განას იღბალმა უგანა - კვირის პალიტრა

განას იღბალმა უგანა

1/4  ფინალი

განა – ურუგვაი 1:1 (2:4-პენალტებით)

გოლები: მუნტარი,47(1:0); ფორლანი,55(1:1)

ბრაზილიიისა და ჰოლანდიის შერკინების მერე ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ამ მატჩში ისეთი დრამა გათამაშდებოდა, აქამდე რომ არ ყოფილა მუნდიალზე. ვინც ბოლომდე გაძლო ტელევიზორებთან, ნამდვილად არ უნანია, რადგან უკეთესი დამაინტრიგებელი სიუჟეტის ნახვა თვით ვენესუელურ სერიალებს მიჯაჭვულ საქართველოს ტელევიზიებსაც კი არ მოსწრებიათ. ბოლო წამს გაფუჭებული პენალტი, ლიდერის გაძევება, დაწყეტილი ნერვები და ნამდვილი სასწაული – ასეთი რამ იშვიათი ხილია ნებისმიერ მუნდიალზე.

ბევრი ამბობდა, რომ ურუგვაის გაუმართლა, როცა შედარებით იოლი გზა შეხვდა წინსვლისთვის. რა თქმა უნდა, კორეისა და განის წინააღმდეგ თამაში ჯობია არგენტინის და ესპანეთის ხახაში მოხვედრას, მაგრამ ეს მსოფლიო ჩემპიონატია და ამ სტადიაზე სუსტი გუნდები, უბრალოდ, არ ხვდებიან. ურუგვაის სულ სხვა რამეში გაუმართლა – ეს იყო საფეხბურთო ფორტუნის 100%-ანი თანადგომა, თორემ განის ნაკრები არავისთვის არ არის "კანფეტი” და ეს ამბავი კიდფევ ერთხელ დამტკიცდა წუხანდელ შეხვედრაში.

ასე თუ ისე, ურუგვაი მაინც ფავორიტად ითვლებოდა ამ მატჩში და როგორც სტატუსს შეეფერება, ისე დაიწყეს კიდეც სამხრეთ ამერიკელებმა შეხვედრა. ტაბარესის ბიჭები ცდილობდნენ ძირითად დროშივე მოეთავებინათ საქმე და საამისოდ ძალ-ღონე არ დაუშურებიათ. ისინი ალალად გამოიმუშავებდნენ კუთხურებს და საჯარიმოებს, რომელსაც ძალიან მწვავედ ასრულებდა დიეგო ფორლანი, მაგრამ საგოლე სიტუაციებამდე მაინც ვერ "ქაჩავდა” ურუგვაის ნაკრები. სუარესი აქტიურობდა კიდევ და ორჯერ შეაწუხა კიდეც განელთა ეგზოტიკური გოლკიპერი, მაგრამ ბურთმა არ ინება ბადეში გახვევა. ის, რაც ვერ გააკეთა ურუგვაიმ, სრულიად მოულოდნელად გამოუვიდა განას. მუნტარიმ თავისებური არაორდინალურობით იმოქმედა და შორიდან სწყიტა კარის მიმართულებით ტაიმის უკანასკნელ წამებზე. მოხდა ის, რაც ემართებათ საშუალო დონის მეკარეებს "ჯაბულანის” გადამკიდე. მუნდიალის ოფიციალური ბურთი, როგორც სჩვევია, უცნაური ტრაექტორიიით გაფრინდა, მერე სიღნაღის "კრუგებივით” მიუხვ-მოუხვია და ვიდრე მუსლერა ალღოს აუღებდა, კარში აღმოჩნდა. ეგეც შენი ფავორიტი ურუგვაი!..

მეორე ტაიმში ურუგვაი დიდი ძალებით ეკვეთა აფრიკელთა საჯარიმოს და ახლა განელთა მეკარე გახდა ამ უცნაური ბურთის მსხვერპლი: ფორლანმა საჯარიმოს კუთხიდან დააბზრიალა ბურთი("ჯაბულანს” თუ კიდევ დაბზრიალება უნდა!) და ისეთივე ჩახლართულ-დაგრეხილი ტრაექტორია გაუშვა, რაც მუნტარმა. განელთა მეკარე რწყილივით ახტა, დახტა, ბურთი კი აფრიკელთა კარში ჩახტა! ამის შემდეგ "პინგ-პონგი” დაიწყო. ხან ერთი გუნდი უტევდა, ხან მეორე და გოლებსაც აღარაფერი უკლდათ, მაგრამ საყაიმო ანგარიში მაინც უცვლელი რჩებოდა. სუარესს ჰქონდა დიდებული შანსი კარის ასაღებად, მაგრამ ფორლანის მშვენიერ პასს ზუსტი დარტყმა ვერ შეაგება. იქით ბოატენგმა დაჰკრა "მაკრატელა”, მაგრამ კარს ააცილა. მოკლედ, ძირითადი დროის ბოლო ათწუთეულამდე გუნდები ძალიან მწარედ იჩხვლიტებოდნენ. რაკიღა მათი სურვილები შედეგში არ აისახა, ბოლო წუთებზე სიმძლავრეები დააგდეს და თამაშიც ოვერტაიმში გადავიდა.

