როცა ესპანელები იშტაზე არიან, მათთან ვერაფერს გახდები - კვირის პალიტრა

როცა ესპანელები იშტაზე არიან, მათთან ვერაფერს გახდები

1/8  ფინალი

ესპანეთი – პორტუგალია 1:0

გოლი: ვილია,62(1:0)

ევროპის ჩემპიონი თავისი ”მსოფლიო კოლეგისგან” განსხვავებით მწვერვალისკენ მიიწევს. სადებიუტო მარცხის შემდეგ დელ ბოსკეს შეგირდები გონს მოეგნენ და უკვე მესამე გამარჯვება მოიპოვეს. ბოლო მათგანს უფრო დიდი ფასი აქვს, ვინაიდან პორტუგალიის ძლიერ კრებულთან წარმატებამ ესპანელებს 1\4 ფინალის საგზური მოუტანა.

დელ ბოსკეს ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავდა, განსხვავებით კეირუშისგან, რომელსაც რონალდოს შემდეგ ყველაზე დიდი მნიშვნელობის ფიგურა – დეკუ გამოაკლდა. ვარაუდობდნენ, რომ ტრავმირებულ პორტუგალიელს, შესაძლოა, მოესწრო კიდეც გამოჯანმრთელება ესპანელებთან მატჩის წინ, მაგრამ მაინც ვერ ეღირსებოდა მინდორზე გამოსვლას. ამის მიზეზი კი მის მიერ მწვრთნელის საჯარო კრიტიკა გახლდათ. კეირუშმა ენამოუწესრიგებელი ვარსკვლავი შემადგენლობას ჩამოაცილა და იქნებ ამ ნაბიჯით გზაც ჩაიხერგა წინსვლისთვის. მარტო რონალდოს ოსტატობა კი არ ეყო პორტუგალიის ნაკრებს. რონალდო, უდავოდ, დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ის არ არის უდიდესი, მსგავსად მარადონასი, რომელმაც მარტოდმარტომ ათრია არგენტინის ნაკრები ზედიზედ ორ მუნდიალზე. ამ სიტყვების ჭეშმარიტება ესპანელებთან ნათლად გამოიკვეთა. პირინეელებს ისედაც არ დაეწუნებათ უკანა ხაზი და მოწინააღმდეგის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელს რომ რკინის მარწუხებით შეკრავდნენ, იოლი მისახვედრი იყო. კრიშტას ჯერ ბუსკეტსი ხვდებოდა გზად და უღობავდა კასილასისკენ მიმავალ ხვრელებს, ხოლო ”საკონტროლო გასროლას” ესპანელთა შორის ყველაზე თავგამეტებული დაცვის ბურჯი – პუიოლი ახდენდა და საჭიროების შემთხვევაში  ბუსკეტსის დამზღვევის როლი ეკისრებოდა. ამ სქემამ მთელი მატჩის მანძილზე შესანიშნავად იმუშავა. ასეთ შემთხვევაში, რონალდოს პარტნიორებს უნდა ესარგებლათ მათი ლიდერის მიმართ გამოჩენილი ყურადღებით მიღებული შეღავათებით, მაგრამ ვერ ივარგეს და ამის მიზეზი ისევ ესპანელთა გამართული თამაში გახლდათ. დელ ბოსკეს ბიჭებმა თავიდანვე გადაწყვიტეს გამარჯვებისთვის საფუძველის ჩაყრა, მაგრამ მაგრად დადგა პორტუგალიელთა გოლკიპერი ედუარდო. აქამდე მას მშრალად შეენახა თავისი კარი და არც ესპანელებთან ფიქრობდა თეთრი ხელთათმანის გადმოგდებას. ყოველ შემთხვევაში, პირველ ტაიმში შეძლო კარის უსაფრთხოების დაცვა და პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. სასტარტო ზეწოლის გადატანის შემდეგ პორტუგალიელებმა პრესინგის მეოხებით მოახერხეს მოვლენების ცენტრალურ ზონაში ”გადართვა” და მეტოქის კარსაც მოუსინჯეს ”კბილი”.  ვერ გეტყვით რისი ბრალია, მაგრამ ესპანელთა და საერთოდ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე კასილასი, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებელია მთელ რიგ ეპიზოდებში და თუ რაიმე არ გამოსწორდა ამ მხრივ, ეს ამბავი ვაითუ, ძვირად დაუჯდეთ ესპანელებს. ორ ეპიზოდში იკერმა უხერხულად მოიგერია ბურთი, რაც მას ადრე არ სჩვეოდა და პორტუგალიელებს რომ ემარჯვათ, გოლის გატანაც შეეძლოთ.

