრებელი დარტყმაც სუფთა ბრაზილიური გამოდგა: რობინიომ წამსვე შეაფასა სიტუაცია და ისიც, რომ ბურთის დამუშავებას არავინ აცლიდა, ერთი შეხებითვე ჩაახვია ბურთი შორეული კუთხისკენ და საზეიმო სამბაც დამსახურებულად იცეკვა.

 

ერთი სიტყვით, რაც გუნდებმა სიფრთხილე და `მშრალი” ფეხბურთი გვიჩვენეს ჯგუფებში, ერთი-ორად დახუნძლეს გატანილი გოლებით მერვედფინალები. თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი, ნამდვილად ლამაზი ფინიშის მომსწრენი გავხდებით და მეტი რა უნდა გულშემატკივარს?