ბრაზილია გავარდა! - კვირის პალიტრა

ბრაზილია გავარდა!

1/4  ფინალი

ჰოლანდია – ბრაზილია 2:1

გოლები: რობინიო,10(0:1); მელო,53 – ავტოგოლი(1:1); სნეიდერი,68(2:1)

გაძევება: მელო,73(ბრ.)

მსოფლიო ჩემპიონატების მუდმივი ფავორიტი და პლანეტის ყველაზე ტიტულოვანი ნაკრები ბრაზილია მუნდიალს დაემშვიდობა(!). უმაღლესი კვარცხლბეკისკენ მათ გზა გადაუღობა ბენტ ვან მერვეიკის გაწვრთნილმა ჰოლანდიის ნაკრებმა, რომელმაც ნებისყოფა და ვაჟკაცური ხასიათი გამოავლინა და წაგებული თამაში შემოატრიალა.

ნიდერლანდების თავკაცმა მატჩის წინ შოკში ჩააგდო საფეხბურთო სამყარო, როდესაც საჯაროდ განაცხადა, რომ მისი გუნდი ჩემპიონობისთვის იყო ჩამოსული(!). ენაზე მას არავინ ექაჩებოდა, თუმცა ბრაზილიასთან მატჩის წინ ასეთი თამამი განცხადება მაინც მოულოდნელი იყო. ეს რომ დუნგას ეთქვა, გასაგები იქნებოდა, რადგან ბრაზილიელებს, სულაც პირზე რძეშეუმშრალი ყმაწვილებით რომ იყვნენ ჩამოსულნი, მაინც დაფნის გვირგვინებში ჰგონიათ თავი და ოქროს მედლების გარდა არაფრის გაგონება არ სურთ. როგორც ჩანს, მერვეიკი პიროვნული სიმამაცითაც გამოირჩევა და ეს ბრაზილიელებთან დამტკიცდა კიდეც. მან არა მარტო თავის ბიჭებს აუმაღლა საბრძოლო ტონუსი, არამედ თავადაც ირწმუნა წარმატების, რადგან მატჩის მსვლელობისას წარბიც არ შეტოკებია.

არადა, დებიუტი ისეთი ჩანდა, რომ კაცი იფიქრებდა, ესენი სასეირნოდ არიან გამოსულნი მინდორზეო. თუმცა, პირველი შთაბეჭდილება მალევე გააქარწყლეს სამხრეთ ამერიკელებმა. სწრაფი კომბინაცია, რომელიც მათ ერთი შეხებით გაითამაშეს, კაკას მოხდენილი პასით და რობინიოს გოლით დასრულდა, მაგრამ ლაინსმენმა ბრაზილიელებს სამბას როკვა არ დააცადა. თუმცა, სულ რაღაც ორიოდ წუთში რობინიომ მაინც მიაღწია თავისას, მოედნის სიღრმიდან მელოს იდეალური გადაცემა მიიღო და ისე დაურტყა სტეკელენბურგს, თავიც კი არ აუწევია, როგორც ჩანს, წმინდა ბრაზილიურმა ინსტიქტმა თავისი გაიტანა და დუნგას გუნდი დაწინაურდა. ჰოლანდიელთა ცენტრალური მცველები, ხატოვნად რომ ითქვას, "ბალზე ისხდნენ და ტყემალს მიირთმევდნენ” ამ მომენტში. ან რა უნდოდა დაცვის ხაზში არიელ რობენს, ძნელი სათქმელია, ფაქტია, რომ ტაქტიკური სქემა სერიოზულად იყო არეული.

ჰოლანდიამ კონტრთამაშის აწყობა სცადა, მაგრამ ბრაზილიელები მედგრად დაუდგნენ. ეგ კი არა, ორი მშვენიერი საგოლე მომენტიც გაფლანგეს. ჯერ ჟუანმა ვერ დაარტყა ზუსტად და მერე კაკამ ჩაახვია შორეულ კუთხეში, მაგრამ ჰოლანდიელთა გოლკიპერმა დიდებულად ითამაშა და უეჭველი გოლი "გამოაძრო”. დაცვაში, ერთადერთი, ლუსიოს მოუვიდა პატარა ლაფსუსი, მაგრამ პარტნიორებმა დროულად დააზღვიეს და მსგავსი სისულელე ბრაზილიელებს პირველ ნახევარში აღარ მოსვლიათ. სამაგიეროდ მეორე ტაიმის განახლებისთანავე ავტოგოლი მიიღეს საკუთარ კარში და უიღბლობა სწორედ საგოლე გოლის ავტორს, მელოს შეემთხვა. თუმცა, ლომის წილი მის შეცდომაში ბრაზილიელთა გოლკიპერს ეკუთვნის, რომელიც კარიდან გამოიჭრა, მაგრამ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთის მოგერიება ვერ შეძლო და ანგარიში გათანაბრდა. ასეთი მოულოდნელი საჩუქრით ჰოლანდიელებმა გაილაღეს და ეს განსაკუთრებით რობენზე ითქმის. ძველ გულშემატკივრებს ახსოვთ ქართული კალათბურთის ვარსკვლავი ნიკოლოზ დერიუგინი რა დღეში ჰყრიდა მეტოქის ცენტრებს და როგორ ჰკიდებდა ფოლს-ფოლზე. რობენიც ზუსტად ასე იქცეოდა და თამაშის უმეტესი ნაწილი მართალია გაზონზე დაცემულმა გაატარა, მაგრამ სამაგიეროდ ბრაზილია კაცნაკლული დატოვა. ავტოგოლით საბოლოოდ აჭრილმა მელომ ერთ მომენტში ჰოლანდიელთა საუკეთესო ფეხბურთელის წაქცევა არ იკმარა და ისე გაუარ-გამოუარა ბუცებით, გეგონება საწნახელში იდგა ყურძნის საწურად. 10 კაცით დარჩენილმა ბრაზილიამ, რაც შეეძლო იომა, იბორგა და ძალაც არ დაუშურებია, მატჩის მიწურულს ზედიზედ სამი კუთხური მოაწოდა და ძალიან ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ მეტოქემ გაუძლო მათ გავეშებულ იერიშებს და ნახევარფინალში გააღწია.

მაგარი ყოფილა მერვეიკი, რას ერჩით, სიტყვა ნაწილობრივ უკვე შეასრულა კაცმა და აღარც ფინალია ერთი შეხედვით შორს. ვნახოთ, ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.