მეორე ნახევარში ესპანელებმა ბრწყინვალე დროის მონაკვეთი გამოაცხვეს, რამაც გამარჯვების გოლი მოიტანა. ჯერ ლორენტემ შემოსვლისთანავე დასცხო ჩაწოლილი თავური, მაგრამ ედუარდომ ფანტასტიური რეაქციით იხსნა კარი, მერე ვილიამ ჩვეულად ჩაუხვია შორეული კუთხისკენ და ამჯერად პორტუგალია იმან გადაარჩინა, რომ ბურთი კარს ასცდა. სამაგიეროდ მომდევნო შეტევისას, ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. ვილიამ ისევ იაქტიურა, მშვენიერი ქუსლური გადაცემა მიიღო ინიესტასგან და ედუარდოს პირისპირ დარჩა. ძალიან არ უნდოდა პორტუგალიელთა გოლკიპერს მშრალი სერიიის დარღვევა და ესპანელთა საუკეთესო ბომბარდირის პირველი დარტყმა მოიგერია, მაგრამ ვილიამ მეორეც დაუნაცვლა და...1:0

ეს მატჩის კულმინაცია იყო და რაკიღა ანგარიში გახსნეს, ესპანელებმა თავი ისე იგრძნეს, როგორც თევზებმა მხიარულად მოჩხრიალე მდინარეში. მათი მხიარულება კი იმაში გამოიხატება, რომ დიდებულად ფლობენ ბურთის დაჭერის ხელოვნებას და ძნელად რომ ამ საქმეში ბადალი მოეძებნოთ .ხავი და ინიესტა როცა ბურთს გააგორებენ და ტემპის რეგულირება ევალებათ, იქ დამთავრებულია ყველაფერი მეტოქისთვის. ერთხანობა, ბურთი დაუმალეს პორტუგალიელებს და რა აღარ სცადა კეირუშმა – პრესინგი, სისწრაფე, ცვლილებები – არაფერი აღარ გამოუვიდა, ესპანეთმა მოპოვებული უპირატესობა ნებით აღარ დათმო და ძალით კი, როცა პირენეელები იშტაზე არიან, მათთან ვერაფერს გახდები. თამაშიც ისე მორჩა, რომ ფაქტობრივად, არც მისცემია თამაშის გადარჩენის შანსი რონალდოს და კომპანიას. მომდევნო ეტაპზე გავიდა ის გუნდი, რომელიც ამას მართლაც იმსახურებდა.

პარაგვაი – იაპონია 0:0(პენალტებით 5:3)

ის ფაქტი, რომ ამ გუნდებიდან ერთ-ერთი 1\4 ფინალში აუცილებლად მოხვდებოდა, ცოტა არ იყოს, ხასიათს უფუჭებდა გულშემატკივარს და ეს მიუხედავად იმისა, რომ პარაგვაიმ იტალიის კუთვნილი ადგილი დაიკავა, ხოლო იაპონიამ დანიის. დამსახურებას არავინ უკარგავს, მაგრამ მათი გაღწევა შემდგომ ეტაპზე რომ ჯგუფის ფავორიტების უსუსური თამაშის შედეგი იყო, ეს ხომ ცხადია? შესაბამისად, მოულოდნელი საჩუქარი ორივემ იმისთვის გამოიყენა, რომ საკუთარი ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაეწერათ. პარაგვაიმ ეს მოახერხა, ვინაიდან ამ ქვეყნის ნაკრები არასოდეს გასცდენია მუნდიალების მერვედფინალურ სტადიას. მატიანეს ოქროს ასოებიც იმიტომ გამოეკვართათ სამხრეთ ამერიკელებს, რომ მათი მეტოქე იაპონია გამოდგა. უამბიციო გუნდების დაპირისპირება - ასე დავარქმევდი მათი მონაწილეობით ჩატარებულ მერვედფინალურ მატჩს. გადაჭარბებული სიფრთხილე, მხოლოდ და მხოლოდ შედეგზე თამაში, მეტოქის შეცდომის ლოდინი და არა საკუთარი ოსტატობის იმედი...შედეგად ყოვლად უინტერესო და უსახური მატჩი გამოდგა, მითუმეტეს, აქამდე გამართული მერვედფინალების ფონზე. რა თქმა უნდა, დაძაბულობა ამ მატჩს არ აკლდა და ეს სრულიად ბუნებრივი იყო, მაგრამ დაძაბულობასაც აქვს თავისი ლამაზი ეპიზოდები. განა ნაკლებად დაძაბული იყო ესპანეთ-პორტუგალიის შეხვედრა, მაგრამ გადავსებული გახლდათ საგოლე თუ სხვა ლამაზი საფეხბურთო ჩანართებით, რაც საერთოდ აკლდა პარაგვაისა და იაპონიის ”ტანჯვა-წამებას”. ეს იმიტომ, რომ ამ წყვილს აკლდა უმთავრესი, რაც ქმნის სილამაზეს მწვანე მინდორზე – კლასი და საშემსრულებლო ოსტატობა. კიდევ კარგი, გამარჯვებულის გამოსავლენად არსებობს პენალტების სერია, თორემ ისინი უსასრულოდ გააგრძელებდნენ ამ ”სვარკის” დემონსტრირებას და დროს უქმად დააკარგვინებდნენ  მაყურებელს. 11-მეტრიანების ლატარეაში იღბალმა პარაგვაის გაუღიმა და ეს გუნდი 1\4 ფინალში გაძვრა. ალბათ ეს იყო მათი მაქსიმუმიც, ვინაიდან წინ ესპანელები ელოდებიან და თუ მთლად არ დაიქცა ქვეყანა, სამხრეთ ამერიკელები ისევე ვერ იხილავენ შემდგომ ეტაპს, როგორც საკუთარ ყურებს.