უნდა ითქვას, რომ აფრიკელებს დამატებით დროში მეტი ჯანი და ენერგია შერჩათ. მაგათ, ეტყობა, ელენთები ამოჭრილი აქვთ და მეორე სუნთქვა გაეხსნათ, ურუგვაი გაძლებაზე იყო და იგრძნობოდა, რომ პენალტებამდე უნდოდა თამაშის მითრევა. გაძლეს კიდეც, მხოლოდ დამატებითი დროის უკანასკნელ წუთამდე. აი, აქ დადგა ამ მატჩის და საერთოდ, ამ მუნდიალის ყველაზე კულმინაციური დრამის გათამაშების დრო(ჯერჯერობით ასეა!).  განელებმა მშვენიერი შეტევა განახორციელეს და თითქმის უეჭველი გოლიც უნდა გაეტანათ, მაგრამ ვერა და ვერ ააცილეს ბურთი ურუგვაელთა ერთ-ერთ ლიდერს სუარესს, რომელიც მცველთა დასახმარებლად იდგა კარში. ერთი დარტყმის მოგერიება სუარესმა ფეხით მოახერხა, მაგრამ როცა განელებმა იქვე დაუნაცვლეს მეორე, თავი გაიმეტა და ორივე ხელით მოიგერია ბადისკენ მფრინავი ბურთი. ყველაფერი ბოლო წამზე მოხდა. სუარესი მოედნიდან გააძევს და ურუგვაი პენალტით დაისაჯა. წარმოიდგინეთ ამ წამის დრამატიზმი: ერთი ზუსტი დარტყმა და განა ნახევარფინალში იქნება, ურუგვაის წყალში ეყრება მთელი შრომა, რაც ამ გუნდმა გასწია მუნდიალზე და საპნის ბუშტივით ქრება მათი ფავორიტობაც და უნიკალური შანსიც, 40 წლის მერე კიდევ ერთხელ იხილოს მუნდიალის ის სტადია, საიდანაც ერთი  ფეხის ნაბიჯიღაა ფინალამდე...

მაგრამ როცა არ ხარ განწირული, სასოწარკვეთას არ უნდა მიეცე არასოდეს. განელთა მთავარ მეგოლეს, ასამოა გიანს აქამდე ორი 11-მეტრიანი ჰქონდა ზუსტად დარტყმული და რასაკვირველია, ის მივიდა საპენალტე ნიშნულთან, გააცურა კიდეც მეკარე და ალბათ უკვე გმირის მანტიას იზომავდა საჟნიან ბეჭებზე, როცა ბურთი ხარიხას მოხვდა და განელთა ოცნებებიც ზედ შეამსხვრია!..

პენალტები როგორ არ გაუფუჭებიათ აქამდეც. ასამოა გიანი ვისი ტიკი-ტომარაა, როცა თვით მარადონას, ზიკოს და პლატინის უმტყუნათ ნერვებმა წარსულ მუნდიალებზე, მაგრამ გამოუყენებელი პენალტი დამატებითი დროის ბოლო წამზე, მაშინ როცა მსაჯის საფინალო სასტვენი პენალტის შესრულებასთან ერთად აკორდს სვამს და გამარჯვება ერთი ნაბიჯის მანძილზეა, აქამდე არ ყოფილა. ამიტომაც, ნუ განვსჯით განელთა ფორვარდს ძალიან მკაცრად, ასეთი ტვირთი მისი მხრებისთვის უმძიმესი ასატანი გამოდგა და დრამის უმთავრესი ვნებათაღელვაც მის გულზე და ნერვებზე გადავიდა. Aკი, ამიტომ იყო, რომ კინაღამ საკუთარი მაისური დაბდღვნა კბილებით...

პენალტების სერიაში პატარა დრამა მაინც გათამაშდა, როცა დასარტყმელად ისევ გაიწია ასამოა გიანმა. მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საქმე იყო პენალტის რეალიზება და დაამტკიცა კიდეც, რომ ძალიან მდგრადი ნერვების პატრონი ყოფილა. ბევრი ვერ დაიკვეხნის, რომ წუთის წინ გაფუჭებული პენალტის მერე, რის შემდეგაც მისმა გუნდმა ხელიდან გაუშვა 100%-ნი შანსი საკუთარი ქვეყნის ისტორიის გადაწერისა, ისევ გამოიჩინოს გამბედაობა და გაიმეტოს თავი მორიგი კრახისთვის. ეგ არის, რომ დანარჩენმა აფრიკელებმა ვერ მოთოკეს ნერვები და დამარცხდნენ. თუმცა, ეს მათ თავგანწირვას და ბოლომდე ბრძოლის უნარს იოტიოდენადაც არ უკარგავს მნიშვნელობას. პენალტების სერია ნამდვილი ლატარეაა, რომლის ბედიც ძირითადად იღბლის ხელშია და "ბედნიერ პერანგში” წუხელ ურუგვაის ნაკრები იყო შემოსილი.